მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაასახელა ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ამ პოსტზე 1993-1998 წლებშიც მუშაობდა. ბატონი ნოდარი იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრება, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა უნდა გადალახოს:
- ეროვნული ბანკი აუცილებლად იქნება ქართული სახელმწიფოს აღმავლობის უპირველესი საფუძველი და ხელშემწყობი. ეროვნული ბანკი უნდა იყოს ქვეყნის ცენტრალური ბანკი და ბანკთა ბანკი. ამ ფუნქციებს ის ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო სუსტად ასრულებდა. ცენტრალურმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და საბანკო სისტემის გამართული ფუნქციობა. ამის მიღწევის იმედი და გარანტია რომ არ მქონდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებოდი ბატონი ბიძინას წინადადებას. მე ამ პოსტზე მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, სწორედ 1990-იან წლებში იქმნებოდა ქართული საბანკო სისტემა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით რთულ ვითარებაში იყო, ვიდრე დღეს არის.
- ბატონო ნოდარ, თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს ყველა ბანკის მამა, შეძლებს ამას ეროვნული ბანკი თქვენი ხელმძღვანელობით?
- დიახ, საკანონმდებლო დონეზე ეროვნულ ბანკს აქვს ორი მთავარი მიმართულება: ეს არის ქვეყნის ცენტრალური ბანკი და, ამასთანავე, ეს არის ბანკთა ბანკი. სწორედ - მეორე ფუნქცია ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს კომერციული ბანკების მამა. გული მტკივა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ დღევანდელი ეროვნული ბანკი დანარჩენ ბანკებს ცუდი მამინაცვალივით ექცეოდა.
- სხვათა შორის, ბატონმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა: ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს არაფერი დაუშავებია და რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდანო?
- კუბლაშვილს რომ ჰკითხოთ, არც მას დაუშავებია რაიმე, არც ქვეყნის პრეზიდენტს, არც ვანო მერაბიშვილს და არც ზურაბ ადეიშვილს. საერთოდ, "ნაციონალების" რომელ ლიდერს დაუშავებია რამე? ადამიანების ცოცხებით წამებაც თურმე სხვამ მოიგონა, გირგვლიანი და ვაზაგაშვილიც ისე მოკლეს, თურმე არავინ არაფერი იცოდა. ვისაც ამ ზღაპრებისა სჯერა, კი ბატონო, უსმინოს რას ბჟუტურობენ კუბლაშვილი და "ძმანი მისნი". როცა თანამემამულეებს შენი დანახვა აღარ უნდათ, რაღა ნამუსით ეპოტინები ან სკამს, ან თანამდებობას? როცა შენს თვალწინ ასეთი უბედურება ხდებოდა და ხმას არ იღებდი, ამის მერე მიწაზე როგორღა დადიხარ? კი ბატონო, ყველა ქვეყანაში ხდება გაუპატიურების მცდელობაც და გაუპატიურებაც, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება და ეს ჰააგის ტრიბუნალის განსახილველი საკითხია. დამისვით პირისპირ ბატონი კუბლაშვილი და საერთოდ დავავიწყებ ქართულად ლაპარაკს. თანაც ავუხსნი, რა დააშავა ეროვნული ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - გიორგი ქადაგიძემ.
- თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება ნამდვილად არ იქნება ადვილი პროცედურა.
- ვფიქრობ, რომ სწორია და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია საკანონმდებლო ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ერონული ბანკის პრეზიდენტის, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონტროლის პალატისა თუ აუდიტის სამსახურის უფროსის გადაყენება რთული პროცედურაა, თუმცა ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისს: თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არავის დევნას, მაგრამ თუ ადამიანი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და თავისი ნებით არ მიდის, მაშინ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა იძლევა შესაძლებლობას, რომ თანამდებობის პირი იმპიჩმენტის წესით, მაგრამ უკვე დანაშაულის ჩადენის მუხლით გასამართლდეს. დანაშაული კი თითქმის ყველა მათგანს აქვს ჩადენილი. ამიტომ, არ გინდა, ნებით წახვიდე? - კიდეც წახვალ და ციხეშიც მოხვდები.
- ესე იგი, შეგიძლიათ კანონით დაუმტკიცოთ, რომ დანაშაული ჩაიდინეს?
- რა თქმა უნდა! ეს მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება დანიშვნა-გადაყენების საკითხებს, კონსტიტუციაშიც და კანონშიც იმპიჩმენტის შესახებ. რასაკვირველია, ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, მაგრამ მისი შედეგი წინასწარ არის ცნობილი. "ქართუს" წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა მხოლოდ ერთი ბანკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - ეს იყო ქართული საბანკო სისტემის, ჩვენი ეკონომიკისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი იმიჯის საწინააღმდეგო ქმედებები. ამას სადაც საჭიროა, ყველგან დავამტკიცებთ მეც და ამ სფეროში გამოცდილი, კვალიფიციური იურისტებიც.
- ბატონო ნოდარ, რას ამბობს დღეს ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში? მათ შორის ასახელებენ ბიზნესვუმენ ლაურა ღაჭავასაც...
- ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ უსინდისო ქმედებით ფონს ყოველთვის გავლენ. თქვენი თვალით ნახავთ, ქალბატონი ღაჭავა რა წმინდანივით წარდგება საზოგადოების წინაშე, თუ მის ლაპარაკს საფუძვლიანად არ გააანალიზებთ. ასეთი ხალხი მარტო "ქართუ ბანკს" კი არ ებრძვის, მათი ქმედებები ქვეყანას ანგრევს. სხვათა შორის, დღეს ჩემთან სტუმრად იყვნენ ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელები, რომლებსაც პირდაპირ განვუცხადე: ეს იყო ამორალური, უღირსი საქციელი, როდესაც ხელისუფლება ანგრევდა ქართულ საბანკო სისტემას და მის ეკონომიკურ საფუძვლებს, თქვენ კი ჩუმად იყავით-მეთქი. როგორ, გაჭირვებული, გაღატაკებული ქართველი ხალხი უნდა იბრძოდეს ქვეყნის აღმშენებლობისათვის, ის კი, ვინც გამდიდრდა, ფულს უნდა გადაეფოფროს? როცა ქვეყანაში რაღაც ფუჭდება, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ამას წინათ ვთქვი, რომ არ უნდა არსებობდეს არც საბანკო ასოციაცია იმ ფორმით, როგორც დღეს არის და არც ერთი ბიზნესასოციაცია, რომელიც ხელისუფლების ჯიბის ინტერესებს ემსახურება. თუ ამ ასოციაციებს ბიზნესმენები ირჩევენ, კეთილი ინებონ და ისეთი ხალხი აირჩიონ, ვინც კბილებით დაგლეჯს ხელისუფლებას, როცა ის უკანონოდ დაემუქრება კერძო საკუთრებას და ბიზნესს. აი, ასეთი ბიზნესასოციაცია გვჭირდება და არა ისეთი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს იჭერს და მის ჯიბეშია მოკალათებული.
- ბატონო ნოდარ, გაქვთ იმედი, რომ არსებული ხელისუფლება თუნდაც კანონის ჩარევით დათმობს ეროვნულ ბანკს?
- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აპირებდა, დაეთმო არჩევნები? - არ აპირებდა და ქართველმა ხალხმა დაათმობინა. ხელისუფლების ნახევარი საზღვარგარეთ გაიქცა, ესენი კი გამოდიან და რაღაცებს ამტკიცებენ? ვიდრე სულ მარტო არ დარჩები, ვერ უნდა მიხვდე, რომ დამარცხდი? ბატონმა ბიძინამ მათ გენიალურად უთხრა - არ მოგექცევით ისე, როგორც იმსახურებთო და ეს შანსი ხომ უნდა გამოიყენონ?
- თუ გქონდათ შეხვედრა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან?
- როგორც ვიცი, გიორგი ქადაგიძეს მდივანი გაფრთხილებული ჰყავს - არ დამაკავშირო ნოდარ ჯავახიშვილთანო. ისიც შევიტყვე, რომ ქადაგიძეს ჩემთან შეხვედრა აუკრძალეს. მაქვს ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება სურდა, მაგრამ უკვე დაწერილი განცხადება სააკაშვილმა თავზე გადაახია, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად მართალია. ჩვენ კი, ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ არის ჩადენილი, სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს. ყველა ამ საქმეში ავტომატურად გამოიკვეთება არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი მონაწილეობაც და თავისუფალი სასამართლო ყველაფერს გაარკვევს. როგორ გგონიათ, აღსრულების ეროვნული ბიურო ებრძოდა "ქართუ ბანკს"? ნათია მოგელაძე იყო დაინტერესებული, რომ "ქართუ" ბანკი დაეჯარიმებინა და დაექცია? არა, ბატონო, სულ არ აინტერესებდა ნათია მოგელაძეს ნოდარ ჯავახიშვილი, ისე იცხოვრებდა სამას წელიწადს, რომ არც კი გამიცნობდა. ისინი დავალებით მოქმედებდნენ და ვინ ავალებდა? ვინ იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე - ნათია მოგელაძე? - ალბათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მკითხველსაც არ გაუჭირდება.
- დასასრულ, ბატონო ნოდარ, როდის გიხილავთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად?
- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რატომღაც მგონია, რომ ოქტომბრის ბოლომდე ბევრი რამ გადაწყდება, მაგრამ თუ სამართლებრივი პროცედურების გავლა მოგვიწევს, ოქტომბერში ყველაფერი ვერ მოესწრება. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც და ქვეყნის პეზიდენტიც თვითონ ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ომის წაგების შემდეგ მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს?!
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)