"მე დავარწმუნე ჯეიმს აპატურაი, რომ ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა" ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც ჰქვია არჩევნები. ამით განისაზღვრებოდა ჩვენი პერსპექტივა. მე შევახსენე მას, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს ნატო-ში რეალური გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხერხდეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეები ვართ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - დასძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის კომენტარის ამსახველი ვიდეომასალა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.