"რაც სააკაშვილმა და მისმა "კამანდამ" გააკეთა და რაზეც მე გელაპარაკეთ, მხოლოდ დასაწყისია. მე ვაპირებ ყველაფერი ვთქვა ფაქტებითა და მტკიცებულებებით", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დისშვილი უმარ იდიგოვი ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ.
ლაფანყურის ოპერაციაზე იდიგოვი მანამდე "მე-9 არხს" ელაპარაკა. "რეზონანსთან" საუბრისას ასევე ამბობს, ეს სპეცოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების დადგმული ფარსი იყო მხოლოდ და მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა.
უმარ იდიგოვი:
ეს სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა და სხვა არაფერი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებში ამ სპეცოპერაციით პოლიტიკური პიარი გაიკეთა.
- რატომ საუბრობდა პრეზიდენტი იმაზე, რომ "პანკისი ტერორისტებისგან დაიცვა". იყვნენ თუ არა რეალურად ტერორისტები და საერთოდ, როგორია რეალური სიტუაცია პანკისის ხეობაში?
- პანკისი საქართველოს საკმაოდ ღარიბი კუთხეა. იქ ელემენტარული არსებობისთვის თითქმის არაფერი არსებობს. ხალხი აქ ძალიან ღარიბულად ცხოვრობს და თავი მხოლოდ სოფლის მეურნეობით გააქვთ. ეს საწყალი ახალგაზრდები ევროპაში მიდიან იმისთვის, რათა არ მოიპარონ, არ იშიმშილონ... ისინი ნამდვილად, ანუ ისტორიულად, ჩეჩნები არიან, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენზე უკეთ იციან ჩეჩნური ენის გრამატიკა. ამ საწყლებს ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას. სპეციალურად ამისათვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. სროლაც აუტეხეს... ქართული მხრიდან დაიღუპა 12 კაცი. მათ შორის ექიმი და მეგზური ოფიცერი, რომლებიც მათ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოაყოლეს, თვითონვე მოკლეს, რომ მოწმე არ დარჩენილიყო. მანამდე კი ამ საცოდავებს ადრე, მაისში დაჰპირდნენ ჩეჩნეთში გადაყვანას და აი, რით დამთავრდა ყველაფერი. ანუ არანაირი მოლაპარაკება მძევლების გაცვლის შესახებ არ ყოფილა; ეს იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარი. ამისათვის გაიმეტეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე. არანაირი მოლაპარაკება და კორიდორი არ იყო! დამერწმუნეთ, ყოველივე ამის შესახებ ჩემზე უკეთ არავინ იცის. მე ძალიან ბევრი რამ გამოვცადე საკუთარ თავზე.
- თქვენ "მე-9 არხთან" საუბრისას კონკრეტულად ყოფილ მინისტრზე, ბაჩო ახალაიაზე საუბრობდით. რომ თითქოს ის დახვდა აეროპორტში ბიჭებს...
- დიახ, მან, ბაჩო ახალაიამ მისცა იარაღი. ეს ყველაფერი კი, რაც სააკაშვილმა და მისმა "კამანდამ" გააკეთა და რაზეც მე გელაპარაკეთ, მხოლოდ დასაწყისია. მე ვაპირებ ყველაფერი ვთქვა ფაქტებითა და მტკიცებულებებით. თუ ვინ ჩამოიყვანა ისინი ავსტრიიდან, ვინ შეხვდა მათ აეროპორტში, ვინ "დააკვალიანა" - ყველაფერს, ყველაფერს ნათელს მოვფენ.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამის შესახებ მას ცოტა ინფორმაცია აქვს. ამიტომაც მე მას ყველანაირი ინფორმაცია უკვე მივაწოდე.
თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, შეამოწმონ ყველაფერი - ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, ვინ დარეკა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი... მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- არა, ვანო პოლიტიკური პიარისთვის ასეთ რამეს არ გააკეთებდა. ბაჩო და დათა ახალაიებმა კი გააკეთეს.
- კი მაგრამ, პოლიტიკური პიარისთვის ამდენი ხალხის დახოცვა ცოტა უცნაურად არ მოჩანს? რატომ უნდა გაერისკათ ასე?
- მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, "როგორ დაიცვა სააკაშვილმა ხეობა ტერორისტებისგან" და "როგორ მოიგეს". მათ იფიქრეს, რომ პანკისში ჩვენს ძმებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი დაიფარებოდა და ვერ გამჟღავნდებოდა. აკი ამიტომაც დახოცეს მოწმეები.
- თუმცა დარჩა ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა"...
- ახმედ ჩატაევი დაჭრის მერე ტყვედ აიყვანეს. მას სჭირდებოდა სამხედრო ქირურგის დახმარება და ფეხი მოჰკვეთეს, მერე კი ციხის საავადმყოფოში გადამალეს. მას სიარული ისედაც არ შეეძლო. თვითონ მივიდა სამხედროებთან. ახლა ის ისევ ციხის საავადმყოფოშია. სპეციალურად მოაჭრეს ფეხი, რათა ციხის საავადმყოფოში წოლილიყო და არჩევნებამდე არ ალაპარაკებულიყო. როგორც ჩანს, ამ სპეცოპერაციის შემსრულებლები ღმერთმა დასაჯა კიდეც - მათ მიიღეს ცოცხები ციხეში.
- და რატომ დუმან დაღუპულების, სპეცოპერაციას შეწირული ბიჭების ოჯახის წევრები? პანკისელებს ვგულისხმობ.
- ვინ გითხრათ, რომ ჩუმად არიან?! რატომ არ მოდიან პანკისში ჟურნალისტები? მოვიდნენ და ყველა ყველაფერს იტყვის. ადამიანები დახოცეს წინასაარჩევნო პიარისთვის! ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონ მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე დახოცეს! არადა, არავის გაუზრდია შვილი სააკაშვილისა და მისი საარჩევნო პიარისთვის. ჩამოდით! არავინ არ არის ჩუმად. სხვათა შორის, პანკისში "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისას 8 000 ხმა მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 19. არადა, სააკაშვილი აქ ყოველთვის ხმების 100%-ს იღებდა... სხვას, ამის მეტს, რაც გითხარით, ვეღარაფერს გეტყვით. დანარჩენს ყველაფერს მალე მთელი საზოგადოება გაიგებს.
ლაფანყურთან ახლოს, მდინარე ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. ოფიციალური ცნობებით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ისინი მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი სპეცრაზმელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 სპეცრაზმელი.
შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებული იყო, 6 კი ალყაში. შსს-ვე ცნობით, 11 ლიკვიდირებულიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ, დანარჩენი 5 კი - რუსეთის. გარდაცვლილთა ოჯახებს რამდენიმე დღის განმავლობაში ცხედრებს არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი - ახმედ ჩატაევი, ჩრდილოკავკასიელი ისლამისტური ლიდერის, დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში.
ახალგაზრდები, რომლებიც შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ მძევლებად აიყვანა, ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობდნენ. ისინი დუმილს იმით ხსნიდნენ, რომ სამართალდამცავებისგან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ლაპარაკი აკრძალული აქვთ...
ლაფანყურის სპეცოპერაციამ საზოგადოებაში არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა დატოვა. ბევრი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვერსიას იმთავითვე ეჭვის თვალით უყურებდა.
მარი ოთარაშვილი
ეკა ბასილაია