ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდატს ოზურგეთში რამაზ ნიკოლაიშვილს არჩევნებში დამარცხების შემდეგ გურულებთან ურთიერთობა გაურთულდა. ნიკოლაიშვილის წინააღმდეგ პირველად გაილაშქრა ზაზა სიორიძემ, ვისაც რამაზ ნიკოლაიშვილმა გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისას ტელეკომპანია "გურიის" წილი "დააწერა". როგორც კი გაირკვა, რომ ნიკოლაიშვილი არჩევნებში დამარცხდა, ზაზა სიორიძემ თავისი კუთვნილი ქონების დაბრუნება მოითხოვა და რამდენიმე დღის შემდეგ ნიკოლაიშვილმა სიორიძეს კუთვნილი ქონება, ფარული გარჩევების შემდეგ, უხმაუროდ დაუბრუნა. თუმცა, რადგან ნიკოლაიშვილის მიერ ბიზნესმენებისთვის წართმეული ქონების ნუსხა საკმაოდ ვრცელია, ქონების დაბრუნებისთვის საქმის გარჩევა საუბრის დონეს გასცდა და გურულებმა რამაზ ნიკოლაიშვილს სცემეს. ეს სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და მიზეზიც აგვიხსნა: "ნაციონალები მარცხისგან ისე გაბოროტდნენ, ყველაზე საშიში ახლა არიან და შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან, ვერ ეგუებიან მარცხს და არკვევენ იმ ადამიანთა ვინაობას, რომლებმაც მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირეს. ვასიკო ჩიგოგიძესა და რამაზ ნიკოლაიშვილს შორის ერთი კვირის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და რამაზ ნიკოლაიშვილს გვარიანად სცემეს. ჩხუბის მომენტში ვასიკო ჩიგოგიძესთან ერთად იმყოფებოდა ლაშა ქორიძეც, ჩიგოგიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი".
2011 წელს ნაციონალურმა ხელისუფლებამ ვასილ ჩიგოგოძე თაღლითობის ბრალდებით დააკავა პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ქმართან, სოსო ჩხაიძესთან ერთად. ჩიგოგიძეს მიწის ნაკვეთების უკანონო შესყიდვასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. ოფიციალურ სტრუქტურებში ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდნენ, რადგანაც ეს დაკავება მხოლოდ ჩიგოგიძის ფინანსურ "გაწეწვას" ისახავდა მიზნად. როგორც ამბობდნენ, ვასილ ჩიგოგიძე და სოსო ჩხაიძე ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაპირისპირებას შეეწირნენ. ჩიგოგიძე ჩართული იყო ე.წ. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაში, რომლის ტენდერშიც ქართულ-ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამ პროექტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 100 მლნ ევრო სესხად გამოუყო "საქართველოს რკინიგზას", 70 მილიონი კი რკინიგზას უნდა გაეღო. ამბობენ, რომ სწორედ აქ გადაიკვეთა მერაბიშვილისა და გიგი უგულავას ინტერესები და ჩიგოგიძის დაკავებაც ამ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
ნაცხელისუფლებამ ჩიგოგიძეს დაკავებისთანავე წაართვა დიდძალი თანხა, აგრეთვე, მიწის ნაკვეთები თბილისსა და ჩოხატაურის რაიონში. სწორედ ჩოხატაურის ცენტრში მდებარე ჩიგოგიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ნაგებობითურთ გადაიფორმა რამაზ ნიკოლაიშვილმა. ყველაფრის მიუხედავად, ჩიგოგიძე წინასაარჩევნოდ ნაციონალების მხარდასაჭერად მუშაობდა გურიაში და სარწმუნო წყაროს ცნობით, მას ეს არჩევნები მილიონები დაუჯდა. თუმცა გურიაში ნაცმოძრაობა სამარცხვინოდ დამარცხდა. ამის გამო, როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს პასუხი ნიკოლაიშვილისთვის მოუთხოვია და უთქვამს, ყველაფერი თავზე საყრელად გქონდა - ადმინისტრაციული რესურსიც, ფულიც და მაინც წააგეო. ნიკოლაიშვილმა კი თავის გადასარჩენად ხელი ჩიგოგიძეს შეაწმინდა თურმე და პრეზიდენტის რისხვაც ვასილ ჩიგოგიძეს დაატყდა თავს. ერთი კვირის წინ რამაზ ნიკოლაიშვილი და ვასილ ჩიგოგიძე თბილისში რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით შეხვედრიან ერთმანეთს საქმის გასარჩევად, ნიკოლაიშვილს ოზურგეთელებისა და გურულებისთვის უგინებია. მოკლედ, გურულებს დედას როგორ აგინებო, - გაცეცხლებულა ჩიგოგიძე და ამტყდარა გაწევ-გამოწევა. ჩიგოგიძეს ნიკოლაიშვილისთვის ჩოხატაურში კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და არჩევნებში ჩადებული ფულის დაბრუნება მოუთხოვია. საბოლოოდ ეს ჩხუბი იმით დასრულებულა, რომ ვასილ ჩიგოგიძეს რამაზ ნიკოლაიშვილი სასტიკად უცემია და ვალისა და ქონების დაბრუნების ვადაც დაუთქვამს. გურიაში კი ამბობენ, უარესი ეკუთვნის ვასიკო ჩიგოგიძეს, რადგან, როცა მის "აღმაშენებელ" კაკო ჩხაიძეს ნაციონალები ატყავებდნენ და დაჭერილი ჰყავდათ, ის ნაციონალებთან დამაკავშირებელ გზებს ეძებდაო. საქმე ის არის, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა რკინიგზის დეპარტამენტს აკაკი ჩხაიძე ხელმძღვანელობდა, ჩიგოგიძე გადაზიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა...
ზემოაღწერილი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესა და ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძესთან ვცადეთ.
ზვიად კვაჭანტირაძე: - ეს ამბავი მეც შევიტყვე და თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სერიოზული რღვევა დაიწყო. ისე, შემიძლია ერთი რამ გითხრათ: რამაზ ნიკოლაიშვილის სახელი გურიის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის სირცხვილად დარჩება. მასზე სხვას მეტს ვერაფერს ვიტყვი.
აი, რა პასუხი გასცა ვასილ ჩიგოგიძემ ჩვენს შეკითხვებს:
- ბატონო ვასილ, შევიტყვეთ, რომ თქვენსა და რამაზ ნიკოლაიშვილს შორის რამდენიმე დღის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა...
- ჭორია ეს ყველაფერი.
- მთელი გურია ამაზე ლაპარაკობს და გამოდის, გურულები ტყუილს ავრცელებენ?
- ხო, იყო რაღაც შელაპარაკება.
- არსებობს ინფორმაცია, რომ არჩევნებში თქვენ რამაზ ნიკოლაიშვილს ფინანსურად ეხმარებოდით, თუმცა მან არჩევნებში დამარცხება თქვენ დაგაბრალათ და კონფლიქტიც ამის გამო მოხდა.
- მე რამაზ ნიკოლაიშვილს როგორ დავუჭერდი მხარს?
- ჩხუბის მიზეზად თქვენი ქონების დაბრუნების მოთხოვნა სახელდება, იმ ქონებისა, რომელიც ნიკოლაიშვილმა წაგართვათ ჩოხატაურში და ასევე ის, რომ მან გურულებს აგინა თქვენი თანდასწრებით.
- კი, მართლა მოხდა შელაპარაკება, მაგრამ დანარჩენზე ლაპარაკი არ მინდა...
დარეჯან ლიპარტელიანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)