რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა რამდენიმე თვის წინ "ყველა სიახლისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ვიდრე სააკაშვილი იქნება ქვეყნის სათავეში, საქართველოში არ ჩამოვალო. ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილი კვლავ ქვეყნის პირველი პირია, მაგრამ თინამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოს მალე ვესტუმრებიო. თინა კანდელაკს მოსკოვში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:
- თინა, ხელისუფლება შეიცვალა და შენც უმალვე საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტე...
- სიტყვის ქალი ვარ. რასაც ვამბობ, ვასრულებ კიდევაც. ორ-სამ კვირაში საქართველოში მოვფრინავ (ინტერვიუ ჩაწერილია 10 ოქტომბერს - ნ.მ.). იცი, როგორ მიხარია? მეკითხებიან, რა მისიით მიდიხარო? რა შუაშია მისია?! არ შეიძლება, ჩემს სამშობლოში უბრალოდ ჩამოვიდე?!
- მართლა შემოგთავაზა საქართველოს ახალმა მთავრობამ მინისტრობა?
- არც შემოუთავაზებიათ და არც ვაპირებ მინისტრობას, არანაირი თანამდებობა არ მჭირდება, ჩემი ქვეყნისთვის ისედაც არაფერს დავიშურებ.
- ისიც ითქვა, თინა კანდელაკს რუსეთში საქართველოს ელჩობა შესთავაზესო...
- ამდენს ლაპარაკობენ ჩემზე თბილისში, რომ ელჩობაც მომაწებეს? კი მაგრამ, როგორ ვიქნები ელჩი, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა არა მაქვს? არადა, მსურს, რომ მქონდეს და იმედი მაქვს, რუსეთსა და საქართველოს შორის დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა და ოცნებას ავისრულებ - ორი ქვეყნის მოქალაქე გავხდები. ისე, საქართველოს არც ერთ ელჩს რუსეთში ჩემი ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია. ახლა ვინც უნდა დანიშნონ ელჩად, ყველას უანგაროდ დავეხმარები, რუსეთში საქართველოს რეპუტაცია რომ შეეცვალოს. აქ რატომღაც საქართველოს სააკაშვილთან აიგივებენ და მჭირდება იმის მტკიცება, რომ საქართველო სააკაშვილი არ არის. ყველანაირად დავეხმარები ახალ ელჩს, რომ ეს სისულელე აღმოვფხვრა რუსი ხალხის ცნობიერებაში.
- როგორ შეაფასებ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას?
- უზომოდ კმაყოფილი ვარ, რადგან მე ვიყავი პირველი ქართველი რუსეთში, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდა. რაღა თქმა უნდა, მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ ბედნიერი ვარ. სააკაშვილმა თავისი ახირებებით საქართველო ქვესკნელში ჩაიყვანა. ქართველ ხალხს მილიარდობით ვალი აჰკიდა, ქვეყანაში ვერც ინვესტიციები მოიზიდა, მძიმე ვითარება რომ გამოესწორებინა. მართალია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოსთვის ეფექტიანი მენეჯერი იქნება. სააკაშვილი ვალდებული იყო ამერიკის წინაშე, ბიძინა ივანიშვილი კი არავის წინაშე არ არის ვალდებული. იგი ქართველი ხალხის რჩეულია. მთავარია, ჭკვიანი პარტნიორები ამოიყენოს მხარში და ეკონომიკა ააღორძინოს. კი, სააკაშვილმა კარგი რაღაცებიც გააკეთა - გზები "შეაპაჩინკა", სახლები "გაკრასკა", პოლიციის გამჭვირვალე შენობებიც კარგად მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქართველ ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები და ნორმალური ანაზღაურება. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ოჯახი გამოკვებოს, ბავშვებს განათლება მისცეს, იმოგზაუროს.
- თინა, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, რომ სააკაშვილმა ინტიმური ურთიერთობა შემოგთავაზა, რაზეც უარი განუცხადე. ამის შემდეგ წარმოიშვა თქვენ შორის კონფლიქტი?
- მესმის, სააკაშვილის ეპოქა დასრულდა და ჩვენ შორის მომხდარი ყველას დაწვრილებით აინტერესებს... რა თქმა უნდა, უთანხმოება მხოლოდ ამის ბრალი არ ყოფილა. როდესაც დავინახე, რომ სააკაშვილს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავდა და ამის შესახებ საჯაროდ ავლაპარაკდი, ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა, თორემ რა შემომთავაზა და რაზე ვუთხარი უარი, მეორეხარისხოვანია. ძალიან მალე ყველაფერი ამოტივტივდება და იმდენი რამ გაირკვევა სააკაშვილის ინტიმურ ურთიერთობებზე, რომ მე მონაგონი ვიქნები...
ჯერ კიდევ როდის ვთქვი, თუ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მიხეილ ნიკალაევიჩი თავის კარიერას დაასრულებს-მეთქი, რაც რუსმა ე.წ. ლიბერალმა ჟურნალისტებმა არ დაიჯერეს, რადგან სააკაშვილი ძალიან უყვართ. მოგეხსენებათ, ხშირად იწვევდა საქართველოში და კარგადაც "აგულავებდა"... და კიდევ - იმის გამო, რომ სააკაშვილთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს, მის მიერ მართული ტელეარხები ჩემ შესახებ ყოველთვის უარყოფით ინფორმაციას ავრცელებდნენ, ჩემს ნათქვამს ამახინჯებდნენ. სააკაშვილს სურს, შემიქმნას იმიჯი, რომ უამრავ ოლიგარქ მამაკაცთან მაქვს ურთიერთობა და ძირითადად ამ "საქმით" ვარ დაკავებული. არადა, ამ სისულელეების არავის სჯერა, ყველამ კარგად იცის, რომ მაქვს უზარმაზარი, რუსეთში ცნობილი კომუნიკაციების კომპანია და პარალელურად სხვადასხვა კომპანიასთანაც ვთანამშრომლობ.
- როგორი რეპუტაცია აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში?
- რუსმა ჟურნალისტებმა არ იციან, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან იმხანად, როცა ბატონი ბიძინა რუსეთიდან წავიდა, დღევანდელი ჟურნალისტები კარიერას იწყებდნენ. სააკაშვილი, მიუხედავად პუტინთან ცუდი ურთიერთობისა, დიდძალ ფულს ხარჯავდა, რუსულ მედიას, რუს ჟურნალისტებს მისთვის თეთრი პიარი რომ აეგორებინათ. ამიტომაც მეუბნებიან რუსი ჟურნალისტები, ივანიშვილს რა უნდა, ქართველი ერის წინამძღოლი მიხეილ სააკაშვილიაო. მე კი წლების განმავლობაში გავკიოდი, ქართველი ერის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წინამძღოლია-მეთქი. ამიტომაც მინდა, "ყველა სიახლის" ფურცლებიდან მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, თუ მომცემთ საშუალებას, როდესაც საქართველოში ჩამოვალ, ვრცელ ინტერვიუს ჩავწერ თქვენთან. ეს აუცილებელია, რადგან რუსეთში ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ქართველი ერის ლიდერია და რაც მთავარია, თუ რუსეთიდან ვინმემ ინტერვიუ უნდა ჩაწეროს ივანიშვილთან, ალბათ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ჟურნალისტი მე, თინა კანდელაკი უნდა ვიყო.
- შენი რესტორანი "თინათინი" კვლავ ფუნქციობს?
- რა თქმა უნდა, და ძალიან პოპულარულია მოსკოვში. სამწუხაროდ, ისეთი დაკავებული ვარ, რომ ჩემს რესტორანს დიდ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ...
დღეს საზოგადოებრიობა ისეთ საინფორმაციო ველში ცხოვრობს, არაფერი იმალება. ისევე როგორც არ დაიმალა სილვიო ბერლუსკონის, ბუშის და სხვა პირველი პირების სასიყვარულო ისტორიები, თუმცა ამის გამჟღავნებას მათთვის ხელი არ შეუშლია, პოლიტიკური მოღვაწეობა განეგრძოთ, სააკაშვილისა კი რა მოგახსენოთ... მართალია, ქართველები ტემპერამენტიანები ვართ და ეს ყველა ქართველი ვაჟკაცისთვის დამახასიათებელია, მაგრამ, რასაც სააკაშვილი ქალებთან ურთიერთობისთვის აკეთებს, ამას ვაჟკაცობა არ ჰქვია... მე ავდექი და, მის მიერ შემოთავაზებული სისულელე გაგიმჟღავნეთ (მის განვრცობას საჭიროდ აღარ მივიჩნევ), ძალიან მალე კი უამრავი ქართველი გოგონა აიმაღლებს ხმას და მოჰყვება მსგავს ამბებს. დიახ, ვიღაცამ, ისევე როგორც მე, უარი უთხრა ინტიმურ ურთიერთობაზე, ვიღაც დათანხმდა. მაგრამ სააკაშვილს რამდენი ქალიც უნდა ჰყოლოდა, ვერასდროს იქნებოდა ისეთი მამაკაცი, როგორიც ქალებს მოსწონს. მიმაჩნია, რომ მამაკაცმა ქალი არა ფულით და თანამდებობით, არამედ ვაჟკაცობითა და ადამიანობით უნდა მოხიბლოს. ხოლო თუ ქალს რაღაცის სანაცვლოდ ფულს შესთავაზებ და ისიც დაგთანხმდება, ეს ქალის მოხიბვლას არ ნიშნავს.
- თინა, შეყვარებული ხარ?
- უბედურია ქალი, რომელიც შეყვარებული არ არის! პირადი ცხოვრება ყოველთვის მაქვს, მაგრამ ვცდილობ, არ გავხადო საჯარო. ჯერჯერობით გათხოვებას არ ვაპირებ, რადგან ძალიან დაკავებული ვარ.
- შვილები როგორ გყავს?
- ძალიან კარგად. ერთად ვცხოვრობთ მე, ჩემი შვილები და დედაჩემი. როგორც კი დროს გამოვნახავ, ბავშვებთან ერთად ვესტუმრები ჩემს საქართველოს, რომელიც ძალიან მენატრება. ღამით, სოციალურ ქსელში რომ შევდივარ ხოლმე, მხოლოდ საქართველოს ამბებს ვკითხულობ და თბილისის სურათებს ვათვალიერებ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია საქართველოში ჩამოსვლა. არადა, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში დავფრინავდი და საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი. ბოლოს საქართველოში 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ვიყავი...
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ: რა მისწერა sms -ით მიხეილ სააკაშვილმა თინა კანდელაკს