ტელერადიო კომპანია "იმედის" 100 %-იანი წილის მფლობელად ამ დროისთვის კვლავ შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" ითვლება.
კომპანია 2008 წლის 17 დეკემბერს არის დარეგისტრირებული და მისი ერთპიროვნული ხელმძღვანელი გიორგი არველაძეა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, თავად "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს" ორი აქციონერი ჰყავს: გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ ქეი, რომელიც კომპანიის 10 %-ს ფლობს და პანამაში რეგისტრირებული კომპანია "რააქ ჯორჯია ჰოლდინგი", რომლის მფლობელობაშიც წილის დანარჩენი ნაწილი - 90 %-ია.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 21 აპრილს "ჯორჯიან პროდაქშენ გრუპი" შპს "ტექნო-მედიას" შეერწყა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა. არხის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. არსებული ცნობით, გიორგი არველაძემ, რომელიც "იმედის" დირექტორი იყო, თანამდებობა დატოვა.