დღეს ნიკოლ კიდმანი ოთხი შვილის დედაა - ორი ნაშვილებისა და ორი საკუთარის. თუმცა წლების განმავლობაში ის მოკლებული იყო უბრალო ქალურ ბედნიერებას. მართალია, წუწუნი არ უყვარს, მაგრამ ხანდახან მაინც წამოსცდებოდა ხოლმე ინტერვიუებში ნაღვლიანი ფრაზები.
ახლა ვარსკვლავმა გადაწყვიტა, თაყვანისმცემლებისთვის სრული სიმართლე მოეყოლა, თუ როგორი ეკლიანი გზა გაიარა ერთადერთი მიზნისთვის - ბავშვის გასაჩენად. იმაზეც ისაუბრა, როგორი ურთიერთობა აქვს კეტი ჰოლმსთან, რომელმაც ტომ კრუზს მალევე გაუჩინა შვილი.
- იმდენი დრო გავატარე იმაზე ფიქრში, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს არასდროს მოხდებოდა და ვცდილობდი ეს ფაქტი გამეცნობიერებინა, - ამბობს კიდმანი, - როცა ბოლოს და ბოლოს გავაჩინე, ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ, ეს მართლაც მშვენიერი იყო! ადრე სულ ვცდილობდი და არაფერი გამომდიოდა.
მსახიობი გამოტყდა, რომ ჰქონდა გარე ორსულობა, რამდენჯერმე მოეშალა მუცელი და გარდა ამისა, მრავალი წელი ცდილობდა უნაყოფობისგან განკურნებას. ცნობილია, რომ ტომ კრუზთან დაშორების შემდეგ ძლიერი დეპრესია ჰქონდა და ამან კიდევ უფრო შეუშალა ხელი. გარდა ამისა, წყვილის დაშორების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ტომმა ორსული ცოლი მიატოვა და ნიკოლს ნერვიულობის ნიადაგზე მუცელი მოეშალა.
თუმცა ნიკოლი არ ნებდებოდა და 41 წლისამ გააჩინა პირველი შვილი სანდი, მეორე ქმრისგან - ქანთრი-მომღერალ კიტ ურბანისგან. მერე უკვე სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლდა და წყვილს კიდევ ერთი გოგონა - ფეიტი ეყოლა, რომელიც ახლა ორი წლის არის.
- ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დავორსულებულიყავი. როცა სანდი გაჩნდა, ვიფიქრე, ნუთუ? ეს სასწაულია! ძალიან დაბალი იყო ამის ალბათობა.
რაც შეეხება კეტი ჰოლმსს, ნიკოლი კატეგორიულად აცხადებს, რომ არასდროს ულაპარაკია ტომის ახალგაზრდა ცოლთან და არასდროს ურჩევია მისთვის ტომთან განქორწინება, როგორც პრესაში წერდნენ. ნიკოლი გულწრფელად უსურვებს თავის ყოფილ ქმარს და ახლა უკვე თავისუფალ კეტი ჰოლმსს ბედნიერებას.
ბოლო დროს ნიკოლმა მართლაც დაძლია მძიმე მდგომარეობა, რაც მის კარიერაზეც აისახა. ორი წლის წინ პირველად ითამაშა კომედიაში - "ჩემს ცოლად მოაჩვენე თავი" და გახლდათ პროდიუსერი ფილმისა "კურდღლის სოროები", რომელშიც თავადვე შეასრულა მთავარი როლი.
(გამოდის ორშაბათობით)