უცხოეთში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი, გია დვალი განათლებისა და მეცნიერების სისტემის სრულყოფასა და განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელებისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც დამტკიცდება ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნება განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც გია დვალი უხელმძღვანელებს.
"შედგა სატელეფონო და "სკაიპით" საუბრები და შევთანხდით, რომ ამ კომისიის თავმჯდომარე იქნება გია დვალი" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ განათლების და მეცნიერების სფეროში ფასადური რეფორმები განახორციელა, "რითაც დაანგრია მეცნიერება და ცუდ დღეშია განათლებაც".
"ახლა აღარ უნდა დავუშვათ არანაირი შეცდომა. განათლების დარგი უნდა იყოს შუქურა ჩვენი მომავლის, რადგან სწორედ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიას, ბიძინა ივანიშვილმა ორი წევრი დაასახელა. ესენი არიან: დავით ზურაბიშვილი და ნინო გოგუაძე. დანარჩენი წევრები კი, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მოგვიანებით დასახელდებიან.