ენაკვიმატი ქუთათურები ხუმრობენ, რომ ქუთაისი ვერშემდგარი საპარლამენტო დედაქალაქია, რადგან "ნათლია" სააკაშვილმა პარლამენტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ერთი შენობაც კი ვერ ააგებინა.
- შენობას რომ იწუნებთ, შიგ ყოფილხართ კი? - ვეკითხები პარლამენტის შენობის წინ მცხოვრებ ერთ-ერთ "უმადურს".
- სად მაქვს ორი თავი! თბილისის აეროპორტივით და ბათუმის ოპერასავით სახიფათოა ეს "ხარისხიანი" შენობა.
შევეცადეთ, პარლამენტში მომუშავეთაგან გაგვერკვია, არის თუ არა სამუშაო პირობები პარლამენტის ახალ შენობაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი თამთა ჭუმბურიძე არ დაგვზარდა და ყოველდღიური სახიფათო სამუშაო რეჟიმის შესახებ გვიამბო:
- სხდომათა დარბაზის გარდა, სადაც ხმის მიცემის სისტემა უკვე დამონტაჟებულია, ყველაფერი გასაკეთებელია. მიმდინარე წლის 26 მაისს, როდესაც პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა შენობა, სატელევიზიო კადრებში ყველაფერი პირიქით ჩანდა. ტელევიზიებმა საგანგებოდ შეფუთული ადგილი გვიჩვენეს. ახლა იქ ხარაჩოები დგას, იატაკი დასაგებია. პრეზიდენტის გამოსვლისთვის სახელდახელოდ მოამზადეს ერთი ადგილი, კამერა კი ისე იღებდა, რომ დანარჩენი მოუწესრიგებელი ტერიტორია არ გამოჩენილიყო.
სერიოზული პრობლემები გვაქვს არანორმალური არქიტექტურის გამო. მგონი, მის აგებაში არქიტექტორი არც ჩარეულა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ შენობას არ აქვს ფანჯრები და აივანი, ზიხარ დახურულ სივრცეში; მხოლოდ სავენტილაციო სისტემა მუშაობს. მინის კედლებს მზე ადგება, ჯერ ფარდები არ არის და სამუშაო ოთახი სოლარიუმს ჰგავს... ზოგიერთ ოთახში ვენტილაციას ისეთი ხმა აქვს, თავი შვეულმფრენში გეგონება, ამიტომ ვეღარც ამ სისტემას ვრთავთ და სუნთქვა შეუძლებელია. ჩვენ არ ვართ მიწისქვეშა ლაბორატორიაში, სადაც მტვრის ზედმეტი ნაწილაკების შემოსვლას ერიდებიან, თანაც გარეთ გასასვლელად და ჰაერის ჩასასუნთქად ათი წუთია საჭირო... აპარატის შენობა გაზაფხულზე ჩამოინგრა, რასაც ტრაგედია მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ საფინანსო დეპარტამენტის თუ კომიტეტის ოთახში მინები დასკდა; ვარაუდობენ, რომ შენობა ქვემოთ იწევს.
ჯერ ამ ამბავთან დაკავშირებით არავის არაფერი უთქვამს, თუმცა, პრესაში წავიკითხე მშენებლობის საფინანსო უზრუნველყოფის მენეჯერის აბსურდული ინტერვიუ. გაკვირვებული იყო, რამ შეაშფოთა აპარატის თანამშრომლები, ადამიანმა, რომელიც მთელი დღე კომპიუტერთან რაღაცას ბეჭდავს, რა იცის, რატომ გასკდა ფანჯარა და მინების ჩამსხვრევის სავარაუდო მიზეზებზე რატომ ლაპარაკობსო? მინები თავზე გვემსხვრევა და ხმის ამოღების უფლებაც არ გვქონია!..
იხილეთ ვრცლად