მიხეილ სააკაშვილს სჩვევია ლამაზი, ახალგაზრდა კადრების აღმოჩენა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა. განსაკუთრებით მშვენიერ სქესს წყალობს. საინტერესოა, როგორ გააგრძელებენ კარიერულ აღმასვლას მიშას აღმოჩენილი ქალბატონები მომავალში?! თუმცა, არსებობენ "გამონაკლისებიც". მაგალითად, ასეთია მაკა ბულეიშვილი, რომელიც თავის დროზე (2000-2001 წლებში) სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად სააკაშვილმა დანიშნა. თუმცა, მალე მათი გზები გაიყო, ქალბატონმა მაკამ გერმანიაში ექიმის კვალიფიკაცია აიმაღლა და დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. რატომ განიცადა კრახი სასჯელაღსრულების სისტემაში დაწყებულმა რეფორმამ, ამის შესახებ მაკა ბულეიშვილი გვესაუბრა.
- სააკაშვილი შემთხვევით გავიცანი. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო. მაშინ ვაკის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს იყრიდა. ერთხელაც ბავშვს სკვერში ვასეირნებდი და უეცრად ჩოჩქოლი ატყდა, ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. აღმოჩნდა, რომ ყველა ახალგაზრდა მაჟორიტარი კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ელოდა. მიშაც მალე მოვიდა და თავის საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა... მაშინ მისი კონკურენტი დავით სალარიძე იყო. მოულოდნელად იკითხა: აქ ვინმე ექიმი ხომ არ არისო. "მე ვარ!" - ვთქვი ხმადაბლა. მაშინ 28 წლის ვიყავი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმად ვმუშაობდი. "ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ამომრჩეველი მყავს", - გაიხარა მაჟორიტარმა კანდიდატმა და მთხოვა, მასთან საარჩევნო შტაბში მივსულიყავი. პოლიტიკური საკითხები არ მაინტერესებდა, თუმცა, მისმა საუბარმა ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით დამაინტერესა. მახსოვს, ოფისში მივედი, სადაც ზურაბ ჟვანია, ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე და სხვები დამხვდნენ. იმ პერიოდში ყველა ერთ გუნდში იყო.
მაშინ მიშამ თავად მთხოვა, სხვადასხვა უბანში მოწყობილ სამედიცინო პუნქტებში უფასოდ გამესინჯა ავადმყოფები, მომესმინა მათი პრობლემებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მიმემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოთხოვნით, კანონის ფარგლებში აღმოეჩინათ ამ ადამიანებისთვის დახმარება. ასე ჩავერთე საარჩევნო პროცესში და მალე სააკაშვილმაც გაიმარჯვა. არჩევნებიდან 5-6 თვის შემდეგ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. მაშინ ისევ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე. როცა სამინისტროში მივედი, მინისტრის კართან პაატა ზაქარეიშვილი დამხვდა, თურმე ისიც დაებარებინა. მოკლედ, ახალბედა მინისტრმა ორივეს გვთხოვა, ექსპერტად გვემუშავა და ციხეებში პატიმრების მდგომარეობა შეგვემოწმებინა. მე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა უნდა დამეწერა. მახსოვს, მძიმე დასკვნა დავწერე.
ხაზგასმით ვთქვი, რომ ე.წ. "რეზბალნიცაზე" არ გადაჰყავდათ ხელმოკლე ოჯახების პატიმრები, პნევმონიით დაავადებული პატიმრების მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ რთულდებოდა, რომ არავინ აწვდიდა მათ ანტიბიოტიკებს, ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულად მაღალი იყო და სხვ. რაც შეეხება სიკვდილიანობას, მაშინდელი ბოლო სამი წლის მონაცემებით, წელიწადში მინიმუმ 35, მაქსიმუმ 56 პატიმარი კვდებოდა, აქედან სუიციდის შემთხვევა იშვიათი იყო. მაშინ სულ 7 ათასი პატიმარი გვყავდა. ჩემი დასკვნა ნამდვილად საგანგაშო იყო, თუმცა, არა ისეთი კატასტროფული, როგორი მდგომარეობაც დღეს არის (როგორც პატიმართა რაოდენობამ, ასევე მათმა სიკვდილიანობამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განსაკუთრებით იმატა). მოკლედ, სააკაშვილი ციხეში არსებული მდგომარეობით აღშფოთდა. განაცხადა, რომ ახალ სისტემას შექმნიდა და პრობლემებს ბოლოს მოუღებდა. მართლაც, შექმნა სამედიცინო დეპარტამენტი სასჯელაღსრულების სისტემაში და მის ხელმძღვანელად დამნიშნა. ვფიქრობ, ამ დეპარტამენტმა საკმაოდ ეფექტიანი მოქმედებები დაიწყო. ბოლოს იმ შედეგს მივაღწიეთ, რომ ციხეში ერთ წელიწადში მხოლოდ 7 პატიმარი გარდაიცვალა, თანაც უკურნებელი დაავადებით.