ირანი ევროკავშირის მიერ დაკისრებულ ახალ სანქციებს თავისებურად პასუხობს: ”შპიგელის” გავრცელებული ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდია აპირებს ორმუზის სრუტეში ნავთობის მასიურად ჩაღვრით კატასტროფა გამოიწვიოს, რაც შეაფერხებს რეგიონში ნავთობის საზღვაო ექსპორტს.
გაზეთის მიხედვით, მოჰამად ალი ჯაფარის მიერ შემუშავებულ გეგმის კოდური სახელია "ტალახიანი წყალი". გეგმის მიხედვით, ირანი ორმუზის ყურეში, ნავთობის ექსპორტის ამ "საზღვაო გზაჯვარედინზე" ნავთობით სავსე ტანკერს ჩაძირავს.
”შპიგელი” წერს, რომ ირანის მიზანია დასავლეთს სანქციების მოხსნა აიძულოს. კატასტროფით გამოწვეული დაბინძურების აღსაკვეთად, დასავლეთს მოუწევს ირანის მთავრობასთან დათმობებზე წასვლა, რათა რეგიონში გაწმენდითი ოპერაციები აწარმოოს.
სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთის წამყვანი სადაზვერვო სამსახურები უკვე იკვლევენ ამ ფაქტს, ხოლო ირანს გეგმის განსახორციელებლად აიათოლა ხამენეის ოფიციალური თანხმობა სჭირდება.
ორმუზის სრუტის ბლოკირებით ირანი უკვე რამდენჯერმე დაიმუქრა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ისრაელი ან აშშ მის ბირთვულ სადგურებს დაესხმოდა თავს.
მომზადებულია euronews-ის მიხედვით.