საქართველოსთან ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის იყო და იქნება ძალზე სერიოზული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოსთან მიმართებაში ძალზედ სერიოზული იყო მოთხოვნებიც, რომლის ნიშნულიც კიდევ უფრო მაღლა აიწევს.
"საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ რეჟიმში დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ ასევე გაგრძელდება. ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის ვმოქმედებთ ფორმულით - "კიდევ მეტი", ევროკავშირის ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყოველთვის იყო და იქნება ძალზე სერიოზული. ჩვენი მოთხოვნებიც იყო ძალზე სერიოზული და ეს ნიშნული უფრო მაღლა აიწევს, რადგან საქართველოს შეუძლია, კიდევ უფრო მეტი იმუშაოს, რათა მიუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა და დასძინა, რომ ასეთივე დამოკიდებულებას ელოდება საქართველოს მხრიდანაც.
გარდა ამისა, ელჩის განმარტებით, ძალაშია სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სვლას განაგრძობს, ამით ის პროგრესს მიაღწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ელჩის თქმით, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ამის რეალიზაცია ხდება.
გარდა ამისა, ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თითქმის უკვე ჩამოყალიბებულია ახალი სქემა, რომელიც 2014-დან 2020 წლამდე ურთიერთობის გეგმას მოიცავს.
დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც, რომელიც ქვეყნისთვის 670 მილიონი ევროს გამოყოფაში გამოიხატება.
"თანხის ნაწილი წავა უშუალოდ ბიუჯეტის დასახმარებლად, ნაწილი - კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. გარდა ამისა, გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაზრდით, ასევე ციხის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური პროექტების განხორციელების კუთხით", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა, რომლის თქმითაც, მას ამხნევებს მომავალი ხელისუფლების ის განცხადებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უკავშირდება.
ამასთან, დიმიტროვი საქართველოში არსებული კონფლიქტების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხით დაინტერესებას აგრძელებს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების მიდგომებს ელოდება.
"თუ მათი, ახალი ხელისუფლების მოსაზრებები ჩვენს მოლოდინებს დაემთხვევა, მაშინ პროდუქტიული იქნება ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც", - დასძინა დიმიტროვმა.