თავდაპირველად იტალიის პრემიერ სილვიო ბერლუსკონისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სიმპათია იყო, რაც მალე მტრობამ შეცვალა.
ბერლუსკონი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ანგელას "კბილი არ გაჰკრას". ცოტა ხნის წინ ბოლო ეპიზოდი მოხდა, წინა - ივლისში. ბერლუსკონიმ ბოლო ინტერვიუში წინდაუხედავად განაცხადა: "ქალბატონ მერკელთან ყველაზე გულისხმიერი ურთიერთობები მაქვს, მას პატივს ვცემ გულღაობის, სერიოზულობის, კომპეტენტურობის გამო", მაგრამ კანცლერის პრესმდივნისგან ამას მკაცრი დაზუსტება მოჰყვა: მას მერე, რაც ბერლუსკონი აღარ არის პრემიერი, კონტაქტები მასთან გაწყვეტილია და ამ მიზეზის გამო შეუძლებელია იყოს რაიმე "გულისხმიერი ურთიერთობები".
ამავე დროს შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ თავდაპირველად იტალიელი პრემიერი ცდილობდა გალანტურობის შენარჩუნებას, რაც კარგადაც გამოსდიოდა. ყურადღების ნიშნები, ღიმილი, საჩუქრები. ხანდახან ეს საჩუქრები საკმაოდ "თავხედური" იყო. მაგალითად, 2008 წლის ივლისში "დიდი რვიანის" სამიტზე იაპონიაში ბერლუსკონიმ იტალიიდან დიდი ძეხვი ჩაიტანა, სამფეროვანი ლენტით შეკრული, სასაჩუქრე კოლოფში. მერკელი ამას არ ელოდა: "მე არაფერი მაქვს შენთვის", - უთხრა მან, მადლობა გადაუხადა და მსოფლიო მედიის გულის გასახარად ბერლუსკონის ლოყაზე ეამბორა.
ძეხვის ინციდენტიდან ოთხი თვის შემდეგ ტრიესტის სამიტზე ბერლუსკონი უშველებელი ფლაგშტოკის უკან დაიმალა და თავისი ცნობილი "კუ-კუ" წარმოთქვა. მერკელი არანაირად არ გაბრაზებულა "მარადიული ბავშვის" ამ გამოხტომაზე. მან უბრალოდ თქვა: "ოოო, სილვიო". გაიღიმა და კიდევ ერთხელ ეამბორა ლოყაზე.
და წავიდა და წავიდა, როგორც კაცებში ხდება ხოლმე. მისი ზოგიერთი გამოხდომა გამაოგნებელიც იყო. მაგალითად, როცა მობილური ტელეფონით ელაპარაკებოდა თურქეთის პრემიერ ერდოღანს ოფიციალური ცერემონიის დროს და მერკელი იძულებული გახდა, რამდენიმე წუთი მდგარიყო და ეცადა. თუმცა ეკონომიკურმა კრიზისმა პირადი ურთიერთობების მსგავს საჯარო გამოვლინებებს ბოლო მოუღო. ერთ მშვენიერ დღეს იტალიასა და გერმანიას შორის ურთიერთობები უცებ ისევ დასერიოზულდა და გაცივდა. მერკელს კი რომისგან, რომელიც პოლიტიკური ნდობის აშკარა კრიზისს განიცდიდა, მხოლოდ ეკონომიკური ზომების მიღება სურდა. მან ნიკოლა სარკოზისა და ობამასთან შეხვედრებს მოუხშირა, მის განცხადებებს კი უფრო მკაცრი ხასიათი მიეცა. როცა ერთხელ მერკელმა რომში დარეკა და უთხრეს, რომ ბერლუსკონი 23 დღეა არ ყოფილა რომში, მან მოთმინება დაკარგა, იტალიის პრეზიდენტ ნაპოლიტანოს დაურეკა, საერთაშორისო შეხვედრებზე უარს ამბობდა ბერლუსკონისთან ერთად დადგომაზე და იმ სასტუმროშიც არ ჩერდებოდა, რომელშიც ბერლუსკონი, არც მასთან ერთად ფოტოების გადაღებას თანხმდებოდა. ეს ადამიანი მას უკვე უსიამოვნო განცდებს უქმნიდა, უნდობლობისა და მოუსვენრობის, და ალბათ იმედგაცრუებისაც. ასეთი იყო ბერლუსკონისა და მერკელის უცნაური ურთიერთობების ამბავი - ფლირტის მსგავსი დასაწყისით და მკაცრი დასასრულით.
La Repubblica
(გამოდის ორშაბათობით)