რადიო "პალიტრის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ქედს იხრის და ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები, პირველ რიგში, სწორედ ხალხის დამსახურებაა. თუმცა მიაჩნია, რომ ქართველებს კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი და ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს, თუკი თითოეულმა არ იგრძნო პასუხისმგებლობა და მომავლის მყარი გარანტია არ შექმნა. ქალბატონ თამარს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ვესაუბრეთ.
- თქვენი აზრით, რამ გატეხა სააკაშვილის ხელისუფლება?
- აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გადაიკვეთა: საზოგადოება, რომელიც რამდენიმე წელია დგას ქუჩაში და გააზრებული აქვს რისთვის იბრძვის; გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა გათიშულ პოლიტიკურ ძალებს. ახალგაზრდობა, რომელსაც ვერავინ შეუთითხნის კომპრომატებს ან ბრალს დასდებს იმაში, რომ უკან დაბრუნება უნდა; საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა; ფულიც მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, ოღონდ არა მოსახლეობის მოსასყიდად, არამედ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, კამპანიის, ლეგალური აქტივობების განსახორციელებლად. ბოლო წვეთი, ბოლო გადამწყვეტი ფაქტორი კი გახლდათ პატიმრების წამების კადრები, რომლებიც ტელევიზიით გავრცელდა. ხაზს გავუსვამ ირმა ინაშვილის დამსახურებას, რადგან ეს კადრები სწორედ მან მოიპოვა, რისკის ფასად გადაარჩინა, საზღვრებს გარეთ გაიტანა და შემდეგ გაავრცელა. არ შეიძლება დაკნინდეს მედიის როლი - არასამთავრობო მედიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მათ დიდი საქმე გააკეთეს. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები. ცუდი კამპანია იყო - "ეს შენ გეხება"?! ყველაფერმა იმუშავა.
საერთოდ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დღეს და ხვალ შეიძლება ვერ მიიღო შედეგი, მაგრამ ის აუცილებლად დადგება. საზოგადოება რომ მზად არ ყოფილიყო ამისთვის, რა ფულიც უნდა დაერიგებინა ყველასთვის სათითაოდ ბიძინა ივანიშვილს, არაფერი მოხდებოდა. ამას სჭირდებოდა მომწიფებული, სერიოზული პროტესტი, აბსოლუტურად უანგარო. ვერც იმ აღშფოთებას, რისხვას გამოიწვევ ფულით და ვერც იმ სიხარულს, რისი მოწმენიც გავხდით...
- თქვენ არ ეთანხმებით გია ნოდიას შეფასებას, რომ ფულმა დაამარცხა დემოკრატია ამ არჩევნებზე...
- ეს რომ მართლა დემოკრატია ყოფილიყო, მის დასამარცხებლად ვერანაირი ფული ვერ იმუშავებდა. დემოკრატია ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობას გულისხმობს, შეუძლებელია, ისინი ფულით იყიდო. მე ვიტყოდი, რომ სწორედ დემოკრატიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ დაამარცხა ფულის მოტრფიალე, ავტორიტარული რეჟიმი.
- თქვენც დემოკრატიულად მიიჩნევთ სააკაშვილის ნაბიჯს, როცა მან დამარცხება აღიარა?
- ჩემთვის ეს არის კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის განწირული ნაბიჯი. სააკაშვილისთვის ხალხის ნება და ხმა რომ ყოფილიყო მნიშვნელოვანი, ის ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა. სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტი არასდროს ყოფილა, რის გამოც ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ვინც ხმა მისცა, არც მათთვის დაუგდია ყური მაინცდამაინც. საზოგადოება დაყო თავისიანებად და მტრებად, რუსეთის აგენტებად. ახლა ამბობენ, ხალხი მოისყიდესო. ეს შეურაცხყოფაა. ფულს ატრიალებდნენ ხელისუფლების წევრები, აყვავდა ელიტური კორუფცია.
ბათუმმა რა უქნა სააკაშვილს? დაანახვა, რომ შუშა არაფერია. ამ შუშებში მან ადამიანი ჩაკარგა. ნახევარი საქართველო გამოკეტა დახურულ სისტემაში და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, გარეთ კი წარმატებულ რეფორმებზე უტიფარი ტრაბახითა და ტყუილებით ახერხებდა მცდარი სურათის დახატვას. გახსოვთ, როგორი თავხედური შეფასებები გააკეთეს მისი გუნდის წევრებმა არჩევნების დღეს? სააკაშვილს რომ მისცე შანსი, როგორც ხაშურში, ისე დაივლის ყველა უბანს. რა ხალხის ნების პატივისცემაზეა ლაპარაკი? ეს ცინიზმია! არ დაიჯეროთ, რომ სააკაშვილი დაცემულია. მას ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. გაიხსენეთ მისი სახე ციხის სკანდალის შემდეგ - შეძრწუნებული არა იმით, რა ხდებოდა ციხეში, არამედ იმით, ვინ გაბედა ამის გამომზეურება. ორი დღე საპროტესტო მუხტის ჩაწყნარებამ როგორი ენერგია მისცა. ვინც სააკაშვილს კარგად იცნობს, იცის, როგორ იკვებება სხვისი შეცდომით, მარცხით, არაჯანსაღი ენერგიით. წამოიმართა და დაიწყო იგივე რიტორიკა. არა მხოლოდ მან, არამედ მისი გუნდის წევრებმაც მისი ლექსიკით დაიწყეს ლაპარაკი.
- ქალბატონო თამარ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი "მეცხრე არხის" გაყიდვას აპირებს...
- თუკი ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ეს სწორი ნაბიჯი იქნება. საერთოდ, მედია თუ არ გათავისუფლდა, რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი? გაიხსენეთ, მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოსული, ნაწილი ღამის სამ საათამდე ტელევიზორებთან იჯდა და შედეგების გამოცხადებას ელოდა. ჩაგერთოთ სახელისუფლებო არხები და გენახათ, ამ დროს რა გადიოდა!.. საქართველოში შეიქმნა მრუდე სარკეების სამყარო. უნდა გეყურებინა მხოლოდ დამახინჯებული, მოდელირებული რეალობისთვის, რათა არასდროს მოგესურვებინა ნაბიჯის წინ გადადგმა. ამ ტელეარხებმა ტვინების გამორეცხვისა და ზომბირების ფუნქცია აიღეს.
- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ძალიან გააბრაზა თქვენმა ერთმა რეპლიკამ. როგორ ხედავთ ამ არხის როლს დღეის შემდეგ?
- შეკითხვამ რატომ გააღიზიანა ჭანტურია, ერთი პასუხი მაქვს - ღიზიანდება, გარბის და შეტევაზე გადადის მხოლოდ სუსტი.... რაც შეეხება ამ არხის როლს, ბავშვმაც იცის, რომ თუ სათამაშო მისია, თავად განკარგავს მის ბედს, თუ საერთოა, მაშინ ყველას ერთნაირად აქვს თამაშის საშუალება. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის საზოგადოების!.. ის უნდა იყოს მიუკერძოებელი და ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესს.
- რაც შეეხება "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს, ამ ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს. აქ რა გამოსავალს ხედავთ?
- ჩემი აზრით, უნდა გამოიძიონ, რა მოხდა და გაგვარკვიონ, ვის ეკუთვნის ეს ტელევიზიები. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია კადრს მიღმა რაღაცის გადანაწილება. პირველ რიგში, კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც განიხილავს ყველა საქმეს და გადასცემს სასამართლოს. დღეს რომელი სასამართლოს იმედი უნდა ვიქონიოთ, რომელმაც წლების განმავლობაში 0,1% გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა დამნაშავეა?!. ასი ათასი პრობაციონერი, 25 ათასი პატიმარი გვყავს ქვეყანაში, დიდი საპყრობილე გააკეთეს.
ყველა სფერო მათ ხელში იყო. რა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს, გზები? გზებს ყველა ხელისუფლება დააგებდა, განათება? გასაგებია. ხელისუფლებაში ხარ და ბიუჯეტი გაქვს, მაგრამ ეს საგარეო ვალი ვინ უნდა გაისტუმროს, რითაც გზები და შუქი გვაქვს? ყველა ხელისუფლებამ გაღლიტა საქართველო. რა ფული გავიდა საზღვარგარეთ, ოფშორულ ზონებში რა თანხებია გადარიცხული გნებავთ წინა ხელისუფლების დროს? არავის არ უნდა წარსულში დაბრუნება. ეს ბოდვაა!.. გაუთავებელი საუბარია იმაზე, ვაიმე, რუსეთი მოვაო. მეტი როგორღა უნდა მოვიდეს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ხელშია, გორთან დგას რუსული ჯარი. რუსეთი ახლა უნდა გავიდეს, ამისი ეშინოდათ, რომ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელიც გაწევდა რუსეთს უკან და იმ კაპიტალის ნაწილს მაინც გამოიხსნიდა. ჯორჯ ორუელის "1984"-ს თუ გავიხსენებთ, ზუსტად იგივე ხდება იქ, ხალხს მუდმივად იმის შიშით აცხოვრებენ, რომ ან ერთი მეზობელი უნდა დაესხას თავს, ან მეორე.
- ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ "მეცხრე არხი" და "მაესტრო" გახდნენ სახელისუფლებო ტელევიზიები?
- არ უნდა გახდეს!.. ცალსახაა მიდგომა და სურვილი. სახელისუფლებო ტელევიზია შეიძლება არსებობდეს, რომელიც დაინტერესებულ მაყურებელს მიაწვდის ინფორმაციას ხელისუფლებაში მყოფი პირების ქონებრივი დეკლარაციების, მათი ყოველი ნაბიჯის შესახებ. ერთი ასეთი არხი შეიძლება არსებობდეს, რომელსაც დაერქმევა სახელისუფლებო არხი. ის დააფინანსონ და ყველა დანარჩენს თავი დაანებონ. კერძო ტელევიზიას, თუკი დანაშაულს არ სჩადის, ვერაფერს მოსთხოვ. ვისაც გინდა, ჩამოართმევ ტელევიზიას და ვისაც გინდა, გადასცემ, ასეთი მიდგომა მიუღებელია. ამის წინააღმდეგ ვიდექით ქუჩაში ამდენი ხანი. კერძო საკუთრება, სიცოცხლე, სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია. ყველაფრის ცენტრში კი ადამიანი უნდა იდგეს და არა შუშის შენობა.
26 მაისს რაც მოხდა, არასდროს დამავიწყდება. ესეც ციხეები იყო, არ ვიცოდითო, რომ გაიძახიან? რუსთაველზე ხელბორკილებდადებული ნიკა კვინტრაძე რომ შეაგდეს შენობის სახურავზე, მეორე დღეს კი წითელი ხალიჩები გადაფინეს, სისხლიან ქვაფენილზე?!.. აღარ გავიხსენებ გირგვლიანის და სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც ხალხს ისედაც ახსოვს. ამის წინააღმდეგ იდგნენ ადამიანები გარეთ.
- თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება შედგა?
- ნამდვილად შედგა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმართავი ბრბოსგან განსხვავებით, ცივილიზებულად შეგვიძლია ვიბრძოლოთ საკუთარი პრინციპებისთვის და გამარჯვებაც მოვიპოვეთ, მაგრამ მას გამტკიცება და რაც მთავარია, შენარჩუნება უნდა!
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)