საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"მე ვუყურებ პროცესს გაცნობის და ჩვენი დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გადაცემის იმ ფონდების, რომელიც არის. საქართველოს აქვს ბევრად ნაკლები ვალი, ვიდრე ჰქონდა "ვარდების რევოლუციის" წინ. საქართველოს აქვს იმხელა რესურსები ბიუჯეტის, როგორც არასდროს არ ჰქონია ისტორიაში. სხვა რომ არაფერი შექმნან და უბრალოდ ეს რესურსები იქნას გამოყენებული, ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს. ამიტომ ახლა უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება, მისი ქართველი ხალხისთვის, განვითარებისთვის მოხმარება. უნდა გაგრძელდეს ასევე საგარეო-პოლიტიკური, ევროატლანტიკური კურსი. ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს. პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა. აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და მოვეშვათ საარჩევნო რიტორიკას, აგრესიას, რაღაც სხვა გამონათქვამებს. რეალურად დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რასაც ხალხმა არჩევნებზე მისცა ხმა - ეს არის პროგრესი საქართველოს და თითოეული ქართული ოჯახის", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა აღარ უნდა გაჭიანურდეს არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტება და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.