ამერიკის საპრეზიდენტო დებატებში მიტ რომნისა და ბარაკ ობამას შემდეგ ვიცე პრეზიდენტების ჯერიც დადგა. გუშინ პირდაპირი ეთერით გადაცემულ დებატებში ერთმანეთს მოქმედი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მიტ რომნის კანდიდატი, პოლ რაიანი დაუპირისპირდნენ. კანდიდატებმა აშშ-ის ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს.
ბაიდენის მთავარი კრიტიკა მიტ რომნის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა.
"ომი ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს აბსოლუტური საჭიროებით გამოწვეულ ღონისძიებას. ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი ბირთვული იარაღი", - განაცხადა მან, რაიანმა კი ობამას ადმინისტრაცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.
"არჩევანი ნათელია: ინერტული ეკონომიკა, რომელიც ზრდის მთავრობაზე დამოკიდებულებას ან დინამიური, მზარდი ეკონომიკა, რომელიც ქმნის შესაძლებლობებსა და სამუშაოს. მიტ რომნი და მე არ ვაპირებთ თავი ავარიდოთ რთულ პოლიტიკურ საკითხებს და მით უმეტეს, არ ვაპირებთ ეს სხვებს გადავაბრალოთ ოთხი წლის განმავლობაში", - დასძინა რესპუბლიკელების კანდიდატმა.
ინტერაქტიული გამოკითხვების მიხედვით, მაყურებელთა 48%-ს რაიანის გამოსვლა მოეწონა, 44 %-ს კი ბაიდენისა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მიტ რომნის პოზიციებს, რომელმაც წინა კვირით გამართულ საპრეზიდენტო დებატებზე, მაყურებლის აზრით, ობამაზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.