საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს მუშაობის დაწყება ქუთაისში მოუწევს, ხოლო პარლამენტის ძველი შენობა, რომელიც რუსთაველზე, ყველასთვის ძვირფას ადგილზე მდებარეობს, ადგილზე, სადაც 9 აპრილს ქართველი ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა, უფუნქციოდ არის დარჩენილი. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, პარლამენტის შენობა არ გაყიდულა და ყველა მოლაპარაკება, რომელიც ამ საკითხის შესახებ მიმდინარეობდა, ჯერჯერობით შეჩერებულია. რა ბედი ეწევა საქართველოს პარლამენტს, დარჩება თუ არა ის დედაქალაქში? - ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი:
- ბატონო გია, როდესაც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იხსენებდნენ, რომ ის დანგრეული ტაძრის ადგილას, ქართველი იუნკრების ძვლებზე აშენდა.
- მაინტერესებს, 2003 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა შტურმით აიღო ეს შენობა, რატომ არავის გაახსენდა, რომ იქ ადრე ტაძარი იყო? სხვათა შორის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არ იყო ქართველების მიერ აშენებული ტაძარი, ის რუსეთის სამეფო ადმინისტრაციამ ააგო მეცხრამეტე საუკუნეში რუსი ჯარისკაცების სამლოცველოდ. ეს არ იყო ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი და არ ჰქონია განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა. მართალია, იმ ადგილას არიან დაკრძალული ქართველი იუნკრები, მაგრამ მერწმუნეთ, პარლამენტის გადატანასთან არც ტაძარი და არც იუნკრები არაფერ შუაშია. სიმართლე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის პანიკურად ეშინოდა და დღესაც ეშინია თბილისის. 1-ლი ოქტომბრის არჩევნები მან თბილისში პირწმინდად წააგო, რადგან თბილისმა მას არ აპატია 7 ნოემბერი, არ აპატია 26 მაისი. ის ყოველთვის გარბოდა ამ ქალაქიდან და ამიტომაც გადაწყვიტა პარლამენტი ქუთაისში გადაეტანა.
- ამით რა შეიცვლებოდა?
- როგორც ჩანს, ის არ გამორიცხავდა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას. იმ შემთხვევაში კი, თუ "მოიგებდა" არჩევნებს, ანუ გააყალბებდა, ხალხი პროტესტის ნიშნად რუსთაველზე გამოვიდოდა. სხვათა შორის, თვითონაც ამ შენობის წინ იდგა "ვარდების რევოლუციის" წინა დღეებში და იქიდან მოუწოდებდა მხარდამჭერებს, მისი ინტერესები დაეცვათ. მას რა თქმა უნდა, ეშინოდა საერთო-სახალხო აქციებისა, ამიტომაც მოწყვიტა პარლამენტი დედაქალაქს და ქუთაისში გადაიტანა. სააკაშვილს ჭირივით სძულს თბილისი, ის ვერ ჩასწვდა ამ ქალაქის ბუნებას, ვერ ჩასწვდა იმ ხალხის მენტალობას, რომელიც აქ ცხოვრობს, მას არ ჰყოლია ძმაკაცი და მეგობარი არც სკოლაში, არც შემდეგ და მე ეს ძალიან კარგად ვიცი. ამ სიძულვილის გამო მას თბილისელებმა უკვე გადაუხადეს - არც ერთი ხმა არ მისცეს სექსუალური მანიაკების ბელადს, რომლებიც იმით ერთობოდნენ, რომ ციხეებში კაცებს ცოცხებითა და სიგარეტის ნამწვებით აუპატიურებდნენ. ეს არის დამნაშავე, რომელმაც კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ახალაიებთან და სხვა ავადმყოფებთან ერთად. თბილისმა ამ მანიაკებს ასე გადაუხადა სამაგიერო: არ მისცა არც ერთი მანდატი დედაქალაქიდან. სხვათა შორის, ამის საუკეთესო მაგალითია ნაძალადევი, სადაც ასი უბნიდან ასივე წააგეს. ნაძალადევს 12 წლის განმავლობაში მართავდა კრიმინალი და კარის ბიზნესმენი სამადაშვილი, რომელსაც მილიონები აქვს ნაშოვნი ნაძალადევის მოსახლეობის ხარჯზე. დიახ, მათ სძულთ დედაქალაქი, თუმცა თბილისელებსაც სძულთ სააკაშვილი, გეგენავა, ცისკარიშვილი და საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობა". ისე, არც ვანო მერაბიშვილია თბილისელი, არც ზურაბ ადეიშვილი, და არც გია ბარამიძე. ვინ არიან, კაცმა არ იცის... მათ სურდათ გაერყვნათ, გადაეჯიშებინათ ეს ქალაქი და როგორც ექცეოდნენ თბილისელებს, შესაბამისი პასუხიც მიიღეს. მორჩა, დამთავრდა! მათ არავინ შეარჩენს 7 ნოემბერს, 26 მაისს, ადამიანების ხოცვა-ჟლეტას და მაღაზიების თავზე შემოწყობას. რა თქმა უნდა, თბილისელები არ არიან შურისმაძიებელნი, სწორედ ამიტომ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და კანონიერი გზით აღკვეთეს ნაციონალების პარპაში.
- როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები ქუთაისშიც წააგო.
- დიახ, ასეა. იქაც დამარცხდნენ გამანადგურებელი ანგარიშით. სხვათა შორის, სააკაშვილი ქუთაისში დადიოდა და თბილისელებს ლანძღავდა. ეტყობა, არ იცის, რომ ეს ერთი, მთლიანი საქართველოა. სააკაშვილმა თავისი ქვეყნის ისტორია არ იცის, იქნებ ამიტომაც, მას არსად დაედგომება - არც ქუთაისში, არც თბილისში და არც ბათუმში. ის დამნაშავეა და აუცილებლად აგებს პასუხს. ყველა, ვინც ადამიანებს სტანჯავდა და აწამებდა, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. მათ გაასამართლებს თავისუფალი სასამართლო. ჩვენ ლინჩის წესით ადამიანების ჩაქოლვას, მათ მოტაცებას და მერე საპროცესო გარიგებების გაფორმებას ნამდვილად არ ვაპირებთ, როგორც ამას აკეთებდნენ ეს ნაძირალები. არ ვაპირებთ, უდანაშაულო ადამიანები საცვლების ამარა წამოვყაროთ საწოლებიდან, შიშველ-ტიტვლები ვარბენინოთ ქუჩაში და მუქარითა და დაშინებით გადავიფორმოთ მათი ქონება. ეს ტრაგედია, ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში ერთხელ უკვე მოხდა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ამიტომაც გადაიტანა სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში, ეგონა, იქ ვერ მივწვდებოდით, მაგრამ მაინც მივწვდით, რადგან ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბოროტება და უსამართლობა.
- ბატონო გია, როგორ წარმოგიდგენიათ ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციის ამპლუაში?
- მე მათი ოპოზიციონერობა ძნელად წარმომიდგენია. მითხარით, რა ვუყოთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, თვალი დავხუჭოთ? - ამაზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. შეიძლება მითხრათ, უდანაშაულობის პრეზუმფცია ხომ არსებობსო?! - რომ არსებობს, სწორედ ამიტომ უნდა გაიმართოს გამჭვირვალე სასამართლო და მათი საკითხი გადაწყვიტოს. ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს, რადგან ეს არის ჩვენი მოვალეობაც და ვალდებულებაც.
- ბატონო გია, დავუბრუნდეთ პარლამენტის შენობას, გავრცელებული ინფორმაციით, ის შიგნით მთლიანად დაანგრიეს.
- დიახ, როგორც გოთები შეესივნენ ერთ დროს რომს, მოსპეს, გაანადგურეს და შემდეგ ამით ამაყობდნენ, ზუსტად ასე, ბარბაროსებივით, ნაჯახებითა და ჩაქუჩებით ანგრევდნენ იქაურობას. დაჩეხეს "პირველი რესპუბლიკის დარბაზი", "ილია ჭავჭავაძის დარბაზი", საერთოდ დაანგრიეს და მოსპეს სხდომათა დარბაზი, იავარჰყვეს იქაურობა. სააკაშვილმა ბარბაროსულად დალეწა ყველაფერი, მანამდე კი უამრავი ცვლილება შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში და მცირე შანსიც კი არ დაუტოვა საქართველოს პარლამენტს, დედაქალაქში შეკრებილიყო. სწორედ ამიტომ დაანგრიეს ეს შენობა, ახალი პარლამენტის შენობის ასაგებად კი 160 მილიონი დახარჯეს, ეს იყო უყაირათო, დაუშვებელი ხარჯი.
- რას აპირებთ, როგორ გადაწყდება საქართველოს პარლამენტის ბედი, ან სად გაიმართება მისი სხდომები?
- ჩვენ არ დავარღვევთ კონსტიტუციას, შევიკრიბებით ქუთაისში და შემდეგ ერმა და ბერმა გადაწყვიტოს, სად იმუშაოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ. თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და, ამასთანავე, ამიერკავკასიის ცენტრი. მოსწონთ თუ არა ეს სამადაშვილს, მერაბიშვილსა და ბობოხიძეს, საერთოდ არ მაღელვებს. ვახტანგ გორგასალმა დაადგინა საქართველოს დედაქალაქად თბილისი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, ეს შეცვალოს? გამოეტანა ეს საკითხი განსახილველად, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ხალხის აზრის მიხედვით მოქცეულიყო. მგონი, თვითონ ქუთაისელებიც დაგვეთანხმებიან, რადგან დღეს მათ უფრო დიდი პრობლემები აქვთ, ვიდრე მათ ქალაქში პარლამენტის არსებობაა.
არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტოს ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორი ძლიერიც უნდა იყოს ის. "ქართული ოცნების" სიძლიერე სწორედ ის იქნება, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოს მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყდება. მოდი, ამ საკითხის გადაწყვეტაც ჩვენს მოსახლეობას და მის მიერ არჩეულ ახალ ხელისუფლებას მივანდოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)