25 წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ ასე იმედიანად არასდროს ყოფილა. საპარლამენტო არჩევნებში რუსთაველების რჩეული გახდა. ამბობს, რომ თითოეული ამომრჩევლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და მათ ყველა დანაპირებს აუსრულებს. ჩემი რესპონდენტები ზვიად ძიძიგური, მისი მეუღლე - ეკა კუტალია და პატარა ძიძიგურები არიან.
- ბატონო ზვიად, პირველ რიგში, გამარჯვებას გილოცავთ!
- გმადლობთ. ახლა მთავარია, ეს გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვებად ვაქციოთ. არ მახსოვს არც ერთი არჩევნები, ხალხი ქალაქიდან თავის რაიონში ხმის მისაცემად წასულიყო. წელს ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. არჩევნებში გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ხალხის უმაგალითო აქტიურობამ ითამაშა. რუსთავში წინა არჩევნებში სტანდარტულად - 45 ათასი კაცი მონაწილეობდა, წელს კი 66 ათასი ადამიანი მოვიდა. ხალხს ჰყავდა კარგი ლიდერი, რომელსაც ენდობოდა, პატივს სცემდა, ახსოვდა მისი გაკეთებული სიკეთეები...
- გამარჯვებას როგორ შეხვდით, რა განცდა გქონდათ?
- პირველი ნახევარი საათი მქონდა ემოცია, სიხარულის განცდა... ამ ყველაფერმა მალევე გამიარა და ვიგრძენი, რომ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა გამიათმაგდა. რასაც მოსახლეობას დავპირდით, ყველაფერი უნდა შევასრულოთ. საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა და ახლა ჯერი ჩვენზეა. კოალიციის მთავარი მიზანია, მიღწეული გამარჯვება ხალხის გამარჯვებად აქციოს. დროა, ხელები დავიკაპიწოთ და შრომას შევუდგეთ.
- წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებები უხვად გაიცა. ზოგიერთს არ სჯერა, რომ თქვენ ყველა დანაპირებს შეასრულებთ. მათ რას ეტყვით?
- ბიძინა ივანიშვილი ჯერ არავის დაჰპირებია ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებდა. შეგახსენებთ, როცა რუსეთში ბანკები გაკოტრდა, ივანიშვილის ბანკი იყო ერთადერთი, რომელმაც დამატებით ვალები აიღო და ყველა მეანაბრე გაისტუმრა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავისი სახელი, როგორც პატიოსანი ბიზნესმენის, გადაერჩინა. მას მსოფლიოს ბიზნესწრეები იცნობენ, როგორც სიტყვის პატრონ კაცს. მან სიტყვა თქვა და მჯერა, შეასრულებს. საზოგადოებისთვის არც ერთი ისეთი დაპირება არ მიუცია, რომლის შესრულების იმედიც არ ჰქონდა. ასეთია ანაბრების საკითხი და საპენსიო ასაკის დაბლა დაწევა; უფასო ჯანდაცვა და მინიმალური პენსიის გაზრდა დაპირებად არ დარჩება.
- მინიმალური პენსიის რაოდენობა დაახლოებით რამდენი იქნება?
- სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა იძლეოდეს ნამდვილ და არა - პოლიტიკურ ციფრებს. უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის ნორმალურად დაანგარიშება. წინა მთავრობის გათვლით, საარსებო მინიმუმი 160 ლარია, მაგრამ სინამდვილეში, ორჯერ მეტია საჭირო. ამ ქვეყანაში ყველა პენსიონერმა ღირსეულად უნდა იცხოვროს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
- პრეზიდენტმა თქვა: ძიძიგურს მშობლიურ რაიონში მხარს არავინ დაუჭერდა და კენჭს რუსთავში ამიტომაც იყრისო...
- როგორც ყოველთვის, ის ამჯერადაც ცრუობდა. 2003 წლის არჩევნებში სამტრედიაში სერიოზული კონკურენტი დავამარცხე და სააკაშვილს ეს კარგად ახსოვს. მას უბრალოდ, ასეთი ტყუილი სჭირდებოდა და თქვა.
- მე მახსოვს, როგორ წარგადგინათ ბატონმა ბიძინამ რუსთაველების წინაშე. მან თქვენი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა; ისიც აღნიშნა: "გაუმარჯოს!" ძახილი ზვიადმა მასწავლაო.
- (იცინის) ბატონი ბიძინა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მისი პირველი და ბოლო საჯარო გამოსვლები გაიხსენეთ და შედარება გააკეთეთ. საოცარი ინტუიცია აქვს. ყოველთვის ახერხებს სიტუაციაში გარკვევას. მის გარდა კოალიციას ვერავინ შეკრებდა. ჩვენ არაერთხელ გავერთიანდით და დავიშალეთ, მან კი ერთი წლის წინ დაშლილი, გაუბედურებული ოპოზიციიდან სერიოზული და ეფექტური გუნდის შეკვრა მოახერხა.
- ოჯახში როგორ გგულშემატკივრობდნენ?
- რას მგულშემატკივრობდნენ?! შინ რომ მივდიოდი, ეძინათ, მოვდიოდი - ეძინათ. პირველ ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ეკა და ელენე წამომყვნენ. 2 ოქტომბრის დილას, ვიდრე გიორგი სკოლაში წავიდოდა, მოვიდა და გამარჯვება მომილოცა... სახლში პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ. ზოგჯერ ჩემ შესახებ სიახლეებს ტელევიზიიდან იგებენ.
ეკა კუტალია:
- წლებია, ზვიადი პოლიტიკაშია. მის დღის რეჟიმს და დატვირთულ გრაფიკს მიჩვეულები ვართ. ბავშვებმაც იციან, რა ხდება. ამბობდნენ: მიშა უნდა წავიდეს და სხვა ხელისუფლება მოვიდეს; მამა კი კენჭს რუსთავში იყრისო. არჩევნების მეორე დღეს სანდრომ მკითხა: ხომ მოვიგეთ და მიშა პრეზიდენტად რაღატომ არისო?
- მამას სახლში ხშირად რომ ვერ ხედავდნენ, ამას არ აპროტესტებდნენ?
- არა. მათ იციან, რომ მამა მუშაობს... თუმცა, წელს ზაფხულში პატარები სოფელშიც ვერ წავიყვანეთ და ამის გამო ცოტა არ იყოს, გაბრაზებულები იყვნენ.
- ძმები პატარა ელენეს ალბათ, ყველაზე მეტად ეფერებიან.
ზვიადი:
- ოთხივემ იცის, რომ ელენეს უნდა გაუფრთხილდნენ. ელე კი უფრო ხშირად ვაჩესთან თამაშობს.
- ელენეს ნათლია პატრიარქია, არა?
- მისი ნათლიები პატრიარქი და რეზო ჯანაშია არიან. ვაჩეც პატრიარქის ნათლულია.
- თუ არ ვცდები, ერთ-ერთი შვილის ნათლია კახა კუკავაა. თქვენი გზები მხოლოდ პოლიტიკაში გაიყო თუ...
- (მაწყვეტინებს) კახა სანდროს ნათლიაა. ჩვენ არ გვიჩხუბია, მაგრამ ურთიერთობა ცოტათი "გაგვიცივდა". მის მიმართ პატივისცემის გრძნობა მაქვს. ნათელ-მირონი არ დაიკარგება.
პატარა ძიძიგურები: გიორგი, სანდრო და დემე სიტყვაძუნწი რესპონდენტები აღმოჩნდნენ. ვაჩემ და ელენემ ჯერ პოლიტიკის არაფერი იციან, ამიტომ ჩემთან ლაპარაკს თამაში არჩიეს.
- თუ იცით, რას ნიშნავს სიტყვა "მაჟორიტარი"?
გიორგი:
- არა.
- მამას არ ჰკითხეთ?
დემე:
- რაღაც კარგს ნიშნავს... ვიცი, რომ მამამ პარლამენტში უნდა იმუშაოს.
- სკოლაში ბავშვები პოლიტიკაზე ლაპარაკობთ?
- ჩემთან ლაპარაკობდნენ. იცოდნენ, მამამ რომ გაიმარჯვა და მომილოცეს.
გიორგი:
- კლასელები მთხოვდნენ, მათთვის "ქართული ოცნების" მაისურები მიმეტანა.
- დემე, მე შენთან ინტერვიუ ადრეც ჩამიწერია. მაშინ მითხარი, - მამა კომპიუტერს თუ არ ჩამირთავს, ოპოზიციაში, მიშას მხარეს გადავალო. ახლაც ხომ არ აშანტაჟებ?
- (იცინის) ახლა მიშას მხარეს აღარ გადავალ.
- იცი, მამას ოპოზიცია ვინ არის?
- არა.
გიორგი:
- ვგრძნობდი, მამა გაიმარჯვებდა.
დემე:
- ჩემს კლასში ერთი ბავშვი "სხვა მხარეს" იყო.
- "სხვა მხარე" რას ნიშნავს?
- "ქართული ოცნების" მეორე მხარეს.
- მამა ტელევზიით რომ გამოდის, უყურებთ?
სანდრო:
- ჰო. პოლიტიკაზე ლაპარაკობს ხოლმე. ისე, ადრე უფრო ხშირად ვუყურებდი.
- ზვიადი როგორი მამაა?
გიორგი:
- მშვენიერი.
დემე:
- ყველაზე კარგი მამაა.
- სკოლაში თქვენთან ხშირად მოდის?
სანდრო:
- ჩემთან ზეიმზე იყო - ვთხოვე და მოვიდა. ისე, სკოლაში დედა უფრო ხშირად დადის.
- მამას რას სთხოვთ ხოლმე?
- რესტორანში წაყვანას. ხინკალი გვიყვარს.
- დღესასწაულებზე, როცა თქვენთან სტუმრები მოდიან, ჩოხებს იცვამთ, არა?
დემე:
- კი. ჩოხა რომ მაცვია, მცხელა. ზამთარშიც მცხელა, მაგრამ ხანჯალს რომ ვიკიდებ, მომწონს.
- ყველაზე ხშირად, მამა რაზე გიბრაზდებათ?
გიორგი:
- საერთოდ არაფერზე არ ბრაზდება.
ეკა:
- ზვიადი მკაცრი მამა არ არის. ბავშვებთან ჩხუბი ჩემი საქმეა.
- როგორი მეუღლეა?
- ყურადღებიანი ადამიანია, თბილი და მოსიყვარულე. პრეტენზიული არ არის. კერძი თუ არ დახვდა გამზადებული, შეუძლია, რაიმე სახელდახელოდ, თავად მოიმზადოს. სამზარეულოში ტრიალი ეხერხება.
- მისი საყვარელი კერძი რომელია?
- მწვადი, ხინკალი და ქაბაბი უყვარს. მწვადის შეწვას არავის ანდობს, ბუხარში თავად წვავს.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ზვიადს მეგობრებთან ერთად მოლხენა უყვარს. შარშან ზაფხულში ჩვენთვისაც ეცალა. ვაჩეს ნათლია საჩხერეში ცხოვრობს და მათთან სტუმრობის დროს, ბავშვები ტყეში წაიყვანა, კარავი წაიღო და ერთი ღამე იქ გაათენეს.
- მას, როგორც პოლიტიკოსს, რას ურჩევთ?
- ზვიადი გულწრფელი ადამიანია; ყოველი მისი სიტყვა გულიდან ამოდის. მინდა, მის გულწრფელობაში ხალხიც დარწმუნდეს. მჯერა, თავს არ დაზოგავს და ბოლომდე დაიხარჯება.
- ბატონო ზვიად, ვიდრე ახალი პარლამენტი შეიკრიბება, განტვირთვას ვერ მოახერხებთ?
- ჩემი განტვირთვა ის იქნება, თუ 2 დღით მონასტერში გავიპარები.
- ამის გაკეთებას აპირებთ?
- ჯერ ვერა. ძამას ხეობაში, ქოზიფას მამათა მონასტერში ხშირად დავდივარ, მაგრამ დიდი ხანია, იქ ასვლაც ვერ მოვახერხე.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)