დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" ოფისში შს მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
ღარიბაშვილი პოლიციელებს დაპირდა, რომ პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ისევ შეხვდებოდა.
როგორ შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მოუწოდა პოლიციელებს, მშვიდად დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებზე, თავად კი სიტუაციაში გასარკვევად შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდება.
მისივე თქმით, საკითხში გარკვევას შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესთან შეხვედრის დროსაც შეეცდება. ღარიბაშვილი მოუწოდებს მოქმედ მთავრობას, ხელისუფლების ოფიციალურ გადაბარებამდე რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ.
"თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა იქნება გარდაუვალი, ჩვენი გუნდის თხოვნაა, რომ იქნებ შედგეს წინასწარი კონსულტაციები მომავალი მთავრობის წევრებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის პოლიციის რომელიმე თანამშრომელი მაინც იქნება გათავისუფლებული სამსახურიდან, მინისტრად დამტკიცების შემდეგ, აუცილებლად დააბრუნებს უწყებაში.
"ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.