სააკაშვილ-ივანიშვილის პირველ შეხვედრასა და ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პროცესებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, 9 ოქტომბერი ქართული პოლიტიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე აღმოჩნდა - არჩევნებში გამარჯვებული გუნდი არჩევნებში დამარცხებულმა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ხელმძღვანელობითვე მიიღო. ბოლოს და ბოლოს ქართველებიც ვეღირსეთ არჩევნების შემდეგ პოლიტიკოსთა ცივილიზებულ ქცევას. ყველაზე საინტერესი იყო მოვლენის მთავარი ფიგურანტების, სააკაშვილისა და ივანიშვილის პროტოკოლის ფარგლებში ქცევა. ორივე მაქსიმალურად ცდილობდა ემოციების დამალვას. სააკაშვილი კამერების წინ გაღიმების კი ცდილობდა, მაგრამ მისი ოპონენტი აბსოლუტურად უემოციო იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და ამ შეხვედრაზე სააკაშვილისა და ივანიშვილის ქცევას?
- პოლიტიკოსების ქცევის შეფასება მაშინაც შეიძლება, თუ ტელევიზორს ხმას ჩავუწევთ და მათ ქცევას დავაკვირდებით. პოლიტიკოსების ტექსტებზე შესაძლოა მუშაობენ ექსპერტთა ჯგუფები, მაგრამ რაც შეეხება მათ სხეულს, აშკარაა, რომ მათ სხეულზე კარგად ვერ მუშაობენ და პოლიტიკოსებიც თავის სხეულს შესაბამისად ვერ აკონტროლებენ.
რაც შეეხება სააკაშვილისა და ივანიშვილის პირველ შეხვედრას, გამოვყოფდი სამ ძირითად მომენტს. პირველია ხელის ჩამორთმევა. თუ დავაკვირდებით მათ ხელებს, ასეთ სურათს მივიღებთ - ხელის ჩამორთმევის პროცედურა კარგად გვანახებს, თუ ვინაა ამ შემთხვევაში მთავარი, ანუ ძალაუფლების მქონე. ხელის ჩამორთმევის ეპიზოდში ნათლად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი ივანიშვილია. ეს ჩანს ხელის მოკიდების მანერასა და ივანიშვილის მოკლედ გაწვდილ ხელში პრეზიდენტის ხელის მდგომარეობაში.
მეორე დეტალი ისაა, რაც სააკაშვილს არასდროს არავისთან ერთად სიარული არ ახასიათებდა. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ იგი სტუმარსაც და მასპინძელსაც არასდროს ელოდებოდა და ყოველთვის ყველაზე წინ გარბოდა. სიტუაციაში, როდესაც ისინი გამოდიან შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშკარაა, რომ იგი ივანიშვილს უკან მიჰყვება, რაც მისთვის წარმოუდგენლად არადამახასიათებელია. შეხვედრაზე სააკაშვილის ქცევა ივანიშვილზე მის აშკარა დაქვემდებარებულობაზე მიანიშნებდა. მხედველობაში მაქვს ფსიქოლოგიური დაქვემდებარებულობა და არა სტატუსით დაქვემდებარება.
მესამე მომენტი ასევე ამაზე მიუთითებს - მოძრაობებს კარნახობს ივანიშვილი და არა სააკაშვილი. როცა პრეზიდენტი ამთავრებს სიტყვას, ივანიშვილი ხელით მიანიშნებს, რომ დამშვიდობებაა საჭირო, მისი მხრიდან იგი არასრულ ნაბიჯს დგამს, შემდეგ კი პრეზიდენტი ორი ნაბიჯს დგამს. ეს დაახლოებით ისეთი რამაა, მე რომ თქვენ განიშნოთ - მოდი და ხელი ჩამომართვი. აქაც სრული დაქვემდებარება სახეზეა. სააკაშვილ-ივანიშვილის შეხვედრაზე ფსიქოლოგიური უპირატესობა სერიოზულად ივანიშვილის მხარეს იყო. ეს ყველაფერი ამ შეხვედრის მთავრ პირთა მოძრაობაში აშკარად ჩანდა.
- თუ ისევ შეხვედრის შემდეგ მათივე გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, ერთი ერთზე შეხვედრა საკმაოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო, რომლის შინაარსი თავად სააკაშვილმა და ივანიშვილმა იციან. ვიდრე ამ შეხვედრის დეტალებზე სააკაშვილსა და ივანიშვილს საჯაროდ ჯერ არ უსაუბრიათ, თქვენი ვარაუდით, როგორი იქნებოდა მათი დიალოგი, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს დიალოგის რეჟიმში ოპონენტებთან კარგა ხანია არ უსაუბრია, ახლა კი მას ამის გაკეთება აშკარა მორალური და პოლიტიკური უპირატესობის მქონე, არჩევნებში გამარჯვებულ ბიძინა ივანიშვილთან მოუწია?
- ძნელია იმაზე საუბარი, თუ რაზე და როგორ ისაუბრეს მათ ერთი-ერთზე შეხვედრაზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვიმსჯელოთ იმაზე, რაც მათ შეხვედრის შემდეგ გააჟღერეს. არ ვიცი ისინი რაზე შეთანხმდნენ, ან საერთოდ შეთანხმდნენ რამეზე თუ არა, მაგრამ ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ თურმე, დასავლეთის კურსი დაემთხვა. ეს კარგია, რომ პოზიტივია, მაგრამ როცა ძალაუფლების გადაბარება ხდება და შიდა პოლიტიკის მთელი რიგი საკითხებია გადასაწყვეტი, ივანიშვილმა მხოლოდ დასავლური კურსის თანხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.
მნიშვნელოვანი იყო ივანიშვილის ტექსის მეორე ნაწილიც - "ისე კი არ მოვიქცევით, ამათ რომ ეკუთვნის, არამედ ისე, როგორც ქვეყანას ეკადრება". ეს სიტყვები სწორედ იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. სააკაშვილ-ივანიშვილის მთელი შეხვედრის პოზიტივი იყო მხოლოდ თავად შეხვედრის ფაქტი.
ზუსტად იმავე სტილში გააკეთა პრეზიდენტმა თავისი განცხადება. მან ბრძანა - მიუხედავად "ფუნდამენტური განსხვავებებისა", ეს ისტორიული დღეა, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა შედგა. მან "ფუნდამენტური განსხვავება" ორჯერ ახსენა და იქვე დასძინა, რომ აწი უკვე ოპოზიციაში გადასული მმართველი გუნდი კონსტიტუციისა და წესიერების ფარგლებში იმოქმედებს.
პრაქტიკულად ერთმა დაგვაყვედრა - "ამას კი ვიცი როგორ უნდა მოვექცე, მაგრამ თქვენი ხათრით, იმის გამო ისე არ მოვექცევი, რომ ეს ქვეყანას არ წაადგებაო." ხოლო მეორემ თქვა - "სხვანაირად მოვიქცევი, მაგრამ მოვიქცევი კონსტიტუციის ფარგლებშიო". მანვე დასძინა, რომ იგი კარგი ადამიანია და პატივს სცემს მოქალაქეების არჩევანს და კვლავაც გაიმეორა, კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგაო.
- ხომ არ ნიშნავს ივანიშვილის განცხადა - "მოვიქცევით არა ისე, როგორც ისინი გვექცეოდნენ" - იმას, რომ ივანიშვილმა სააკაშვილს ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა? და კიდევ, თქვენი აზრით, რაზე მინიშნებას შეეცადა პრეზიდენტი სააკაშვილი, როცა ყურადღება მხარეებს შორის "ფუნდამენტურ განსხვავებებზე გაამახვილა?
- სააკაშვილის მხრიდან "ფუნდამენტურ განსხვავებულობაზე" საუბარი წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკის ერთგვარი გამართლების მცდელობა იყო. ამით რამენაირად უნდა გამართლებულიყო მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას "მუმიებზე" საუბარი და "წარსულში დაბრუნების" რიტორიკა. იგი შეეცადა მისი გამოსვლა წინასაარჩევნო რიტორიკის შესაბამისობაში ყოფილიყო, მაგრამ აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო "ფუნდამენტურ განსხვავებულობაზე" საუბარი, ვინაიდან ივანიშვილის განმარტებით, ორივე მხარეს საგარეო კურსი ერთნაირი ჰქონიათ.
არ მგონია განსხვავებულობა შეეხებოდეს იმას, საერთოდ შეიძლება თუ არა პატიმრების ცოცხით დასჯა. ვიმეორებ, ჩემი აზრით, პრეზიდენტს განსხვავებულობაზე ხაზგასმა წინასაარჩევნო რიტორიკის გასამართლებლად დასჭირდა.
- მიუხედავად იმისა, პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს ძალაუფლების დემოკრატიული წესის დაცვით გადაბარებას, მან რამოდენიმე ისეთ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელთა თანახმადაც მთავრობა საპრეზიდენტო ხარჯების გაკონტროლებას ვეღარ შეძლებს. გარდა ამისა, მან გენერალური შტაბის უფროსად ბაჩო ახალაიას თანაგუნდელი დანიშნა. რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები?
- რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის განკარგულებით სპეცკავშირისა და მოსმენების განყოფილება შსს-ს დაქვემდებარებიდან გამოვიდა. აშკარაა, რომ პრეზიდენტი ცდილობს თავი დაიცვას. საერთოდ, რაც ბოლო დღეებში ხდება, მხედველობაში მაქვს დოკუმენტების დაწვა-განადგურება, ეს ხელისუფლების აშკარად დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს. შესაძლოა, პრეზიდენტის ფონდის ხარჯვითი ნაწილი ოპონენტისთვის სერიოზული დოკუმენტი აღმოჩნდეს. როგორც კი პრეზიდენტმა დაიწყო ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, დასავლეთმა იგი შეაქო, დასავლური პრესა ამას მიესალმა. მას უნდა შეინარჩუნოს მისდამი დასავლეთის კეთილგანწყობა და ის იმიჯი, რაც მის მიერვე გადადგმულმა ნაბიჯებმა მოუტანა. რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ამ ნაბიჯებს იმიტომაც დგამს, რომ მას ეს თავადაც მოეწონა და ამ თვალსაზრისით გარკვეულ ეშხში შევიდა კიდეც.
ჩემი აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი სერიოზულად დაღუპა იმან, ვინც მას მოუგონა სლოგანი - "მიშა მაგარია." სააკაშვილი პრაქტიკულად გადაყვა იმის მტკიცებას, რომ იგი "მაგარია." მისთვის რომ მოეგონებინათ სლოგანი - "მიშა ფრთხილი" ან "მიშა ბრძენი", გაცილებით აჯობდა. რაღაც სახელს რომ დაგარქმევენ, მერე იძულებული ხარ ის როლი ითამაშო და გაამართლო.
იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილს სურს შეინარჩუნოს დასავლეთში უკვე მოპოვებული იმიჯი და, მეორე მხრივ მას მისი პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიების საკითხი აღელვებს. "ნაცმოძრაობა" ისეთი მკვეთრი ვერტიკალი გახლდათ, რომ ერთს თუ მოკიდებ ხელს, ფაქტია, რომ ნებისმიერი საქმე სულ ზემოთ და ზემოთ წავა და არავინ იცის კონკრეტულად ვისთან მიგიყვანს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ივანიშვილი გარანტიებს ვერ მისცემდა.
თუ აწ უკვე მმართველი გუნდის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტები დალაგდა, ვინმეს უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება. აწ უკვე ყოფილი მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური გარანტიების მიცემა მათ სრულ უსაფრთხოებას სულაც არ ნიშნავს. ახალი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას არ განახორციელებს, მაგრამ "ნაცმოძრაობის" მმართველ გუნდს იმდენი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ მათივე წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აზრი არა აქვს.
- ვითარებაში, როცა პარლამენტის უმრავლესობა "ქართული ოცნებისაა" და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა მთავრობას დააკომპლექტებს, პრეზიდენტს საკმაოდ ბევრი უფლებამოსილება რჩება, "ნაცმოძრაობის" მმართველი გუნდის ხასიათისა და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციაში გადასული სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსულ "ქართული ოცნებასთან" თანამშრომლობა?
- არსებული ვითარების მთელი სიმწვავე სწორედ ამაშია. მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს საკმაოდ ბევრი უფლება აქვს, მაგრამ მას საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში უმთავრდება, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრისთვისაა გადატანილი. იმავდროულად, "ნაცმოძრაობის" მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია ძალაში 2013 წლის 1-ელი იანვრიდან შედის. გამოდის, რომ ძლიერი პრეზიდენტი ჩვენ იანვრამდე გვყავს, ახალი კონსტიტუცია 2013 წელს ძალაში კი შედის, მაგრამ ოქტომბრამდე ისევ ძველი პრეზიდენტი გვყავს. ეს არის ის აბსურდი, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ.
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაივლის ამ პერიოდს ქვეყანა. დიახ, ყოფილი მმართველი გუნდის ბუნებისა და ხასითის გათვალისწინებით ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა ტაქტიკური ჩანაფიქრები აქვს "ნაცმოძრაობას". თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამის ვერსიები არსებობს, მაგრამ მე ამ ვერსიებზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებდი. ძნელად წარმოსადგენია, რომ ვითარება არ გართულდეს, მაგრამ არსებობს გზები, რომლითაც ყოველგვარი გართულებების გარეშე შესაძლებელია ჩვენი ისტორიის ამ მონაკვეთის ფრთხილად გავლა.
კობა ბენდელიანი