ინგა გრიგოლია პოლიტიკიდან მიდის. ის ორ კვირაში საკრებულოდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს, მანამდე კი დრო აქვს, მოიფიქროს, როგორ გააგრძელოს თავისი კარიერა. ყოფილი ტელეჟურნალისტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა, რომ სააკაშვილი დიდხანს ვერ იქნებოდა ქვეყნის სათავეში და თავადაც თავის ძირითად პროფესიას დაუბრუნდებოდა. მას შემდეგ, რაც ინგამ თავისი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა, გაუჩინარდა. 25 სექტემბრიდან მას აქტიურად ვეძებდით, თუმცა ვერ მივაკვლიეთ. მოგვიანებით მისი ქალიშვილის, მარიამის დახმარებით მოვძებნეთ და 4 ოქტომბერს ინტერვიუც ჩავწერეთ.
- ინგა, პირველ რიგში, საინტერესოა, სად გაუჩინარდი. იყო ჭორები, რომ მონასტერში წახვედი. შენი ტელეფონი მუდმივად მიუწვდომელი იყო ათი დღის განმავლობაში...
- სად ვიყავი, ეს ჩემი პირადი საქმეა. არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას იქამდე, ვიდრე არ შედგებოდა არჩევნები. არ მინდოდა, ხელი შემეშალა იმ პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის, სადაც თავადაც აქტიურად ვიყავი ჩართული. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობრები არიან. როცა ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, იმდენი ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა იმ დღეებში კომენტარების გაკეთებას. მინდოდა, როცა ყველაფერი გადაივლიდა, მერე გამომეთქვა მოსაზრებები. 25 სექტემბერს გავაკეთე განცხადება და მას შემდეგ დღევანდელ დღემდე არავისთან მისაუბრია ამ თემაზე. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გიორგი თარგამაძე იყო მართალი, როცა განაცხადა, ინგა გრიგოლიამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შემოტევებსა და აგრესიას ვერ გაუძლოო. ნამდვილად იყო აგრესია, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად გამძაფრდა "ქრისტიან-დემოკრატების" მიმართ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი არასასიამოვნო ზარი და მესიჯი მივიღე, პირდაპირ ქუჩაში მლანძღავდნენ ადამიანები იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვიყავი და არა მისი, ვის გარშემოც შემოიკრიბა ჩვენი საზოგადოების 50%-ზე მეტი. ძალიან დამღალა ყველაფერმა ამან და მივხვდი, შეუძლებელია, ჩემისთანა ემოციურმა ადამიანმა აიტანოს ის დაუმსახურებული აგრესია, რაც ამ ხნის განმავლობაში ვიგრძენი. ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გლანძღოს ადამიანმა განსხვავებული მოსაზრების გამო. პირდაპირი შეტევები იყო, როგორ არ გრცხვენიათ, რატომ ხართ ამ პოზიციაზე, ქუჩაში ვეღარ გაივლით, დაგისტვენენ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ გინებებზე. მართლა შემარყია ამ აგრესიამ. წლების განმავლობაში მიმყავდა მთავარი პოლიტიკური თოქშოუები და ასეთი რამ არ მახსენდება.
- რას მიაწერ ამ აგრესიას?
- ძალიან დაძაბული იყო საქართველოში ბოლო პერიოდი. იმდენ დაუმსახურებელ ბრალდებაზე მიწევდა პასუხის გაცემა, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ უბრალოდ, აღარ შემეძლო. გულგრილად ვერ ვუყურებდი ამ ყველაფერს და პასუხის გაუცემლად ვერ დავტოვებდი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ საერთოდ ვემიჯნები ქართულ პოლიტიკას!.. ეს იყო ის დღეები, როდესაც ჩემთვის უმძიმესი აღმოჩნდა გინებების მთელი რიგი კორიანტელი.
თქვენ იცით, რის შემდეგ გავაკეთე განცხადება ჩემი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. მას შემდეგ, რაც "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმა მისცეს მედიარეგულაციის შესახებ კანონს. "ფეისბუქზე" დავდე პირობა, რომ ჩვენები ამას არ მისცემდნენ ხმას, წინააღმდეგ შემთხვევაში მე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდი. ძალიან მინდა, რომ ხაზი გავუსვა - თქვას რომელიმე ჟურნალისტმა, რა გადაწყვეტილებასაც "ქრისტიან-დემოკრატებმა" დაუჭირეს მხარი, ხელი თუ შეუშალა მათ არჩევნების გაშუქებაში. ასეთი რამ არ მომხდარა. ვერ გამოვა ვერც ერთი ჟურნალისტი და ამას ვერ იტყვის. თუმცა ვინაიდან პირობა მქონდა დადებული, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაინც მოვხსენი კანდიდატურა. გარდა ამისა, დღეს თამამად ვამბობ, რომ ჩვენი პარტია ორმაგი დარტყმის ქვეშ იყო - ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები გვდევნიდნენ, მეორე მხრივ, საზოგადოების წევრებს მიაჩნდათ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ცუდი ტიპები იყვნენ, სხვები კი უკეთესები. ძალიან გულწრფელი ვარ, როცა ამას ვამბობ - მსგავს ზეწოლას მე ვერ გავუძელი. თუკი ადამიანი ამას უძლებს, ის ძალიან მაგარია. მართლა მაგარი უნდა იყო, რომ გეყოს ნერვები, შეიკავო თავი და არ უპასუხო ამ ტიპის აგრესიას. მე ვერ აღმოვჩნდი ასეთი მაგარი. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებდი, პირნათლად და არავისთვის არაფერი მომიტყუებია. აბსოლუტურად გაოგნებული დავრჩი ასეთი დამოკიდებულების გამო. როგორც ჩანს, ეს ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეუძლიათ გაგინონ, დაგირეკონ და უშვერი სიტყვებით გაგლანძღონ. მე არ მიღირს პოლიტიკაში ყოფნა. არ მინდა, ისე ვიმუშაო, რომ ვიღაცამ მაგინოს. თუკი სადმე არ არის ჩემი ადგილი, ეს სწორედაც რომ ქართული პოლიტიკაა. მთელი გულით ვულოცავ გამარჯვებას "ქართულ ოცნებას". მიმაჩნია, რომ მათ სასწაული მოახერხეს და ცივილური გზით შეცვალეს ხელისუფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელი იყო. გამიჭირდებოდა ასეთი პროგნოზის გაკეთება. პირველი, რაც მინდა ვუსურვო ახალ უმრავლესობას, არ გაიმეორონ ის რეალობა, როცა ქვეყანაში განსხვავებული მოსაზრებების გამო იდევნებოდნენ ადამიანები, მათ ასევე ვუსურვებ, თავისუფალ სიტყვას პატივი სცენ.
- მინდა ჩაგეკითხო "ქრისტიან-დემოკრატებზე". თავიდანვე, როცა გადაწყვიტე ამ პარტიასთან თანამშრომლობა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას უნდობლობით შეხვდა. გაჩნდა კითხვა, რატომ მიხვედი პარტიაში, რომელსაც ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ...
- როდესაც ამ პარტიაში მივდიოდი, ამაზე არ მიფიქრია. ის, რომ პოლიტიკას ვემიჯნები, არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი თარგამაძეს ვემიჯნები. ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ შევხვდი თარგამაძეს და ახვლედიანს, მათაც ჩვეულებრივად ავუხსენი, რომ მე ვერ გავუძელი ამას. არ შემიძლია დავუპირისპირდე საზოგადოების 50%-ს, რომელიც აგრესიულად არის ჩემ მიმართ განწყობილი. "ფეისბუქის" გვერდიც კი გავაუქმე ამის გამო. რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატებს", ხომ არ შევიდოდი ამ პარტიაში, რომ მცოდნოდა, ხელისუფლებასთან იყვნენ შეკრული ან მათთან დაკავშირება ასეთ ტანჯვას მომიტანდა? როგორ შეიძლება, გიორგი თარგამაძის გუნდი იყოს შეკრული ხელისუფლებასთან მაშინ, როდესაც მთავარი თემები, რამაც ეს ხელისუფლება წელში გადატეხა, სწორედ ამ გუნდის გამოაშკარავებული იყო, ქონების უკანონო წართმევით დაწყებული, ახალგაზრდა ბიჭების ჩახოცვით დამთავრებული. ჩემი კანდიდატურის მოხსნა არ იყო რომელიმე სხვა პოლიტიკურ გუნდში გადახტომა. ვერავინ მნახავს სხვა რომელიმე პოლიტიკურ გუნდში. ამით დავამთავრე ჩემი ურთიერთობა ქართულ პოლიტიკასთან. ცოტა რომ დავწყნარდები და გაივლის ეს ყველაფერი, მინდა, ჟურნალისტიკაში დავბრუნდე.
- მამუკა ღლონტმა "რეიტინგთან" საუბრისას განაცხადა, თუკი ინგა "ქდმ"-ში დარჩება, ის არის იგივე სააკაშვილი, თუ წამოვა, მაშინ "მაესტროს" კარი მისთვის ღია იქნებაო...
- არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემმა შვილმა მითხრა. მე ნამდვილად მივდივარ პოლიტიკიდან, ამ ამაზრზენ მეთოდებსა და აგრესიას ვემიჯნები. რაც შეეხება მამუკას შემოთავაზებას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან საინტერესო წინადადებაა. ამ დღეებში, როდესაც დავწერ განცხადებას საკრებულოდან წამოსვლის შესახებ, დავფიქრდები. ცხელ გულზე არ მინდა რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პრესტიჟულია. თუკი რაიმე არხს ვუყურებ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ეს "მაესტროა". თუმცა ამ წუთებში არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია. საკუთარ თავს ჟურნალისტიკაში ვხედავ. მაია ასათიანის გადაცემაში ვთქვი, ერთ წელიწადში ჟურნალისტიკაში ვიმუშავებ, რადგან შემოდგომის არჩევნების შემდეგ, ვიცი, მიშა და მისი უმრავლესობა გადაწყვეტილების მიმღები აღარ იქნებიან-მეთქი. იმ პირობას, როცა მიშა აღარ იქნებოდა მმართველი, მე მედიას დავუბრუნდებოდი, აუცილებლად შევასრულებ. სხვათა შორის, მარტო ტელევიზიაზე კი არა, პრესაზეც ვფიქრობ. ბევრი სათქმელი დამიგროვდა. ბევრი რამ მაქვს თავში. ცოტა ხანში მოვამზადებ მედიაპროექტებს, რომლებსაც შევთავაზებ სხვადასხვა მედიასაშუალებას. დიდი გამოცდილება მივიღე ამ ორი წლის განმავლობაში. ეს გამოცდილება მანამდე რომ მქონოდა, როცა გადაცემები მიმყავდა, მაგარ რაღაცებს გავაკეთებდი. ახლა ცხრა ბენდუქიძე რომ დამიჯდეს, ცხრავეს ერთად დავამარცხებ (იცინის). ბოლო ორი წლის განმავლობაში, პატარა ბავშვივით, გამოცდებისთვის რომ ემზადებიან ხოლმე, ისე დავდიოდი ექსპერტებთან, სოციალურ თუ ჯანდაცვის საკითხებს ვსწავლობდი. როცა მედიაში დავბრუნდები, იმედი მაქვს, არცთუ ცუდ პროექტებს მოვამზადებ.
- ინგა, მინდა ზეწოლას დავუბრუნდე. ხომ არ ყოფილა ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან?
- არა, მე უკვე ვილაპარაკე საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე და მხოლოდ ამ ტიპის ზეწოლას ვგულისხმობდი. არანაირად არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე. რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიტყოდი. სატელეფონო ზარები ხალხისგან მოდიოდა.
- მათ შორის თუ იყვნენ ცნობილი სახეები?
- არა, არ ყოფილან. დიდი პროტესტი მახრჩობდა. როგორც პოლიტიკოსს, რომ არ მქონოდა თმენის ვალდებულება, ალბათ, ყველა მიიღებდა საკადრის პასუხს. არაფერი მიღირს საიმისოდ, რომ შეურაცხმყოფელი მესიჯები მიგზავნონ იმის გამო, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ვიყავი... ვემიჯნები ამგვარ აგრესიასა და შემოტევებს. ბევრი კრიტიკა მომისმენია და წამიკითხავს ჩემზე, როცა გადაცემები მიმყავდა, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს... გიორგი თარგამაძეს კიდევ მეტ პატივს ვცემ, რომ მან ამხელა დაუსაბუთებელ ბრალდებებს გაუძლო. საკრებულოში რამდენიმე საკითხი მაქვს ბოლომდე მისაყვანი, კონკრეტულ ადამიანებს ვგულისხმობ, შემდეგ კი შეგიძლიათ თამამად დაწეროთ, რომ პოლიტიკიდან წავედი.
- შენთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა, შენმა შვილმა, მარიამმა როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
- მეხუმრებოდა, პოლიტიკოსად მაქციეო. როცა აქ არ ვიყავი, ყველა კომენტარს გაფაციცებით კითხულობდა. ლევან ვეფხვაძის განცხადებაზე თავისი რეაქცია ჰქონდა, მარიამი ძალიან ჭკვიანი, ჯანსაღი ადამიანია. ძალიან კარგად იცოდა, რომ არჩევნებში არ ვაპირებდი მონაწილეობას და გაცოფდა, როცა საწინააღმდეგო აზრი მოისმინა პარტიის წევრისგან.
მე აღარ ვაპირებ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. ამის შემდეგ გავაკეთებ იმ საქმეს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდი.
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)