მას მაინცდამაინც არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მიაჩნია, რომ მსახიობის შესახებ მხოლოდ მისი თამაშით უნდა იმსჯელონ. "რაც ნაკლები იცი მასზე, მით უფრო მეტად ტკბები თამაშით".
ვარსკვლავური სტატუსი ერთბაშად არ მოუპოვებია. ალბათ იმიტომ, რომ შთამბეჭდავი გარეგნობით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, იოლად ახერხებს კარდინალურ გარდასახვას. მისი გმირი ხან ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ხან ჩვეულებრივი კლერკი პიროვნების გაორებით, ხან მოკრძალებული შეყვარებული მღვდელი. რეალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს. იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იაპონიაში მამის კომპანიაში მუშაობდა და ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერა, რომ მსახიობობა უნდოდა. "ამერიკული ისტორია იქსი", "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", "მეომართა კლუბი", "ფრიდა" - მისი ფილმების მცირე ჩამონათვალია. დღეს მას ერთ-ერთ უნიჭიერეს მსახიობად მიიჩნევენ, ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე".
მის პირად ცხოვრებაზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ხან სელმა ჰაიეკს ხვდებოდა, ხანაც კურტ კობეინის ქვრივ კორტნი ლავს, მაგრამ ცოლი ჯერ არ მოუყვანია.
მის ბოლო ფილმებს შორის არის "ბორნის ევოლუცია". ამ სურათში ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. მისი გმირი ამერიკული ხელისუფლების არალეგალურ ოპერაციებს ხელმძღვანელობს, საიდუმლო პროგრამებს მეურვეობს და ბორნს უპირისპირდება.
"სულ არ არის სახალისო ტრიუკების კეთება"
- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა სცენარი წაიკითხეთ?
- მაშინვე საინტერესო და ჭკვიანური მომეჩვენა. ჩემი აზრით, მასში შენარჩუნებულია ყველაფერი საუკეთესო, რაც წინამორბედ სამ ფილმში იყო. ამ ნაწილში ყველამ შესანიშნავად იცის, ვინ არის და რას აკეთებს. ყველანი ნებაყოფლობით ჩაერთვნენ საქმეში და ამბის სრულიად სხვა მორალური ასპექტია. წინა სამ ფილმში ბორნი, ასე ვთქვათ, გარემოებათა მსხვერპლი იყო. ახლა ასე არ არის და ამგვარი გადაწყვეტა მომწონს.
- ხომ არ დაგწყდათ გული, რომ ფილმში ბევრი ექშენ-სცენა არ გაქვთ? კოლეგების ხომ არ შეგშურდათ, რომელთაც უფრო ხშირად უწევდათ შენობიდან შენობაზე ხტომა და მანქანების რბოლაში მონაწილეობა?
- მე მგონი, ვისაც არც ერთხელ არ უთამაშია ექშენ-ფილმებში, მარტო იმას დასწყდება გული მსგავს რამეზე. მე ასეთი გამოცდილება უკვე მაქვს, ახალბედა არ ვარ და დამიჯერეთ, ეს სულ არ არის ისეთი სახალისო, როგორიც გვერდიდან ჩანს.
- თქვენ თავადაც წერთ სცენარებს. ხომ არ შეგიტანიათ რაიმე თქვენეული ცვლილება?
- არა, რეჟისორი ტონი გილროი მშვენიერი სცენარისტიც არის. კარგად იყო მომზადებული გადაღებებისთვის. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. უბრალოდ, მაქსიმალურად უნდა გააკეთო ის, რასაც შენგან ელოდება და ყველაფერი რიგზეა. ამიტომ ყველა იოლად და თავგანწირვით მუშაობდა.
"ახლა დავასრულე სცენარის წერა, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავიღებ"
- ამ ზაფხულს ორი საინტერესო ფილმი გამოვიდა თქვენი მონაწილეობით - "ბორნის ევოლუცია" და "სავსე მთვარის სამეფო", რომლებიც სრულიად განსხვავებული ჟანრისაა, სხვადასხვა ბიუჯეტიც აქვთ...
- კი, "ბორნის ევოლუციას" ათჯერ მეტი ბიუჯეტი ჰქონდა... მაგრამ უეს ანდერსი, "სავსე მთვარის" რეჟისორი ნამდვილი ესთეტია და მას დიდ პატივს ვცემ. უესი ყველა ფილმში ატარებს ოჯახის თემას, თანაც ისე სათუთად და ამაღელვებლად, არ შეიძლება არ აღფრთოვანდე. ორივე რეჟისორთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო.
- თავად როდის აპირებთ რეჟისორისა და პროდიუსერის საქმიანობას დაუბრუნდეთ?
- ბოლო დროს უფრო მეტად პროდიუსერობით ვიყავი დაკავებული. ეს-ესაა დავასრულეთ სტიუარტ ბლუმბერგის ფილმის წარმოება, რომელიც შარშან "ოსკარზე" იყო ნომინირებული ფილმის "ბავშვები კარგად არიან" სცენარისთვის. ამჯერად სცენარი დაწერა ახალი პროექტისთვის - "მადლობა გაცვლისთვის". ეს მისი რეჟისორული დებიუტია. ეს ფილმი ტორონტოს ფესტივალის პროგრამაში მოხვდა.
- თქვენ თამაშობთ ამ სურათში?
- არა, როგორც მსახიობი, არ ვარ დაკავებული, პროდიუსერი ვიყავი. მანამდე სტიუარტმა დაწერა სცენარი ფილმისთვის "რწმენის შენარჩუნება", რომელიც მე გადავიღე და ჩვენ ერთობლივი საწარმო კომპანია დავაარსეთ.
- რეჟისორობას როდის უბრუნდებით?
- ახლა დავასრულე სცენარის წერა, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავიღებ. ფილმი დაეყრდნობა ჯონათან ლეთემის ნოველას "ობლების ბრუკლინი".
(გამოდის ორშაბათობით)