მჯერა, მალე ობიექტური სასამართლო შედგება და გიორგი დემეტრაძეს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოს" საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა კახი კალაძემ განუცხადა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და მეორე ვიცე-პრემიერის პოსტზე წარადგინეს.
კალაძის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული და დანაშაული არ ჩაუდენია, საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებას დაუბრუნდება.
"ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ ბევრია და მათ შორის მოხვდა გიორგი დემეტრაძეც, რომელსაც აბსურდული ბრალდება წაუყენეს"-განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. დემეტრაძე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ ჰქონდა.
2012 წლის 28 აგვისტოს დემეტრაძეს პრეზიდენტის შეწყალება პატიმართა შეწყალების ფარგლებში შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა. თუმცა, ქვეყნის პირველი პირისთვის შესაბამისი თხოვნით, არც მას და არც დემეტრაძის ოჯახს არ მიუმართავს.
"პრეზიდენტმა 28 აგვისტოს სულ 150-მდე პატიმარი შეიწყალა, მათ შორის გიორგი დემეტრაძე, თუმცა ის საპყრობილეს არ ტოვებს, უბრალოდ მას შეწყალება სასჯელის განახევრების ფორმით შეეხო. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, აქედან 28 აგვისტოსთვის 2 წელი უკვე გასული იყო, შესაბამისად, დემეტრაძე ციხეს წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს", - განაცხადა დემეტრაძის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ.