პარტნიორები:

    ია ანთაძე: "ადამიანები აირჩევენ იმ ტელევიზიას, რომლისგანაც მოისმენენ სიმართლეს"

    ია ანთაძე: "ადამიანები აირჩევენ იმ ტელევიზიას, რომლისგანაც მოისმენენ სიმართლეს"

    აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანგარიშში "ქართული მედია და სარეკლამო ბიზნესის კვლევის შესახებ" აღნიშნულია, რომ საქართველოში იმ მედიასაშუალებების უმრავლესობა, რომლებიც პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს, უაღრესად პოლარიზებულია - ან ხელისუფლების მომხრეა, ან ოპოზიციურად განწყობილი.

    რა მოხდება ახალი ხელისუფლების პირობებში?

    გვესაუბრება მედიაექსპერტი ია ანთაძე.

    - ბევრი პრობლემა მოგვარდება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ასეთი სასამართლოს გარანტი შეიძლება იყოს მედია. ახალმა პარლამენტმა სასამართლოს სწორი ფუნქციონირებისთვის სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი მედიის თავისუფლების შესახებ. პროცესებზე უნდა დაბრუნდეს ვიდეოკამერები, რათა მედიამ სასამართლოს თვალი არ მოაცილოს.

    - რისი მომასწავებელია "რუსთავი 2"-ის მეპატრონეთა შორის 40%-იანი წილის მფლობელად კეზერაშვილის გამოჩენა?

    - არჩევნებში დამარცხებული "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, შეინარჩუნოს ბერკეტი, რომლითაც თავისი ინტერესების შესაბამისი საინფორმაციო ველის შექმნას შეძლებს. რაც შეეხება წილებს, ეს ბიზნესისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ტელევიზიას ეყოლება მფლობელი - ერთი ან რამდენიმე. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ტელევიზიის მფლობელს ტელევიზია საკუთარი ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესების მხარდასაჭერად სჭირდება. ამის გამო სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს და რედაქცია მფლობელის ინტერესებს ემსახურება. ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ტელევიზიების უმრავლესობაში ნამდვილად ასეა.

    - როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ მედიასაშუალებები აღარ იყოს პოლარიზებული?

    - პარლამენტში შეტანილია მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. მისი მიღება ხელს შეუწყობს, რომ ტელევიზიებისა და მათი მფლობელების საქმიანობა გამჭვირვალე გახდეს; იგი ასევე უზრუნველყოფს სარეკლამო ბიზნესის დემონოპოლიზაციას, რაც ტელევიზიებს მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. მაგალითად, თუ ტელევიზია ეკუთვნის კეზერაშვილს, მან უნდა წარმოადგინოს მისი კუთვნილი მედიასაშუალების შემოსავლის დეკლარაცია. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა ბიზნესი. ამასთან, გვეცოდინება, რომ ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია და არა - რომელიმე პარტიის ინტერესების დამცველი. აუცილებელია, ამოქმედდეს თვითრეგულაციის მექანიზმიც, რომელიც გარკვეული სტანდარტის და ეთიკის ჩარჩოში მოაქცევს ნებისმიერ მედიასაშუალებას. მედიის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია ფინანსებისა და მფლობელების გამჭვირვალობა, დემონოპოლიზაცია სარეკლამო ბაზარზე და თვითრეგულაციის სტანდარტის ამოქმედება. ამის შედეგად ტელევიზიები პოლიტიკური ნიშნით ასე მკაფიოდ დაპირისპირებული აღარ იქნებიან, შეწყვეტენ პროპაგანდას და მხოლოდ ახალ ამბებს მიაწოდებენ მოსახლეობას. რაც მთავარია, თუ რეგიონებში იქნება ინფორმაციის სხვადასხვა წყარო, მაგალითად, სატელიტური ანტენები და იმუშავებს "მასთ ქერის" პრინციპი, ადამიანები აირჩევენ იმ ტელევიზიას, რომლისგანაც მოისმენენ სიმართლეს.

    - ბოლო დროს აქტუალური გახდა ტელევიზიებით ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გახმაურება, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ამ დროს დაცული ეთიკური ნორმები და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი?

    - საქართველოში 200 ჟურნალისტის მიერ ხელმოწერილ ქარტიაში ეს საკითხი კარგად არის დარეგულირებული. ერთი მხრივ, არსებობს ვალდებულება, რომ მასალები იყოს მოპოვებული პატიოსანი გზით. მეორე მხრივ, არსებობს ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე ვინმეს პირად ცხოვრებაში არ უნდა შეიჭრა. ამასთან, არ შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა. ბოლო დროს ტელევიზიით გავრცელებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები სხვადასხვა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ: თუ ჩანაწერში ვინმემ გამოხატა უკმაყოფილება, თუნდაც უცენზუროდ - ეს არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია. მას გამოაქვეყნებს მხოლოდ ყვითელი პრესა. რაც შეეხება ციხის მასალებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გამომზეურდეს.

    პირველი არხი ძალიან კარგად მუშაობდა წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან მთლიანად ორიენტირებული იყო საარჩევნო თემებზე, მაგრამ როდესაც სხვა ტელევიზიებმა აჩვენეს ციხის კადრები, პირველმა არხმა კი აჩვენა ძალიან გვიან, ამით წყალში ჩაყარა ყველაფერი, რასაც მანამდე აკეთებდა; დაარღვია მთავარი პრინციპი - არ მიეჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

    იხილეთ ვრცლად

    "იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

    უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

    ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები