პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტში გამოჩნდა საპროტესტო კლიპი სახელწოდებით "არ აწამო". სიმღერას სხვადასხვა ქართველი მომღერალი ასრულებს, მათ შორისაა მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, მარიკა ქაცარავა, ნატო მეტონიძე, მუსიკის ავტორი კი მიშა მდინარაძე გახლავთ.
- როგორც ყველა მოქალაქემ, ეს საშინელება ტელევიზიის საშუალებით ვნახე და იმ ღამესვე დავწერე სიმღერა, მეორე დღეს კი ჩავწერეთ.
- ემოციით დატვირთულმა დაწერეთ ეს სიმღერა...
- რა თქმა უნდა. მივხვდი, ამის გაძლება და ყურება ასე შეუძლებელი იყო, ჩემთვის ყველაზე ახლოს მუსიკაა და ამით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება.
- რა კრიტერიუმით შეარჩიეთ მომღერლები, რომელთაც სიმღერა უნდა შეესრულებიათ?
- არანაირი კრიტერიუმით არ შემირჩევია, ყველაფერი სრულიად სპონტანურად მოხდა. დავურეკე ბევრ მომღერალს. ვინც ჩათვალა საჭიროდ, რომ მისი ხმა აქ უნდა გაჟღერებულიყო, ჩანაწერში ჩანს და ვინც - არა, მათთვის არაფერი დაგვიძალებია.
- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის ადამიანები, რომელთაც უარი თქვეს თქვენს შეთავაზებაზე?
- არა, ამას ვერ ვიტყვი, რადგან არანაირი მორალური უფლება არ მაქვს.
- ისეთი თუ იყო ვინმე, ვისაც უნდოდა მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა?
- კი, როგორ არა, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ფიზიკურად ვერ მოახერხა მოსვლა. მაგალითად, ჩემი მეგობარი იაკო ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა.
- რაც შეეხება კლიპს, როდის გადაიღეთ, როგორ პირობებში?
- სიმღერა ასე ოპერატიულად რომ ჩაიწერა და კლიპიც დროულად შეიქმნა, ამაში დიდი წვლილი მარიკა ქაცარავასა და მის ოჯახს მიუძღვის. ამ ადამიანმა თავისი სურვილით დაგვითმო სტუდია, აპარატურა და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას, რაც შეეხება კლიპს, ისიც იქვე სპონტანურად გადავიღეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ შედარებით ნეიტრალური კადრები აგვერჩია, თუ ამას ნეიტრალური შეიძლება ეწოდოს.
- მიუხედავად გავრცელებული კადრებისა, შოუბიზნესში არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ხმას არ იღებენ ამის შესახებ, აქ არაა საუბარი მათ პოლიტიკურ შეხედულებასა და მიმართულებაზე...
- ის, რომ ხელოვნება პოლიტიკის ნაწილი ხდება, არასწორია. ამდენი ხანი ხმა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ ამომიღია, მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ ხელოვანმა უნდა აკეთოს ხელოვნება და ის თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი პოლიტიკური მიხრილობისგან, სხვა შემთხვევაში ხელოვნება კარგავს თავის აზრს და ის ხდება რომელიმე პოლიტიკური იდეოლოოგის იარაღი, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, საქართველოში ყველაფერი პოლიტიკითაა დამუხტული, ხელოვნებაც ვერ გაექცა პოლიტიკურ მარწუხებს და შესაბამისად, ხელოვანებიც პოლიტიკური ნიშნით დაიყვნენ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნებოდა, რომ ჩვენ გავერთიანებულიყავით საზოგადოებრივ-სოციალურ საკითხებში, ჩვენი პროტესტი ყოფილიყო პოლიტიკისგან განცალკევებული და სუფთა ადამიანურ-მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება. სამწუხაროდ, ეს ერთიანი ძალით ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენი პროექტის მსგავსი გააკეთეს სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფებმა, რაც ძალიან მახარებს, ვუერთდები ამ პროტესტს, რადგან უმნიშვნელოვანესია, გათავისუფლდეს მუსიკა, გნებავთ, ხელოვნების სხვა დარგი პოლიტიკისგან და ის ემსახურებოდეს ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას მსოფლიოში - ადამიანს. სოცმუსიკის ძალა სწორედ ისაა, რომ გადმოსცე შიშველი რეალობა. მიხარია, რომ საქართველოში ბრუნდება სოციალური ხელოვნება, ხელოვნება, რომელიც ემსახურება არა მარტო მუსიკის მოსმენას ჭამის დროს, არამედ საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრას. ჩვენი სენი ჭამის დროს მუსიკის მოსმენა გახდა, რადგან რესტორნის გარდა უკვე მუსიკა აღარსად ჟღერს. ის, რომ მუსიკით ხდება რეალობის გადმოცემა, ესაა ხელოვნების სერიოზული გამოღვიძება.
- სხვადასხვა პარტიის მხარდასაჭერად გამოსული მომღერლები ხშირად ამბობენ, ჩვენ ვასრულებთ დაკვეთას, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ესა ჩვენი სამსახური და რა არის ამაში გასაკვირიო?
- ძალიან დიდი განსხვავებაა დაკვეთის შესრულებასა და იმაში, რომ შენ იდეოლოგიურად ემსახურები რომელიმე პოლიტიკური ძალას. მე, როგორც არანჟირების ოსტატს, ბევრი შეკვეთა მიმიღია, მაგრამ ყველას იდეოლოგიას რომ დავთანხმებოდი, დაღუპული ვიქნებოდი. როდესაც დაკვეთაზე საუბრობ, მარტო ერთი ძალის მიერ დაკვეთილ კონცერტზე კი არ უნდა მიხვიდე, მეორე და მესამე ძალაც რომ შეგიკვეთს, მათთვისაც უნდა შეასრულო შენი საქმე. ამ შემთხვევაში შენ იქნები თავისუფალი შემსრულებელი, რომელიც ნამდვილად ასრულებს შეკვეთას. ბევრი მომღერალი გინახავთ ისეთი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის კონცერტზე მღერის?! სწორედ ესაა პრობლემა.
- კლიპის შემდეგ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება თქვენ მიმართ? ოპოზიციად ხომ არ მოიაზრებით მათთვის?
- ჩემი კლიპი მხოლოდ ერთხელ ვნახე "იუთუბზე" და კომენატრებსაც გადავავლე თვალი, ვიღაცას მოეწონა ეს სიმღერა, ვიღაცას - არა. ზოგი წერდა, რომ ეს არის ჩარეცხილი მომღერლების ნამღერი სიმღერა და არავის სჭირდება ეს საშინელი მუსიკა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არ მაინტერესებს, რას დაწერენ იქ. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას იგრძნობს მაყურებელი, როცა ამ კლიპს ნახავს. რაც შეეხება ჩემს ოპოზიციონერად მოაზრებას, არ ვარ გაწევრიანებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში და არც ვაპირებ ამის გაკეთებას, ეს იყო ერთი მოქალაქის, მიშა მდინარაძის და მისი მეგობრების, კოლეგების პროტესტი იმ ტრაგიკულ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყენაში ხდება. ჩემს სიმღერასა და კლიპს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უდევს, ჩვენ ვნახეთ საოცარი სისასტიკე და ამას ვუთხარით არა!
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)