ჭკვიანია თუ არა ადამიანი და შესაძლებელია თუ არა ამის დადგენა ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) მიხედვით? ამ საკითხზე დღემდე არ წყდება კამათი. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტის IQ 90-დან 110-მდეა, 2,5 პროცენტისა - 70-ზე ნაკლები, 2,5 პროცენტის IQ 130-ს აღემატება, 0.5 პროცენტისა კი - 140-ს და ისინი გენიოსებად ითვლებიან. ამჯერად პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ადამიანების ათეულს წარმოგიდგენთ.
1. ტერენს ტაო (დაიბადა 1975 წლის 17 ივლისს). IQ - 230. ავსტრალიელი მათემატიკოსი. 2 წლის ტაო ძირითად არითმეტიკულ ამოცანებს ასრულებდა, 9 წლისა საუნივერსიტეტო დონის მათემატიკურ კურსებს ესწრებოდა, 20 წლისა კი უკვე პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორი იყო. 22 წლისა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა. დღემდე მას 250 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.
2. კრისტოფერ ჰირატა (დაიბადა 1982 წლის 30 ნოემბერს). IQ - 225. 14 წლის კრისტოფერმა კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა, 16 წლისა უკვე ნასაში მუშაობდა მარსის კოლონიზაციის პროექტებზე, 22 წლისამ კი ასტროფიზიკაში მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო.
3. კიმ უნგ-იონგი (დაიბადა 1963 წლის 7 მარტს). IQ - 210. კორეელი ვუნდერკინდი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, 2 წლისა თავისუფლად ლაპარაკობდა ორ ენაზე, 4 წლისა ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს ხსნიდა, 8 წლისა კი ნასა-ში მიიწვიეს.
4. რიკ როსნერი (დაიბადა 1960 წლის 2 მაისს). IQ - 192. ასეთი მაღალი ინტელექტის კოეფიციენტის მფლობელი ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობს. ამას კიდევ რა უშავს - რიკი მუშაობდა სტრიპტიზიორად, ოფიციანტად და მენატურედაც კი.
5. გარი კასპაროვი (დაიბადა 1963 წლის 13 აპრილს). IQ - 190. გარი კასპაროვი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ეს წოდება მან 22 წლისამ მოიპოვა. 2005 წელს კასპაროვმა განაცხადა, რომ თავს ანებებს სპორტულ კარიერას და პოლიტიკაში მოღვაწეობას იწყებს.
6. ჯეიმს ვუდსი (დაიბადა 1947 წლის 18 აპრილს). IQ - 180. ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ვუდსი წარჩინებული სტუდენტი იყო. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ კი - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩარიცხეს. აქ მან გადაწყვიტა, პოლიტიკის შესწავლისთვის თავი დაენებებინა და მსახიობი გამხდარიყო.
7. იუდით პოლგარი (დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს). IQ - 170. უნგრელი მოჭადრაკე 15 წლის იყო, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერის წოდება რომ მოიპოვა და ბობი ფიშერის რეკორდი მოხსნა. იუდითსა და მის დებს ჭადრაკი მამამ შეასწავლა და დაამტკიცა, რომ ბავშვებს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, თუ ჭადრაკის თამაშს ადრეული ასაკიდან დააწყებინებ.
8. სერ ენდრიუ უაილსი (დაიბადა 1953 წლის 11 აპრილს) IQ - 170. 1995 წელს ცნობილმა ბრიტანელმა მათემატიკოსმა დაამტკიცა ფერმის თეორემა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რთულ მათემატიკურ მაგალითად მიიჩნეოდა. ის მათემატიკისა და მეცნიერების დარგში 15 ჯილდოს მფლობელია.
9. პოლ ალენი (დაიბადა 1953 წლის 21 იანვარს) IQ - 170. კომპანია "მაიკროსოფტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი გონებრივი მონაცემები ფულად აქცია. მისი ქონება, რომელიც უამრავ კომპანიასა და სპორტულ კლუბს მოიცავს, 14,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. პოლ ალენს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 48-ე ადგილი უკავია.
10. სტივენ ჰოკინგი (დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს) IQ - 160. სტივენ ჰოკინგმა პოპულარობა თეორიულ ფიზიკაში პროგრესული კვლევებითა და იმ ნამუშევრებით მოიპოვა, რომლებიც სამყაროს კანონების ახსნას ცდილობს. ჰოკინგი 7 ბესტსელერის ავტორი და 14 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)