თბილისის მერია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა.
"ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი პროექტი, რომელთაც ვახორციელებთ. ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ბუნებრივია, მერია და თვითმმართველობა ვაგრძელებთ მუშაობას. მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და სწორედ მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობა მიულოცა და მშვიდობა, განვითარება და ცხოვრების გაგრძელება უსურვა. მისი თქმით, დღეს თბილისთან დამეგობრებული ქალაქებიდან ათასამდე სტუმარია ჩამოსული, თბილისობის პროგრამა ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული და ყველას შეუძლია, ემოციურად დადებითი მუხტი მიიღოს.
მეიდანზე მოწყობილ საწნახელში ყურძენი ამ წუთებშიც იწურება. ამასთან, დღეს საწნახელში ყურძენი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა დაწურეს.
ასევე, მეიდანზე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი კონცერტს ატარებს, მეტეხის ხიდზე კი ავტოშოუ მიმდინარეობს.