მოდელი და ტელეწამყვანი - მარიტა ჯანაშია სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე შევნიშნე. როგორც გვითხრა, ყოველთვის ცდილობდა, პოლიტიკურად ნეიტრალური ყოფილიყო, მაგრამ ბევრი ადამიანის მსგავსად, ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ მასზეც ძალიან იმოქმედა...
- მსურს, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი ისე კარგად იყოს, რომ არც კი ვიცოდე, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვინ არიან. ზოგადად, პოლიტიკა არ მაინტერესებს. საჭიროდ არ მიმაჩნია, რომ ჩემი ასაკის ადამიანი პოლიტიკურად აქტიური იყოს, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული პატიმრების წამების ამსახველი კადრების გამო, თავი ვეღარ შევიკავე: ძალიან ცუდია, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ იღებს - ეს ყველაზე შემაშფოთებელია! ხელისუფლება ამ ამბავს ისე "ატარებს", თითქოს არაფერი ხდება. ჩემთვის წარმოუდგენელია, ქვეყანაში ასეთი საშინელებები ხდებოდეს. იმ ვიდეოებს ვერც კი ვუყურე; "სტოპკადრები" რომ ვნახე, მაშინაც შოკში ჩავვარდი, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა! პატიმარი სასჯელს ისედაც იხდის და ადამიანი, რომელიც მას ასეთ საშინელებას უკეთებს, უარესი დამნაშავე არ არის?! ეს ჩემთვის უმძიმესი თემაა. ამაზე ლაპარაკი მიჭირს...
- ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია წინათაც ვრცელდებოდა. ამისთვის ყურადღება არ მიგიქცევია თუ კადრების ნახვა "ბოლო წვეთი" იყო?
- საქართველოში ბევრი უბედურება მოხდა. მაგალითად, - 7 ნოემბრის აქციის დარბევა. იყო შემთხვევები, როცა ხალხი რაღაცას ამბობდა, მაგრამ "არ ისმოდა". ახლა ხალხის სათქმელი მასშტაბური გახდა, პრობლემით ბევრი შეწუხდა. ალბათ, წინათ რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩავრეულიყავი, რადგან ზოგადად, ეს კარგი არ არის: საქართველოში პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი არ არსებობს, აუცილებლად "ვიღაცისტი" ხარ. მთავრობას თუ არ უჭერ მხარს, სამსახურიდან გაგათავისუფლებენ და ა.შ. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდი, ნეიტრალური ვყოფილიყავი, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და შინ ვეღარ დავრჩი. არ მინდა, ქვეყანაში უბედურება გაგრძელდეს.
- სტუდენტურ აქციაზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერდი მხარს?
- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვაპროტესტებდი. სოციალურ ქსელში უცხოელი მეგობრებიც მყავს. წამების ფაქტების ამსახველ ვიდეოებს რომ უყურეს, ატირდნენ. მომწერეს, - რა ხდება თქვენს ქვეყანაში? საქართველოდან წამოდიო! სამშობლო ძალიან მიყვარს და არ მინდა, ასეთი რაღაცები ხდებოდეს. მსურს, ხალხს აქ ცხოვრება უხაროდეს. უკვე ტელევიზორის ჩართვის მეშინია; მეშინია იმის, რომ კიდევ საშინელი კადრები არ უჩვენონ.
- პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, ახალგაზრდები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამ მხრივ შენს სამეგობროში რა ხდება?
- ჩემს სამეგობროში ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ. მე საკუთარი აზრი მაქვს და თუ რომელიმე მეგობარი არ იზიარებს, მასთან ლაპარაკით დროს არ დავკარგავ. მიმაჩნია, რომ ადამიანს მოვლენების აღქმა ცოტა საღად უნდა შეეძლოს. დღეს ვიღაცას "ფეისბუკზე" სტატუსად ეწერა: რა მოხდა მერე, "გავატაროთ", ამაზე ლაპარაკი რამდენ ხანს შეიძლებაო? ამ საშინელებებზე იმდენ ხანს უნდა ილაპარაკო, ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება. აქციაზე იმიტომ მივედი, რომ მინდა, საქართველოში მშვიდად ვიცხოვრო; რომ არ იყოს მკვლელობა, ლანძღვა-გინება... როგორც გითხარით, აქამდე პოლიტიკაში არ ვერეოდი. ამ ამბავში ბებია და ბაბუა უფრო არიან ჩართულები. ხმის მიცემის უფლება მაქვს და ჩემთვის მისაღები არჩევანიც გავაკეთე. რომელ პოლიტიკურ ძალას დავუჭირე მხარი, არ ვიტყვი, მაგრამ დღევანდელი სისტემა არ მომწონს. არ მჯერა, რომ ახლანდელი მთავრობის მმართველობის პერიოდში სიტუაცია გამოსწორდება, რადგან უკვე წლებია, ქვეყანას მართავენ და ამ ყველაფრის აღსაკვეთად არაფერი გააკეთეს. რა თქმა უნდა, რაღაცები შენდება, გზები იგება, მაგრამ ეს ყველაფერი იმასთან შედარებით, რაც მართლა გასაკეთებელია, მიზერული რამ არის. პროგერსს ვერ ვგრძნობ.
უსამართლობას ვერ ვიტან. როგორ შეიძლება, პატარა ბავშვი კომპოტის ქურდობისთვის ციხეში ჩასვა? მით უმეტეს, ვნახეთ, არასრულწლოვნებს ციხეში როგორც ექცევიან. ხალხს უსამართლოდ იჭერენ, უსამართლობის მიმართ კი აგრესიის გრძნობა მიჩნდება!.. ბაჩო ახალაიამ და ხათუნა კალმახელიძემ პოსტები დატოვეს, მაგრამ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რა ხდება, არავინ იცის... ალბათ, ვითარება არჩევნების გზით შეიცვლება. თუკი ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღებმა პოლიტიკურმა პარტიამაც უსამართლობა ჩაიდინა, მომავალში მხარს არც მას დავუჭერ: პარტია ოჯახის წევრი არაა, რომ მისი ერთგული იყო. ვისი პირობებიც ხალხისთვის ხელსაყრელია და ვინც ცუდი საქციელი ნაკლებად ჩაიდინა, რა თქმა უნდა, მის მხარეზე ვიქნები.
- მარიტა, შენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებაც გვითხარი. ტელეწამყვანობა მოგწონს?
- 1 თვეა, რაც Music Box-ზე ვმუშაობ. შევიტყვე, რომ წამყვანის ვაკანსია ჰქონდათ და ქალბატონ ლიზა ვადაჭკორიას მივწერე. დამირეკა და საბოლოო ჯამში, გადაცემა ჩამაბარა. ჩემი საქმე ძალიან მომწონს! ვფიქრობდი, - აქამდე სად ვიყავი-მეთქი? დიდი სურვილი მაქვს, მუშაობა ამ სფეროში განვაგრძო.
- საქართველოში "ელიტ მოდელ ლუქის" კასტინგი იწყება, რომელშიც წლების წინ გაიმარჯვე...
- "მის საქართველოც" ჩატარდა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, სამოდელო სფერო "მიმკვდარია".
- "მის საქართველო" "ელიტ მოდელ ლუქის" გამარჯვებული თამთა შედანია გახდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი შენ არ გაგჩენია?
- არა, რადგან მე ერთ კონკურსში უკვე გავიმარჯვე. ახალბედებთან ერთად გამოცდილი მოდელების კონკურსში მონაწილეობა გამართლებულად არ მიმაჩნია: შეიძლება სხვას ჩემზე გრძელი ფეხები ჰქონდეს და ჩემზე უკეთ გამოიყურებოდეს, მაგრამ მე ის უპირატესობა მექნება, რომ ვიცი, საკუთარი თავი უკეთ როგორ წარმოვაჩინო. თავს ვერ დავდებ და ვერ ვიტყვი, - "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობას არასოდეს მივიღებ-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ ახალბედა მოდელს შედარებით გამოცდილმა გამარჯვების შანსი არ უნდა წაართვას.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- მე და ჩემი შეყვარებული 2 წელია, ერთად ვართ. ის ძალიან კარგი ადამიანია, ყველაფერში ხელს მიწყობს. პროფესიით ფოტოგრაფია და პოლიტიკისგან შორს არის. ამ სფეროსგან შორს ყოფნას მეც ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ამ ინტერვიუს ჩემი შეყვარებული რომ წაიკითხავს, გამიბრაზდება (იცინის). არ უნდოდა, აქციაზე წავსულიყავი, მაგრამ მაინც გამიშვა. არ მეგულება ადამიანი, რომელზეც გავრცელებულმა საშინელმა კადრებმა არ იმოქმედა. პირადად მე, 2 ღამე არ მეძინა, ისე განვიცადე. ზოგი აქციაზე სამსახურის დაკარგვის შიშით არ გამოცხადდა. ცუდია, როცა პოლიტიკა და სამსახური ერთმანეთში ირევა.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)