მაროკოს პორტში დროშებითა და გრაფიკული სურათებით აღჭურვილმა ორასამდე მოქალაქემ დემონსტრაცია მოაწყო ეგრეთ წოდებული "აბორტის გემის" წინააღმდეგ, რომელიც ადგილობრივ ქალბატონებს აბორტის ოპერაციის ჩატარებაში ეხმარება.
"მაროკოელები ამ გემს განიხილავენ, როგორც წმინდა წყლის პროვოკაციას. ამ გემზე მყოფმა აქტივისტებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ქმედებანი", - განაცხადა მმართველი ისლამისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ფატვა ტრიბაკმა.
აბორტის გაკეთება მაროკოში კანონით ისჯება, მაგრამ გემზე მყოფი ექიმები აცხადებენ, რომ ისინი ქალთა ჯანმრთელობას იცავენ.
"ჩვენ გვაქვს უფლება ვიმყოფებოდეთ საერთაშორისო წყლებში, რათა დავეხმაროთ რამდენიმე ქალბატონს, თუმცა უფრო დიდი საქმე, რომლის გაკეთებაც გვწადია, არის ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღების მიქცევა ამ პრობლემისადმი", - განაცხადა ექიმმა რებეკა გომპერტემ, ფემინისტური ორგანიზაცია "ზღვაოსანი ქალების" წევრმა.
მაროკოს მთავრობამ შეკრებილ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა და "აბორტის გემს" ეკიპაჟითურთ ნავსადგურის დატოვება უბრძანა. ორგანიზაციის წევრებს პირველად უწევთ მუსულმანურ ქვეყანაში მუშაობა, მანამდე ისინი ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში - პორტუგალიაში, ირლანდიაში და ესპანეთში იმყოფებოდნენ.
მომზადებულია euronews-ის მიხედვით.