ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში ფუტკრებმა უცნაური, მწვანე და ცისფერი შეფერილობის თაფლის დამზადება დაიწყეს. მეფუტკრეებმა განგაში ჯერ კიდევ აგვისტოში ატეხეს.
შეწუხებულმა მეფუტკრეებმა გამოძიება ჩაატარეს და მათი პროდუქტის გაფუჭებაში "დამნაშავე" - კომპანია Agrivalor -ის ბიოგაზის დანადგარი აღმოაჩინეს, რომელიც ქარხანა Mars-ის ნარჩენებს ამუშავებს. Mars-ი ცნობილი კანფეტების М&М's-ის მწარმოებელია. ამ პატარა დრაჟეს ყვითელი, მწვანე, წითელი, ლურჯი და ყავისფერი შეფერილობა აქვს. ისინი არაჰერმეტულ კონტეინერებში ინახებოდა, სადაც ფუტკრებმა ადვილად შეაღწიეს.
კომპანიის მენეჯერმა განაცხადა, რომ პრობლემა მეფუტკრეების ჩივილის შემდეგ მალევე აღმოიფხვრა. "ყველა კონტეინერი ავიღეთ და ახლა მათ დახურულ შენობებში შევინახავთ",- აღნიშნა მან და დასძინა, რომ "კომპანია შექმნილი სიტუაციის გამო გულწრფელად წუხს".
ადგილობრივი მეფუტკრეების კავშირის პრეზიდენტმა ალენ ფრიმ აღნიშნა, რომ მიღებული მასა შეიძლება გემოთი თაფლსაც გავდეს, მაგრამ ამით მსგავსება მთავრდება. "პირადად ჩემთვის ეს თაფლი არ არის და ამის გაყიდვაც შეუძლებელია",-ამბობს იგი.
პროდუქტი, რომლის გაყიდვაც ფაქტობრივად შეუძლებელია, ათობით ადგილობრივი მეფუტკრისთვის დიდ პრობლემად იქცა. ისედაც მკაცრი ზამთრის შედეგად ფუტკრის ბევრი კოლონია დაიღუპა. ამასთან, გაურკვეველი რჩება, გადარჩებიან თუ არა მწერები კანფეტებში შემავალი საღაბავების ჭამის შემდეგ.
საფრანგეთი ევროკავშირში თაფლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. წელიწადში აქ 18 000 ტონაზე მეტი თაფლი იწარმოება. მხოლოდ ელზასში დაახლოებით 2400 მეფუტკრე და 35 ათასი კოლონიაა, რომლებიც წელიწადში 1000 ტონა თაფლს აწარმოებენ.
მომზადებულია Reuters -ის მიხედვით.