როცა თავისუფალი დრო აქვს, ცდილობს, სასურველ ლიტერატურას გაეცნოს. უყვარს ფანტასტიკა, რომანები და დეტექტივები. სტუდენტობის წლებში პოეზიით იყო გატაცებული. ჩემი რესპონდენტი ქართველი კარმენი, მსახიობი ანა ალექსიშვილი გახლავთ. ის ბრიტანეთიდან მუსკომედიის დასთან ერთად ახლახან დაბრუნდა. კოტე ფურცელაძის მიერ დადგმული ქორეოგრაფიული დრამა "კარმენი" ინგლისელ მაყურებელს წარუდგინეს.
- ანა, როგორც გავიგე, საკმაოდ წარმატებული გამოსვლა გქონდათ, გილოცავ!
- დიახ, ქორეოგრაფიული დრამა ლონდონელებს ძალიან მოეწონათ. ჩვენი "კარმენი" დაახლოებით 1 საათს გრძელდება.
- თქვენ (ბაჩო ჩაჩიბაია, აჩი სოლოღაშვილი და სხვა) მსახიობები ხართ და არა მოცეკვავეები. რთული ილეთების შესრულება არ გაგიჭირდათ?
- ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. რეჟისორმა კოტე ფურცელაძემ აჩვენა მაყურებელს, როგორ შეუძლია არტისტს პლასტიკით გადმოსცეს ესა თუ ის გრძნობა. ვფიქრობ, ექსპერიმენტმა გაამართლა.
- საქართველოში პრემიერა როდის იქნება?
- პრემიერა მუსკომედიის თეატრში ოქტომბრის თვეში იქნება, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
- შენს შემოქმედებით საქმიანობაში კიდევ რა სიახლეა?
- დათო დოიაშვილი "ზაფხულის ღამის სიზმარს" დგამს და რეპეტიციები გვაქვს. სერიალ "შუა ქალაქიდან" გამომიშვეს. ბარმენი გოგო აღარ სჭირდებათ.
- გული არ დაგწყდა?
- როგორ არ დამწყდა. თეატრი და კინო თანაბრად მიყვარს. გადაღებების დროს ბევრ რამეს სწავლობ, ხალხი ტელევიზიით მეტად გიცნობს...
- პოპულარობა კარგია?
- მომწონს, ბავშვები ყველაზე მეტად გულწრფელები არიან, თათიას მეძახიან, მოდიან და მეხუტებიან.
- კარგი მეხსიერება გაქვს?
- არა, ამით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ. II კურსზე რომ ვიყავი, ავარიაში მოვყევი. საქარე მინა თავით გავიტანე. მას შემდეგ რაღაცები არ მახსოვს.
- წიგნი მოგიპარავს?
- არა. მოპარვა არ დამჭირვებია. ახლობლებისთვის არაერთხელ მითქვამს, ამ წიგნის წაკითხვა მინდა და მათხოვე-მეთქი. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, ნათხოვარ წიგნს თავის დროზე არასდროს ვაბრუნებ, მავიწყდება. დათო ტურაშვილის ამერიკული სიზმრები, ჯინსების თაობა ერთ დღეში წავიკითხე.
- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?
- ერთი გმირის დასახელება ძნელია. როცა ნაწარმოებს ვკითხულობ, თავად იმ წიგნს ვუმეგობრდები, იმ სამყაროში ვცხოვრობ. ხშირად მეკითხებიან, - შენი საოცნებო როლი რომელია? კარმენზე არასდროს მიოცნებია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვითამაშე. რაც უნდა ეპიზოდურ და უმნიშვნელო როლზე ვმუშაობდე, თუ ჩემს გმირს არ დავუმეგობრდი, სხვანაირად თამაში არც გამომივა.
- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?
- მიყვარს, "რა? სად? როდის?" თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებ, მაგრამ თავად მონაწილეობა არასდროს მიმიღია.
- ახლა ვითამაშოთ.
- აბა, დავიწყოთ.
- "ყურადღება! თქვენ გელით აქამდე არნახული სანახაობა!" - ამ სარეკლამო აბრის წყალობით ფილმის პროდიუსერებმა დიდი შემოსავალი ნახეს. ეკრანზე "ჯაზის მომღერალი" იყო ნაჩვენები. რით იყო ეს ფილმი გამორჩეული?
- სხვა ფილმებისგან რით გამოირჩეოდა (ფიქრობს)? არ ვიცი. რომელიმე მსახიობის დებიუტი შედგა?
- არა, ეს ფილმი 1927 წელსაა გადაღებული.
- ვერ გიპასუხებ.
- პირველი ხმოვანი ფილმი იყო. როგორ მოძრაობენ პლანეტები - საათის ისრის თუ საპირისპირო მიმართულებით?
- საათის ისრის მიმართულებით.
- თუ არსებობს გამონაკლისი და დაასახელე იგი.
- მგონი ერთი პლანეტა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ რომელი, ზუსტად არ მახსოვს. მარსი, არა?
- ეს პლანეტა ვენერაა. ვინ არის ოპერის - "აბესალომ და ეთერი" ავტორი?
- ზაქარია ფალიაშვილი.
- ვის მიუძღვნა ეს ნაწარმოები?
- ეგ არ მახსოვს.
- გარდაცვლილი შვილის ხსოვნას. რა იყიდება მსოფლიოში ცნობილ "სოთბის" და "კრისტის" აუქციონებზე?
- ძვირად ღირებული ნივთები, ანტიკვარები.
- ქალმა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება შეიტანა. მიუთითა, რომ მანქანაში ტელეფონიც ჰქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელმა უპასუხა. რა უთხრა მას სამართალდამცავმა ისეთი, რომ შეხვედრაზე დაითანხმა?
- ვერ გიპასუხებ, რა უნდა ეთქვა?
- უთხრა, რომ მან გაზეთში ნახა განცხადება, მანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით და შეძენა სურდა.
- გამტაცებელი შეცდა, არ უნდა ეპასუხა.
- ოთოს დეიდა გიორგის შვილია, ვინ არიან ერთმანეთისთვის ოთო და გიორგი?
- (ფიქრობს) ნათესაურ კავშირებში კარგად ვერ ვერკვევი, დეიდა დედის და არის, არა?
- რა თქმა უნდა.
- რა გამოდის, მამა და შვილი არიან?
- არა.
- აბა, ძმები?
- ძმები როგორ იქნებიან?
- გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ) ბაბუა და შვილიშვილი გამოდიან. მგონი, როგორც იქნა, გამოვიცანი.
- რომელია ქართული ზღაპრის ჯადოსნური გრძნეული ფრინველი, რომელიც ქვესკნელში ცხოვრობს და გმირებს მფარველობს?
- არ ვიცი.
- ფასკუნჯი. თბილისში მდებარე ეს უძველესი ბაზილიკური ეკლესია ვახტანგ გორგასლის ვაჟის - დაჩის ბრძანებით აშენდა. დაასახელე ეს ეკლესია.
- ანჩისხატი.
- რომელ ქართულ ფილმშია აღწერილი ხეჭეჭურის ნერგებისთვის წასული ბაბუა-შვილიშვილის საინტერესო თავგადასავალი?
- არ ვიცი.
- "ნერგებში".
- ეს ფილმი ნანახი არ მაქვს.
- მისი რეჟისორის დასახელება თუ შეგიძლია?
- არა.
- რეზო ჩხეიძის გადაღებულია. როგორ პიროვნებას უწოდებენ ინდიფერენტულს?
- ყველაფრის მიმართ რომ გულგრილია, არაფრით რომ არ ინტერესდება.
- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, პატარა ბუშტულებისგან უნდა შედგებოდეს, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია. რაზეა ლაპარაკი?
- ლუდზე, არა?
- გამოიცანი. ლუდი გიყვარს?
- ნაკლებად. თეთრი, ნახევრად მშრალი ღვინო მირჩევნია.
- რა ფერის არის ღვინო ალადასტური?
- წითელი.
- "თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა?/ სულ უბრალო საქმე არის: ზიხარ... უცდი... გჯერა.../ ასეთია ჩვენი საქმეც, ანუ ლექსის წერა:/ კალმით ხელში მაგიდასთან ზიხარ, უცდი, გჯერა". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- არ ვიცი.
- მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კინოს. რუსულ ენაზე თარგმნა ქართული ფილმები: "მონანიება", "უძინართა მზე", "ნატვრის ხე", "იავნანა".
- არ ვიცი.
- მიხეილ ქვლივიძე. ძველ საბერძნეთში ეს მხოლოდ მამაკაცების საქმედ ითვლებოდა. იქ ქალები არ დადიოდნენ. რაზეა ლაპარაკი?
- ვერ გეტყვი.
- ბაზარში სიარულზე. დაასრულე გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი გამონათქვამი: "მე მიყვარხარ, არა იმისთვის, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, თუ ვინ ვარ მე, როდესაც"...
- ვერ დავასრულებ.
- "...შენთან ვარ". შეყვარებული ხარ?
- დიახ, შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ დაქორწინებულები არ ვართ.
- ამ ამბავს მშობლები ძნელად ეგუებიან, შენს შემთხვევაში როგორ იყო?
- დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. უბრალოდ ვერ მიხვდნენ, თუ საცხოვრებლად ერთად გადადიხართ, ხელს რატომ არ აწერთო? ჩვენგან პასუხს ელოდნენ. ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებთ.
- "თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი - იამაყე, თუ არა და - გაიხარე", - ამ გამონათქვამის ავტორი ცნობილი ფრანგი მწერალი გახლავთ. ის 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზში მონპარნასის სასაფლაოზე.
- ვერ გიპასუხებ.
- გი დე მოპასანი. ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და ყველა ორგანოზე სწრაფად მოძრაობს.
- ენა.
- რომელი ჯირკვლის ამოკვეთა ხდება გლანდების ოპერაციის დროს?
- არ ვიცი.
- ნუშისებრი ჯირკვლის. აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ბრმები აჰყავთ. რატომ?
- ალბათ იმიტომ, რომ კლიენტებს არ შერცხვეთ.
- ვის მიმართა დახმარებისთვის წრუწუნამ მულტფილმში "წუნა და წრუწუნა"?
- რა ერქვა (ფიქრობს)? ფიცხელას.
- დაბოლოს, დაასრულე ამერიკელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ჰელენ ადამს კელერის ცნობილი გამონათქვამი: "როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ კარს, რომელიც"...
- "...ჩვენთვის გაიღო".
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)