თავისუფალი ჟურნალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება ხალხს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ ამომრჩევლებზე, მასმედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას სხვადასხვა მეთოდით ახორციელებდნენ. თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, როგორ ვითარებაში აკეთებდა ხალხი საკუთარ არჩევანს და რა პირობებში უწევდათ ჟურნალისტებს მუშაობა - ამის შესახებ ჩემს კოლეგებს ვესაუბრე, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქართლსა და გურიაში ასრულებდნენ.
გელა მთივლიშვილი, კახეთი:
- მე დამკვირვებლის სტატუსით გახლდით პანკისის ხეობის ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე - თელავსა და ლაგოდეხში - ეთნიკური აზერბაიჯანელების დასახლებაში, ყვარელში... საარჩევნო უბანზე "ნაციონალებს" ბიულეტენები არ ჩაუყრიათ, არც საარჩევნო ყუთები გაუტაცებიათ, მაგრამ იყო პროცედურული დარღვევები და ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საარჩევნო უბანზე ვნახეთ "ნაცმოძრაობის" წევრი, რომელსაც ხელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ამომრჩევლების პირადი ინფორმაციები ეჭირა. როდესაც ვკითხეთ, საიდან ჰქონდა ეს დოკუმენტები, პასუხი არ გაგვცა. ამ ადამიანს დაახლოებით 100 ამომრჩევლის პირადი საქმე ჰქონდა; ჩვენ მხოლოდ 20 ცალის გამორთმევა მოვახერხეთ. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარგვედგინა და საარჩევნო უბნის გაბათილება მოგვეთხოვა. ზოგადად, 2008, 2010 წლების არჩევნებთან შედარებით, ვითარება გაცილებით უკეთესია.
- წინასაარჩევნო პერიოდზე რას იტყვით?
- წინასაარჩევნო პერიოდი გაცილებით რთული იყო, ვიდრე თვით არჩევნების დღე. კახეთში ამომრჩეველზე ზეწოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. 2012 წლის მარტიდან ჩვენ მონიტორინგის წარმოება დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრი ფიზიკური თუ მორალური ზეწოლის, ასევე მუქარისა და დაშანტაჟების ფაქტი იყო. 20 სექტემბრის შემდეგ ზეწოლა გაათმაგდა, ბოლო დღეებში კი საერთოდ ყველა ზღვარს გასცდნენ: ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ვინ ჩივის, პირდაპირ თავდასხმებზე გადავიდნენ, ოჯახებში "მოლოტოვის კოქტეილის" შეგდება ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
სულხან მესხიძე, აჭარა:
- მაღალმთიან აჭარაში 21 თუ 22 უბანი შემოვიარე. არანაირი დარღვევა არ ყოფილა; მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეგვექმნა პრობლემები: რამდენიმე უბანზე არ შეგვიშვეს, მაგრამ ოლქის თავმჯდომარესთან დარეკვის შემდეგ ესეც მოგვარდა. პრობლემები ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში იყო. "ნაციონალები" ადმინისტრაციულ რესურსს განუსაზღვრელად იყენებდნენ, ახორციელებდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე. ხშირად აწყობდნენ საიდუმლო შეხვედრას, ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სოფელ პაქსაძეების ერთ-ერთმა მკვიდრმა პირადად მე გადმომცა წერილი, რომელშიც წერია, - მოსახლეობაზე საქართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე და უშიშროების თანამშრომელი, ზორბეგ ბერიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენო. სხვათა შორის, რამდენჯერმე მე და ჩემი ოპერატორიც გავხდით ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლნი. მაგალითად, გავიგე, რომ 28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ ყრილობაზე დასასწრებად ხულოდან 120 მიკროავტობუსით მიჰყავდათ ხალხი. ამ საკითხთან დაკავშირებით მასალას რომ ვამზადებდი, "ნაციონალების" კოორდინატორმა კამერა დაგვიმტვრია და საცემრად გამოგვეკიდა.
ნანა ფაჟავა, სამეგრელო:
- პირველი დარღვევა ჟურნალისტებმა გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ ხმის მიცემის დროს დავაფიქსირეთ. ალბათ იცით, რომ ზუგდიდში 800-კაციანი შეიარაღებული ფორმირებაა; სამხედროებიდან 400-ზე მეტი ზუგდიდში ჩაწერილი არ იყო, ამიტომ მათ მხოლოდ პროპორციული სიით უნდა მიეცათ ხმა. თუმცა გაირკვა, რომ მაჟორიტარებსაც მისცეს ხმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდში საარჩევნო უბნებს შორის, მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდნენ სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული "ზონდერ-ბრიგადები", ასევე სოდ-ის, კუდ-ისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები. ძალიან აქტიურობდა მეგიზ ქარდავაც. სოფელ ინგირში "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს "ზონდერები" იმ მოტივით დაესხნენ თავს და ცემა დაუპირეს, - თურმე ნუ იტყვით და, ეს ჟურნალისტები ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენო. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ სრულიად გაურკვეველი მიზეზით, 65 წლის ქალი დააკავა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს ქალბატონი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, მისი და კი - "ოცნების" კოორდინატორი. ორი საათის განმავლობაში მასთან არც ადვოკატი შეუშვეს და არც სახალხო დამცველი. საბოლოოდ, იძულებული გახდნენ, გაეთავისუფლებინათ. მინდა გიამბოთ ზუგდიდის თხილის ქარხნის "არგიონათსის" შესახებ, რომელსაც გოროზია ლობირებს. ჟურნალისტებს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ქარხანაში განთავსებულ სარდაფში ასამდე ადამიანი არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა: წყაროს ცნობით, ისინი ყალბ საბუთებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ამზადებდნენ. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, ღამის 5 საათზე ამ ქარხანასთან მივედით. დავინახეთ, რომ ეზოს კართან გოროზიას მანქანა შემოვიდა, მას ყოფილი პრესმდივანი გელენავა შეეგება და ყვითელი პარკით რაღაც გადასცა... დარაჯმა დაგვიდასტურა, რომ ავტომობილი გოროზიასი იყო, მაგრამ გვითხრა, რომ საჭეს ვიღაც სხვა მართავდა. ზუგდიდში ყველამ იცის, რომ ეს თხილის ქარხანა რეალურად, "ნაცმოძრაობის" შტაბია და იქ ყალბ დოკუმენტებს ამზადებენ. თუმცა ჟურნალისტები ვერაფერს ვახერხებთ: გვეუბნებიან, - ეს კერძო საკუთრება არისო, - და ახლოსაც არ გვიშვებენ. მინდა, ყურადღება გავამახვილო ზუგდიდის ციხეში ჩატარებულ არჩევნებზეც. თავდაპირველად იქ ჟურნალისტებს საერთოდ არ უშვებდნენ. კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, მხოლოდ ერთი ჟურნალისტის შეშვებაზე დაგვთანხმდნენ. კოლეგებმა მე შემიშვეს. შევედი თუ არა, საარჩევნო კაბინაში სათვალთვალო ხვრელი მაშინვე შევნიშნე. ციხის ადმინისტრაციამ თავი იმართლა, - ეს კომუნისტების დროიდან არის შემორჩენილიო, - და ჩვენი თანდასწრებით, სკოჩით ამოქოლა. მიუხედავად იმისა, რომ სულ 72 პატიმარი ჰყავდათ, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 42-ს მიაღებინეს. მოგვიანებით გვითხრეს, რომ იმ 42 პატიმრიდან უმრავლესობას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...
ია თინიკაშვილი, შიდა ქართლი:
- ცალკეულ დარღვევებზე არაფერს ვამბობ; აღარც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს გვიშლიდნენ. ხაშურში სპეცრაზმმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა: მესამე საარჩევნო უბანზე შეიჭრა, ხალხი გარეთ გამოყარა და ბიულეტენებით სავსე ტომარა გაიტაცა. ხალხი რომ არ მიახლოებოდა, ცეცხლიც კი გახსნეს. ეს ყველაფერი ჟურნალისტებისა და ჩართული კამერების წინ გააკეთეს.
- გავრცელებული ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს...
- ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს და 12-კალიბრიანი, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლეს. ჩვენ მასრები დღემდე შენახული გვაქვს.
თამუნა ლეფსვერიძე, გურია:
- გურიაში საარჩევნო ყუთები არავის გაუტაცებია, არც სპეცრაზმი დაგვსხმია თავს. აქ პრობლემა ის გახლდათ, რომ საარჩევნო უბნებზე იმაზე ბევრად ნაკლები ბიულეტენი მიიტანეს, ვიდრე საჭირო იყო. ზოგიერთ უბანზე 70, 80 ბიულეტენიც კი აკლდა. ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გვქონდა, ვიცოდით, რომ მოპარულ ბიულეტენებზე წინასწარ ჰქონდათ ხუთიანი შემოხაზული და სანდო ოჯახებში ინახავდნენ. მათი გეგმის მიხედვით, მოსყიდული ამომრჩეველი საარჩევნო უბანში წასვლამდე, ამ სანდო ოჯახებში მიდიოდა, ხუთიანშემოხაზულ ბიულეტენს იღებდა და საარჩევნო უბანზე მიჰქონდა, იქიდან კი ცარიელი ბიულეტენი გამოჰქონდა და თავის კოორდინატორს აძლევდა. გარდა იმისა, რომ "ნაციონალები" ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდნენ, სამართალდამცველებსაც აიძულებდნენ, მათ სასარგებლოდ ემოქმედათ. სხვათა შორის, ოზურგეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, შუქრი გაბრიჭიძის მანქანაში აღმოვაჩინეთ და ვიდეოზეც გადავიღეთ იმ საპასუხისმგებელო თანამდებობის პირთა სია, რომელთაც არჩევნებში გარკვეული დავალებები უნდა შეესრულებინათ. მათ შორის იყვნენ ქალაქის პროკურორები, ასევე - კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და თავად გაბრიჭიძე. ამაზე გაცილებით რთული სიტუაცია იყო არჩევნების წინა პერიოდში. საჯარო მოხელეებისა და "ნაციონალების" მხრიდან ხშირად ხორციელდებოდა მოსახლეობის შანტაჟი, მუქარა, დევნა. ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო პრობაციონერებზე. მათ მხოლოდ ოჯახის წევრების კი არა, ნათესავების ხმებსაც სთხოვდნენ. ეს საწყლებიც დადიოდნენ და ნათესავ-მეგობრებს ყელგამოწეულები ეხვეწებოდნენ, - მიეცით ხმა "ნაციონალებს", თორემ ისევ დამიჭერენო. ერთი ამაზრზენი ფაქტიც მოხდა: მძიმე ავადმყოფი ბავშვის მშობლებს უთხრეს, რომ მათ შვილს 100 ხმის სანაცვლოდ, ოპერაციას გაუკეთებდნენ... სოფელში არ დარჩა ოჯახი, რომელიც "ნაციონალებს" რაღაც ფორმით არ დაუშანტაჟებიათ.
ხათუნა ბახტურიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)