კახა ბენდუქიძეს ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ მოსწონს, - ამის შესახებ "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე "ლენტა.რუ"-სთან ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ივანიშვილს პირადად არ იცნობს და მისი გუნდი აეჭვებს, ვინაიდან კოალიციის დაშლას თავად მისი ლიდერიც არ გამორიცხავს.
"კოალიციაში სხვადასხვა სახის ადამიანები არიან. ადამიანმა, რომელმაც ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ მილიონერობა სურს. არ მომწონს ის მიდგომაც, რაზეც ივანიშვილმა არაერთხელ ისაუბრა. თქვა, რომ ბიუჯეტი გაუგებარია, შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის და საკუთარ ფულს ჩადებს. ჩემი აზრით, არ არსებობს თანამედროვე საზოგადოებრივი წყობილება, სადაც პრემიერ-მინისტრს ან რომელიმე პარტიის ლიდერს ბიუჯეტში საკუთარი ფული შეაქვს. ხვალ რომ გადაიფიქროს, ბიუჯეტის დეფიციტი გვექნება? თუ ფულის ხარჯვა გსურს, ააშენე საბავშვო სახლები, დაეხმარე ოჯახებს, რომლებსაც სურთ ბავშვები იშვილონ, გამოეცი წიგნები", - აცხადებს ბენდუქიძე.
ჟურნალისტის კითხვას, ჩატარდა თუ არა რეფორმები ივანიშვილის ფულით, მათ შორის, პოლიციაში, ბენდუქიძე პასუხობს, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია.
"ის, როგორც სოროსი, რეფორმებზე დანაკლისის კომპენსირებაში ეხმარებოდა. შესაძლოა, მისი წვლილი უფრო დიდი იყო, ვიდრე სოროსის, მაგრამ მერე რა?! ძალიან კარგია, რომ ეხმარებოდა და ეკლესიებს აშენებდა, მაგრამ ბუზი კატლეტისგან უნდა გამოყო", - აცხადებს ბენდუქიძე.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოიგო არჩევნები, ბენდუქიძე პასუხობს - "ეს პოლიტიკაში ფულის როლზე მიუთითებს".
მისივე განმარტებით, არ ესმის, როგორ უნდა განხორციელდეს არსებული ბიუჯეტის პირობებში "ქართული ოცნების" მიერ გაცემული დაპირებები.
"მისი გუნდი ფინანსურ შეცდომებს უშვებს, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით. ისინი სთავაზობენ დაზღვევას ყველას, რაც ორჯერ უფრო ძვირი ჯდება დაზღვევის დღევანდელ სისტემასთან შედარებით. ეს ძალიან უხეში შეცდომაა. წარმატებულ ადამიანებს გაცილებით მეტი მოთხოვნები აქვთ. გასაგებია, რომ ერთი პროგრამით დაზღვეული მთაში მცხოვრები 80 წლის ქალი და ქალაქელი 40 წლის მამაკაცი სადაზღვევო მომსახურებას ერთნაირად არ გამოიყენებენ. ერთი უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს, მეორე კი - ნებისმიერში. თუ მოსახლეობის ნახევრის დაზღვევას მშპ-ს 2% სჭირდება, საყოველთაოს 4% არ ეყოფა და 7-8%-ს მოითხოვს", - აღნიშნავს ბენდუქიძე.
მისივე განმარტებით, პენსიების ზრდაც მთლად გამართლებული არ არის. სინამდვილეში სოციალური დახმარება უნდა გაიზარდოს.
როგორც ბენდუქიძე აცხადებს, ხელისუფლებაში ივანიშვილისა და მისი გუნდის მოსვლა უკან გადაგმული ნაბიჯია.
"არ ვიცი, რამდენად შეძლებენ უკან დაბრუნებას კანონიერი ქურდები პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არსებული ძლიერი ოპოზიციის პირობებში, რომელიც კიდევ ერთი წლის განმავლობაში დანიშნავს შსს-ს, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებს. თუმცა, მთლიანობაში ასეთი საფრთხე არსებობს და ვიცით, რომ კანონიერი ქურდები ივანიშვილის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ადამიანები მათ დაბრუნებას არ მოინდომებენ. ჩემი სტუდენტების ნაწილმა "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, რადგან მათ არ ესმით, რას ნიშნავს კანონიერი ქურდი, მათთვის ეს აბსტრაქტული ცნებაა", - აცხადებს ბენდუქიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის თემაც. ჟურნალისტის კითხვას, სჯერა თუ არა, რომ ივანიშვილი "კრემლის პროექტია", ბენდუქიძე პასუხობს, რომ არ ჰგონია, იგი ვინმეს არჩევნებზე გამოეგზავნა. თუმცა, მისი თქმით, "უცნობ ქალთან წარმატებული ცეკვა არ გამოდის".
"ამ გაგებით, კრემლისთვის, იმის გამო, რომ სააკაშვილი არ უყვარს და საქართველოში სიტუაციის კონტროლი სურს, ნებისმიერი ცვლილება მისაღებია", - აღნიშნავს ბენდუქიძე.
თუმცა, ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა ივანიშვილის მოსვლა საქართველოს რეფორმებისა და მომავლის დასასრულს, ბენდუქიძე პასუხობს, რომ ეს არც დასასრულის დასაწყისი და არც დასაწყისის დასასრულია.
"ეს საქართველოს, როგორც თანამედროვე ერის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი მომენტია. პირადად მე ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ პოზიტიურია იმ კონტექსტში, რომ კეთდება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ჩვენც ვსწავლობთ დემოკრატიას", - აღნიშნავს ბენდუქიძე.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.