"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისთვის მზადება იკვეთება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში კახა კახიშვილი განაცხადა.
მისი თქმით, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხის ნებისადმი დამორჩილების და ხელისუფლების "ქართულ ოცნებისთვის" გადაცემის რეალური დემონსტრირება სურს, მის ხელთ არსებული მართვის ყველა ბერკეტი და მთელი მთავრობა უნდა დათმოს - ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კახიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისათვის მზადება იკვეთება, რომელსაც საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით უმრავლესობას - "ქართულ ოცნებას" გადააბრალებს.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გადასული უმრავლესობა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში - 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმს "ქართული ოცნების" მარგინალიზაციისთვის გამოიყენებს.
"მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს, ის ნიშნავს მთავრობის მეთაურს და აკონტროლებს ძალოვან უწყებებს. კონსტიტუციით დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოს წარმოადგენს სასამართლო სისტემა, რომელიც არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას არ ექვემდებარება, თუმცა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ერთი პოლიტიკური სუბიექტის დავალებების შემსრულებელია. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თავისი ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. "ნაციონალური მოძრაობა" დათმობს ყველა უწყებას, მაგრამ შეინარჩუნებს კონტროლს ძალოვან სამინისტროებსა და მართლმსაჯულების სისტემაზე და მათ კრიზისისთვის გამოიყენებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახიშვილმა.
ამ კონტექსტში ექსპერტი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ "სტრატეგიულ ბიზნეს-მონოპოლიებს და ყველა იმ სფეროს, რომელთა მოწესრიგების გარეშე შეუძლებელია მონოპოლიების დაშლა, სოციალური რეფორმები და სხვა იმ სიკეთის გაკეთება, რასაც "ქართული ოცნება" მოსახლეობას ჰპირდება", "ნაცმოძრაობა" და მასთან დაკავშირებული ადამიანები აკონტროლებენ".
"ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" თითოეული მიღებული ხმის დაცვა შეძლოს, რადგან როგორც ვხედავთ, ხმების შეჯამება ყოვნდება და ეს დიდი ალბათობით, იმისთვის ხდება, რომ სხვაობა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მაქსიმალურად შემცირებული იყოს. უმცირესობა, რომელიც წინასწარი შედეგების თანახმად, სულ რაღაც 10 სადეპუტატო მანდატით ჩამორჩება უმრავლესობას, მთელ სისტემას აკონტროლებს", - დასძინა კახიშვილმა.