ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი სტუდენტებს დაჰპირდა, რომ დღეს შუაღამემდე საარჩევნო უბნების 95%-ის მონაცემები დათვლილი იქნება.
ამის შესახებ თავად სტუდენტებმა განაცხადეს, რომლებმაც ხარატიშვილთან მოლაპარაკება რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს.
"მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შედეგები დაიდოს რაც შეიძლება სწრაფად. არ არის ამხელა დაფინანსების მქონე ორგანიზაციისთვის რაიმე პრობლემა, რომ ხმები დაითვალოს ოპერატიულად. მით უმეტეს, ორ მილიონზე მეტი ხმის დათვლა ჩვენი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს", - განაცხადეს სტუდენტებმა.
მათივე თქმით, ხარატიშვილმა მათ აუხსნა, რომ არის გარკვეული პრობლემები, მათ შორის სერვერთან დაკავშირებული. თუმცა ცესკო-ს თავმჯდომარე მაინც დაჰპირდა სტუდენტებს, რომ დღეს შუაღამემდე საარჩევნო უბნების 95% პროცენტი იქნებოდა დათვლილი.
ცესკო-სთან გამართული აქციის მიმდინარეობისას კომისიის შენობაში რამდენიმე სტუდენტი შევიდა, რომლებიც ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ.