თუ ვინმე იცნობს ციხის სტრუქტურას, საშინაო პოლიტიკას თუ კულუარულ ამბებს, ერთ-ერთი მათ შორის ქალბატონი ელენე თევდორაძეა. წლების განმავლობაში მას უშუალო შეხება ჰქონდა ამ დაწესებულებასთან. იმასაც კი აბრალებდნენ, ქურდული მენტალიტეტი გაქვს და ამიტომ იცავ პატიმრებსო.
დღეს ქალბატონი ელენე შეწყალების კომიტეტის თავმჯდომარეა და არაერთი პატიმრის მშობელთან თუ ოჯახის სხვა წევრთან უწევს შეხება. რა იყო სიახლე ამ კადრებიდან მისთვის, რატომ შეამცირა ვიზიტები ციხეში და რაში ხედავს გამოსავალს, ჩემი რესპონდენტი თავად ისაუბრებს.
- პრინციპში, მე ეს ყველაფერი ვიცოდი, ოღონდ არა ამ სისასტიკით. როცა ციხეში შევდიოდი, იქ დასისხლიანებული, დასივებული პატიმარი მხვდებოდა და ძალადობის ფაქტებს მიყვებოდა, მაგრამ როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ, სულ სხვა შეგრძნებაა. პარალელი რომ გავავლოთ შევარდნაძისა და დღევანდელი მთავრობის ციხეებს შორის, ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში აწამებდნენ, საიდანაც ადამიანებს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიდნენ. მეორე საშინელი ადგილი იყო წინასწარი დაკავების საკანი. იქ დაკავებულებს ჩვენებას სძალავდნენ. როცა წინასწარი დაკავების საკნებში შევდიოდი, პატიმრები ერთი თხოვნით მომმართავდნენ, ზონაში გადაგვიყვანეთო. რევოლუციის შემდეგ წამება წინასწარი დაკავების საკანში პრაქტიკულად შეწყდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამან ზონებში გადაინაცვლა.
- შევარდნაძის მთავრობის დროს რა ხდებოდა ზონებში?
- ციხის ხელისუფლება არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობდა, ვერ აკონტროლებდა და ვერ ხელმძღვანელობდა ციხეს. იქ იყვნენ ე.წ. "მაყურებლები", "ავტორიტეტები" და ისინი მართავდნენ ციხეს, ადგენდნენ წესებს. შიგნით ხდებოდა ჩხუბიც, წამებაც, თუმცა გაუპატიურებაზე მართლა არაფერი მსმენია მაშინ.
- ასეთივე ულმობელი იყო ქურდული წესები?
- ჩხუბი რომ იყო, ეს ვიცი და ძირითადად "ობშიაკის" აგროვებას უკავშირდებოდა. თუმცა, როცა ამას აკეთებს შავი სამყარო, სხვა არის, მაგრამ როცა ციხის ხელისუფლება შავ სამყაროს ცვლის და იმავე მეთოდებით ხელმძღვანელობს, სულ სხვაა. ვინ გამოდიან ესენი?!
რევოლუციის შემდეგ მე კიდევ შევდიოდი ციხეებში, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორითაც უწინ და გეტყვით რატომაც. როცა შევარდნაძის დროს ციხეში შევდიოდი, იქიდან გამოტანილ ამბებსა და სიტუაციას ვარეგულირებდი. მივდიოდი პროკურატურაში, ვატარებდი ბრიფინგებს, ვუყვებოდი ჟურნალისტებს, რა ხდებოდა იქ. დღეს შევდივარ ციხეში, ვუსმენ პატიმარს და ვეღარ ვეხმარები, ამიტომაც შევამცირე ვიზიტები. როცა პატიმარი თვალებში გიყურებს, თავის გაჭირვებას გიყვება და შენი იმედი აქვს, შენ ის არ უნდა მოატყუო. მე კი მოტყუება მიწევდა, ვერაფერს ვცვლიდი.
- ვის მიმართავდით ამგვარ ფაქტებზე, როგორ ცდილობდით ამ უმსგავსობის გამოსწორებას?
- ყველას, ვისაც იქ კანონის დამყარება ხელეწიფებოდა. გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ აკეთებს ამას, ქურდული სამყარო თუ ციხის ხელისუფალი, რომელიც ამაში ხელფასს იღებს?!
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე მძიმე ამბავი, რაც პატიმრისგან მოგისმენიათ?
- ...ეს ის პერიოდი იყო, როცა ძირითადად ზვიადისტები ისხდნენ ციხეებში. სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს იმ პატიმრის, რომელსაც წამების დროს მდუღარე წყალი გადაასხეს. როცა ეს ამბავი გამოვიტანე ციხიდან, ორ დღეში გაათავისუფლეს. ამაზე საშინელი ამბავი პატიმრისგან არ მომისმენია.
- რევოლუციის შემდეგაც მოგისმენიათ პატიმრებისგან ცემისა და ძალადობის ამბები?
- არა, პატიმრებს ძალიან ეშინოდათ გულახდილობის. ერთადერთი იყო სულხან მოლაშვილი, რომელმაც სხეულზე ჩამქრალი სიგარეტების კვალი მანახვა და მითხრა, რომ ეს ბადრაგებმა უქნეს. გახსოვთ ალბათ, როგორ ავტეხე ამ ამბავზე ხმაური... დღეს მე მაქვს მიღებები შეწყალებებთან დაკავშირებით. ბევრ რამეს ვიგებ მშობლებისგან, რომლებიც თვითმხილველნი არ არიან ამ ყველაფრის, მაგრამ მიყვებიან, რომ მათი შვილები არაადეკვატურები გახდნენ, უცნაური ჩვევები დასჩემდათ. საუბარზე ატყობენ, რომ ფსიქიკურად უჭირთ. მეუბნებიან, რომ ძალიან გახდნენ. თუმცა კონკრეტული მომართვა, ჩემი შვილი აწამესო, ჩემთან არ ყოფილა.
- ხელისუფლება ამ კადრების დაგეგმვასა და გავრცელებას ერთ-ერთ პატიმარს მიაწერს...
- (მაწყვეტინებს) მგონი, დღეს ამაზე ლაპარაკი დამთავრდა. ეს უკვე ზღაპარია. როგორ შეიძლება, 20 ადამიანი ერთმა პატიმარმა მოისყიდოს. ვერც კი გავიგე, რისი თქმა უნდოდათ მათ მიერ გავრცელებული პირველი კადრებით.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- მივესალმები იმ ფაქტს, რომ კალმახელიძემ დატოვა თანამდებობა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ამ ყველაფრის სათავეში სწორედ ის იდგა. ეს სასაცილოა. მივესალმები იმასაც, რომ გადადგა ახალაია, მაგრამ თუ არ შეიცვლება პატიმრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკა, ვინც უნდა მოვიდეს სათავეში, არაფერი შეიცვლება.
- ვინ უნდა შეცვალოს ეს პოლიტიკა?
- ხელისუფლებამ. პოლიტიკას ქმნის ხელისუფლება. სწორი ნაბიჯია ისიც, რომ დააკავეს ამ ძალადობის უშუალო შემსრულებლები. ეს მაგალითი იქნება დანარჩენებისთვის, ვინც იქ მუშაობს, მაგრამ თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, პატიმრის მიმართ მიდგომა არ გამოსწორდება, არაფერი გვეშველება. ბევრი მშობელი მეუბნება, რომ ჩემს შვილს უარყოფით დახასიათებას უწერენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ თანამშრომლობს ციხის ადმინისტრაციასთან. არ მჯეროდა ეს. ახლა საკუთარი თვალით ვნახე, როგორ წაავლეს თმაში ხელი ბავშვს და როგორ აძალებდნენ თანამშრომლობას. წარმოიდგინეთ, ხანში შესული ადამიანი, რომელიც ციხის ბიბლიოთეკაში მუშაობს, რატომ უნდა ჰქონდეს მას ცუდი დახასიათება? მისი მეუღლე მეუბნებოდა, რომ მან თანამშრომლობაზე თქვა უარი და ამის გამო მისცეს ცუდი დახასიათება, რომ არ შესულიყო შეწყალებულთა სიაში. ახლა ვხვდები, რაშიც იყო საქმე.
- თანამშრომლობაში რა იგულისხმება?
- პატიმრებზე თვალთვალი, მათზე ცუდი ინფორმაციის მოძიება, ერთი სიტყვით, ჩაშვების ინსტიტუტის ზედმიწევნით ცოდნა და გამოყენება.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)