9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა სავარაუდოდ დააკავეს , - ამის შესახებ, გარდაცვლილის მამამ მერაბ რაფალიანცმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, როგორც მას პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, დაკავებულია ორი პიროვნება.
"ზუსტად არ ვიცი, ჯერ მითხრეს ორი მამაკაცია დაკავებული, შემდეგ კიდევ თქვეს, რომ ქალი და ერთი მამაკაცია. მეტს არაფერს ამბობენ და, შესაბამისად, მეც არაფერი ვიცი", - აღნიშნა გარდაცვლილი ჩვილის მამამ.
მისივე თქმით, ცხედარს გურჯაანის პროზექტურაში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის დედოფლისწყაროში გადაასვენეს. თუმცა, ოჯახის ახლობლები და თავად გარდაცვლილის დედაც შვილის ცხედარს სოფელ კოლაგში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ცხედრის პირდაპირ დედოფლისწყაროში გადასვენების გადაწყვეტილება თავად პოლიციამ მიიღო. თავად ბავშვის მამა კი ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს არ აკონკრეტებს.
გუშინ საღამოს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში გარდაცვლილი ჩვილი ბარბარე რაფაიანცი იპოვეს. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი ნახეს.