გასულ კვირას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედამ, რემა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაპარტიელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა. "თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა, ღირსეულად მაინც წადით!" - უთხრა მან ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ პირს, რომლებიც თავს ისევ ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მიიჩნევენ. წლებია, ქალბატონი რემა ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება. თუმცა, ამჯერად "კვირის პალიტრისთვის" გამონაკლისი დაუშვა. გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას დედასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ლაპარაკობს. ქალბატონ რემას სწორედ მაშინ შევხვდით, როცა საზოგადოება ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერის მოლოდინში იყო (მედიაში გავრცელდა, რომ ჩანაწერს საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს). ქალბატონი რემა ამ დღეს ძალიან ღელავდა:
- ამ ქვეყანაში ყველაფერს საჩვენებლად აკეთებენ, ადამიანის ძირითადი უფლებები კი სრულიად უგულებელყოფილია. ქალაქად თუ სოფლად, ყველგან ერთნაირი ვითარებაა, ყველა, გლეხი თუ მეცნიერი, დიდ სიდუხჭირეშია. ხელისუფლების საქმიანობაზე პროტესტის გრძნობა დიდი ხანია გამიჩნდა, მაგრამ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირების ნახვამ მოთმინების ფიალა ამივსო. თითქოს კიდევ ერთხელ მოვკვდი, თითქოს გულში დანა გამიყარეს. ასეთივე განცდა მქონდა ზურას გარდაცვალების გამო და არ მეგონა, თუ განმეორდებოდა. ასეთ საშინელებას ვერ წარმოვიდგენდი. აშკარაა, ხელში შეგვრჩა სიცრუეზე აგებული ქვეყანა, სადაც მართალია, გზებს აგებენ, მაგრამ ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს, სოფელი სოფელს და ზოგიერთი ადამიანი - ადამიანს.
- ადრე არასდროს გქონიათ ბევრ თემაზე საჯაროდ საუბრის სურვილი.
- მართალია, ბევრი რამ უთქმელი დამიგროვდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ხალხში გამოჩენა და ლაპარაკი არ შემიძლია. უკვე 80 წელს ვუახლოვდები, პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ, ქვეყანას შევძრავდი, ახლა კი მიუხედავად უძლურებისა, მაინც გავაკეთე განცხადება და მათ, ვინც თავს ზურას მეგობრად მიიჩნევენ, მოვუწოდე, ხელისუფლებიდან ღირსეულად წავიდნენ. გულიდან მაინც ვერ ამოვიღე ისინი, რომლებთან ერთადაც ზურა ჯერ კიდევ "მწვანეთა მოძრაობიდან" მოდიოდა. სხვათა შორის, "მწვანეებში" იყო მისი დაცვის უფროსი კობა ხარშილაძეც, რომელიც ჩემი შვილის უშუალო მკვლელი არ არის, მაგრამ არ ჰქონდა უფლება, ზურა მიეტოვებინა! ვშიშობ, რომ ხელისუფლება ისევ ძალადობას მიმართავს, ამიტომაც თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი.
- მას შემდეგ, რაც ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირები გავრცელდა, გია ბარამიძემ "ნაციონალების" მხარდამჭერებს მოუწოდა, თავაწეულმა იარეთო. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- აბა, რა გითხრათ, ეტყობა, შეასრულა ის, რაც უთხრეს.
გია ბარამიძეს ბოლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შევხვდი. შინ მესტუმრა. მაშინაც ძალიან აღელვებული ვიყავი იმ ყველაფრით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ვკანკალებდი და თითქმის ყვირილით ველაპარაკებოდი გიას, ისიც კი ვუთხარი, ბუშმა, პუტინმა და სააკაშვილმა მსოფლიოში ბევრი სისხლი დაღვარეს და ტრიბუნალს იმსახურებენ-მეთქი. გია გაგიჟდა და გავარდა.
ხათუნასთანაც (გოგორიშვილი) მქონდა ურთიერთობა, რომელიც მართლაც ძალიან მიყვარდა, თუმცა, ბოლო დროს, ყველას თავს ვარიდებ. ვიცი, რომ ზურას დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში დიდი თაიგულებით მიდიან გიაც და ხათუნაც ჩემი შვილის საფლავზე. ჩვენ მათ იქ არ ვხვდებით.
- და მაინც, რითია განსხვავებული ზურას გზა მიშას გზისგან?
- ძალიან განსხვავებულია. ზურა არ დაუშვებდა დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას საქართველოში და ძალაუფლების უზურპაციას. ზურა ყოველთვის ხელს უშლიდა კლანების ჩამოყალიბებას. მამალაძესაც იმიტომ დაუპირისპირდა, რომ მან მომხვეჭელობა დაიწყო. ზურა სხვებისგან ადამიანური თვისებებითაც განსხვავდებოდა, - ის ოპონენტსაც უსმენდა, აკვირდებოდა, შეეძლო იმასაც დახმარებოდა კანონიერების ფარგლებში, ვინც მუდამ მის ლანძღვაში იყო. მისთვის მატერიალური მხარე არასდროს იყო მთავარი. არადა, ზოგიერთი მისი ოპონენტი ამბობს, ხელისუფლებაში ფული ვერ გაიყვესო და ამით ტალახს ზურასაც ესვრის. ამ ოპონენტებს წარმოდგენაც არა აქვთ არც ზურასა და არც მის ოჯახზე. ჩემი შვილი სხვაგვარად აღზრდილი იყო, ფულის სიყვარული გენებშიც არ ჰქონდა. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ჩემმა დედამთილმა თალიკომ ბინის მიყიდვაზე კლიენტს უარი უთხრა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისთვის ჰქონდა სიტყვა მიცემული, ამ და ამ ფასად მოგყიდიო. ახალი კლიენტი ბინაში თალიკოს ორმაგ ფასს სთავაზობდა და გაოცდა: "ნუთუ თქვენი სიტყვა 50 ათასი ღირს?" - ჰკითხა თალიკოს და ასეთი პასუხი მიიღო: "ჩემი სიტყვა არ იყიდება". აი, ასეთი ადამიანების გარემოში აღიზარდა ზურა.
მახსოვს, როცა ზურა მოასვენეს, თოვდა, ქარი ქროდა. სრულიად გათიშული ვიყავი, დილის ათი საათიდან განუწყვეტლივ მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. სოფლებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ზურას ასე მიატირეს, შენ რომ არა, გასულ ზამთარს ვერ გადავიტანდითო. ამ სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლა, ზურა ჩუმად, გაუხმაურებლად ეხმარებოდა ადამიანებს.