როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იქნება. შედეგებზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ, დღეს კი იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთი მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდგომ არ გვახსოვს. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, რეალურად, 2011 წლის 7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დაიწყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ძირითადი თემები დაჯარიმება, დაყადაღება, ნათია მოგელაძის სამსახურის გააქტიურება და ოპოზიციის აქტივისტების პერმანენტულად დაპატიმრება იყო. ბოლო კვირას კი ფარული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერების კასკადი ვიხილეთ.
წინასაარჩევნო კამპანიას "აქციათა შეჯიბრებაც" გასდევდა. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა ქალაქში მანიფესტაციების გამართვა დაიწყო, ხალხმრავალი აქციები "ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაიწყო და მხარეები ერთმანეთს ამ ღონისძიებებზე ხალხს ლამის თითებზე უთვლიდნენ. მთავარმა კონკურენტებმა საარჩევნო კამპანია სწორედ აქციებით დაასრულეს, - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ეროვნულ სტადიონზე შეხვდა, ბიძინა ივანიშვილი - თავისუფლების მოედანზე. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, მთავარი ის კი არ არის, ვინ რამდენ კაცს მოუყრის თავს, არამედ ის, თუ "სად არის ხალხი". ამ კუთხით ექსპერტი თვლის, რომ ხალხი თავისუფლების მოედანზე იყო.
- არ დავიწყებ იმის თვლას, თავისუფლების მოედანზე უფრო მეტი ხალხი იყო თუ ეროვნულ სტადიონზე. ჯერ ერთი, ყველამ ყველაფერი თავისი თვალით იხილა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, თუ რომელი შეკრება იყო ხალხით შემკული და რომელი - ვალდებულებითა თუ იძულებით მოყვანილებით. ჩემი აზრით, ხალხი "ქართული ოცნების" აქციაზე იყო. ემოცია ბუნებრივი, გულწრფელი გახლდათ, განსხვავებით ეროვნული სტადიონის გაბდღვრიალებული პარტერებისა, სადაც მსხდომთა მდუმარება თვალში საცემი იყო. ასე რომ, თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ, ჩემი აზრით, მთავარ კითხვას, ალბათ, წინასწარ გასცა პასუხი.
- ამ აქციაზე ივანიშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა "კიდევ ერთ ადამიანს". ჟურნალისტებმა ეს განცხადება ისე გაიგეს, რომ ეს "კიდევ ერთი ადამიანი" დაეხმარა ივანიშვილს ოპონენტისთვის ნიღბის ჩამოხსნაში და როგორც თავად განაცხადა, "ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, როგორია ჩვენი მოძალადე პრეზიდენტი". თქვენი აზრით, ვის უხდიდა მადლობას ივანიშვილი? ისე, ბევრი, ალბათ, მერაბიშვილზე იფიქრებს.
- ვის უხდიდა მადლობას ივანიშვილი, ამას მე და თქვენ კი არა, ვანგაც ვერ მიხვდებოდა. არა მგონია, მერაბიშვილი იგულისხმებოდეს, რადგან ასეთი პრიმიტიული მინიშნებები ივანიშვილს არ სჩვევია. მოკლედ, ვისაც ივანიშვილი გულისხმობდა, მათი წრე ძალიან ფართოა.
- საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან საინფორმაციო გამოშვებები, ძირითადად, ფარულ ვიდეო თუ აუდიომასალებს ეძღვნებოდა. ყველა ელოდებოდა, რომ 18 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პატიმართა წამების ამსახველი საზარელი ვიდეომასალა გავრცელდა, ხელისუფლება კონტრშეტევას დაიწყებდა.
- ყველასი და ყველაფრის მოსმენა ჩვენი ხელისუფლების გართობის საგანია. ხელისუფლებას მანიაკური მისწრაფება აქვს, დაარღვიოს "ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის შესახებ" კანონი. ეს მას სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს, სადიზმი კი გადმოიღვრება ხოლმე ისეთი უკიდეგანო სიმწვავით, რაც პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერში ვიხილეთ. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ მიაღწია, რომ მმართველ პარტიას "მიესაჯა" ახალი სახელი "ნაციონალ-სადისტური მოძრაობა". რაც მთავარია, ხელისუფლებას მოსახლეობის წინაშე საკუთარი თავის გაკეთილშობილების არანაირი სურვილი არა აქვს, არ არის გულწრფელი და მუდმივად იტყუება. ისე მარტივად ტყუიან ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები, თითქოს სხვა პლანეტაზე სახლობენ. სწორედ ვენერასა და მარსის მოსახლეობა შეიძლება ეცადო, დაარწმუნო, რომ ბიძინა ივანიშვილი წარსულში აპირებს ქვეყნის დაბრუნებას, რომ ოპოზიციის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს ე. წ. კანონიერი ქურდების დაბრუნება სურთ. მოკლედ, ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი.
- რამდენიმე ექსპერტის აზრით, "ოპერაცია" ხელისუფლებამ ნაჩქარევად დაგეგმა ან მასალების გამავრცელებლებს სინამდვილეში მმართველი გუნდის დისკრედიტაცია უნდათ. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც შსს-ს მტკიცებით, ოპოზიციის წევრების ე. წ. კანონიერ ქურდებთან კავშირს ასახავს. მაგალითად, ამ ჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად დასახელებული რევიშვილი "ნაციონალების" აქტივისტი აღმოჩნდა, არის სხვა კურიოზული შეუსაბამობებიც.
- ეს არ მიკვირს და მხოლოდ ერთის მიმანიშნებელია - მმართველი პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბდა ანტიპროფესიონალურ, არაპროფესიონალური ღირებულებების მატარებელ ძალად. ეს ძალა ასეთია ყველა ვითარებაში, მათ შორის პასკვილების შეთხზვაშიც. მას მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებში ტყუილების ფრქვევაღა იციან და სიცრუეს თავადვე იჯერებენ.
- მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ლამის საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. პროკურატურამ საფრანგეთის ჟანდარმერიიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, რომლებიც ქართველ ე. წ. კანონიერ ქურდებს ეხება, გაასაჯაროვა. პროკურატურამ გაავრცელა ასევე ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ხვდება საფრანგეთში გოგა ხაინდრავა ე. წ. კანონიერ ქურდს, რეზო ლორთქიფანიძესა და რამდენიმე პირს. ხაინდრავას განმარტებით, ის საფრანგეთში თავისი ფილმის "დემოკრატიის შუქურის" პრეზენტაციისას მართლაც შეხვდა რეზო ლორთქიფანიძეს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია და ამას არც არასოდეს მალავდა.
- ჩემი აზრით, ეს არის პრიმიტიული მისწრაფება ჩვენი ხელისუფლებისა, პრეზიდენტისა, ნებისმიერი გზით ავნოს ადამიანს, რომელმაც კინემატოგრაფიული "ძეგლი" დადგა ფილმ "დემოკრატიის შუქურას" სახით. მას შემდეგ, რაც ეს ფილმი გამოჩნდა, სააკაშვილის ლექსიკონში დამკვიდრდა ახალი ტერმინი - "ხაინდრავა". ამ გვარს მაშინ ახსენებს ხოლმე, როდესაც ქვეყნისთვის რაღაც საშინელ, უბედურების მომასწავებელ ამბებზე ლაპარაკობს. ხაინდრავასთან დაკავშირებულ ვიდეოფირზე ლაპარაკი სერიოზულ მსჯელობას არ დაემსგავსება, რადგან თავად პროკურატურა ამბობს, რომ არ არსებობს ტექსტი, თუ რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე.
- პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლაპარაკი იყო იმ საფრთხეზე, რაც ხელისუფლებას შესაძლოა, ე. წ. კანონიერმა ქურდებმა შეუქმნან. ლაპარაკია "მხედრიონის" მსგავსი დაჯგუფების შექმნის საშიშროებაზე, იმაზე, რომ ქურდებს შეუძლიათ, ოპოზიციას გადატრიალების მოწყობაში დაეხმარონ და "ახალი რეჟიმის" პირობებში კრიმინალურ ავტორიტეტებს ძველი გავლენის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემათო. სხვათა შორის, საზოგადოებამ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ფრანგულმა მხარემ ტექსტი კი არა, მისი გამოქვეყნება გააპროტესტა.
- ეს ტექსტი ნამდვილად ჟანდარმერიის არის თუ არა, მაშინ გაირკვევა, რაც ფრანგები ტექსტს ქართულიდან ფრანგულად თარგმნიან. ფრანგებმა ჩვენს პროკურატურას ფრანგული ტექსტი მისცეს და ამათ რა გადმოაქართულეს, საკითხავია. როგორი თარჯიმნებით სარგებლობს ჩვენი ხელისუფლება, კარგად გვახსოვს ჟვანიას დაღუპვის შემდგომ, როდესაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტი აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსით თარგმნეს, რათა დაედასტურებინათ ის ვერსია, რომელსაც თვითონ ჯიუტად იმეორებდნენ. როდესაც გყოფნის თავხედობა, რომ უკუღმა გამოაქვეყნო ამერიკელების დოკუმენტები, სხვა რამის გაყალბება, ჩვენი უტიფარი და უსირცხვილო ხელისუფლებისთვის, ძნელი ნამდვილად არ არის.