"მის ტურიზმი" ისეთ ბიჭზე გათხოვდება, რომელიც მოდელობას არ აუკრძალავს

"მის ტურიზმი" ისეთ ბიჭზე გათხოვდება, რომელიც მოდელობას არ აუკრძალავს

"მის ტურიზმი" საქართველოში პირველად გაიმართა. საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც მრავალი წელია, არსებობს და ყოველწლიურად 110 ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს, წელს საქართველოს თამუნა ტორიაშვილი წარადგენს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონკურსის ორგანიზატორი მაია ზაალიშვილი მის გაგზავნას გადაწყვეტს. საქმე ისაა, რომ თამუნა 18 წლის ახლა ხდება, კონკურსამდე, და ვინაიდან ძალიან პატარაა, ჩინეთში მისი გაგზავნა ქართველ ორგანიზატორს ცოტა ეშინია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც ისიც ვკითხეთ, რატომ ხდება, რომ მის კონკურსებზე მუდმივად პატარა ასაკის გოგონები იმარჯვებენ.

მაია:

- "მის ტურიზმი ქუინ ინტერნეიშენალი" საქართველოში პირველად გაიმართა. ამ საერთაშორისო კონკურსთან აქამდეც ვთანამშრომლობდით, ვაგზავნიდით გამართული კონკურსების ვიცე-მისებს, მაგრამ ცალკე კონკურსი არ გაგვიმართავს. წელს კი გადავწყვიტეთ ჩატარება, რადგან მათი მოთხოვნაც იყო. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, არ გვთხოვს სპეციალური კონკურსის გამართვას და სჯერდება ვიცე-მისებს, რომლებსაც ვუგზავნით ხოლმე.

ძალიან საინტერესო კონკურსია, რომელშიც ასზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. 2007 წელს 105 ქვეყანა მონაწილეობდა, როდესაც ჩვენ პირველად გავგზავნეთ ჩვენი გოგონა. კონკურსს დიდი ხნის ისტორია აქვს. 2008 წელს ამ კონკურსზე ჩვენი გოგონა, მარია სარჩიმელია, პრესის რჩეული გახდა. საერთოდ, სადაც მარია მიდიოდა, ყველგან რჩეული ხდებოდა.

- მაია, საკმაოდ ახალგაზრდა კონ­კუ­რსანტები გყავს. ინტერვიუს დაწყებამდე თქვი, რომ 18 წლამდე გასათხოვარი გოგონას მოძებნა საქართველოში ჭირს. რა არის ამის მიზეზი?

- (იღიმება) "მის ტურიზმის" გამარჯვებული 16 წლისაა, ასევე "მის იუნიორიც". მართლაც ასეა. 18 წლის შემდეგ გოგონები უკვე გათხოვილები არიან. ყოველ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილი და ეს არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის ბრალია. წარმოიდგინე, როდესაც ჩვენებები იმართება, დამსწრეთა უმრავლესობა მამაკაცები არიან, როდესაც გოგონები გამოდიან, ბიჭები არა კოლექციას, არამედ მოდელებს უყურებენ. რადგან გოგონები მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან, ალბათ ეს ფაქტორი მუშაობს.

- შენთან სააგენტოში რის გამო მოდიან გოგონები?

- ბევრ რამეს სწავლობენ, სიარულს, ხალხის წინაშე გამოსვლას. ჩემთან სააგენტოში მუდმივად მიმდინარეობს აგიტაცია-პროპაგანდა, რომ არ გათხოვდნენ. პასუხისმგებლობის გრძნობა ბევრს არ აქვს. როგორც თხოვდებიან, ისევე უკან ბრუნდებიან სახლებში. ეს კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა მეხვეწებიან, გათხოვილი გოგონების კონკურსიც გავაკეთო (იცინის).

- საქართველოში ძალიან აქტუალური იქნება.

- მგონია, რომ საკმაოდ ბევრი კარგი გოგონა მოვა. ჯერ მარტო ჩემი სააგენტოდან იმდენი გათხოვდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვაკეთებ ასეთ კონკურსს. გათხოვების გამო უნდა დავსაჯო (იცინის). კარგი ოჯახი რომ შექმნან და დემოგრაფიული პრობლემები გადაჭრან, არაფერს არ ვიტყოდი, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ.

- გამარჯვებულზე გვითხარი, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ.

- თამუნა ყველაზე ლამაზი იყო და ჟიურის ყველა წევრმა მაღალი ქულები დაუწერა. ათიანები მიიღო. რაც შეეხება კრიტერიუმებს, დიდი განსხვავება სხვა სილამაზის კონკურსებთან შედარებით არ არის - გოგონა უნდა იყოს ლამაზი, პროპორციული აგებულების, სხეულს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. საცურაო კოსტიუმით გამოსვლა, როგორც ყველგან, აქაც მნიშვნელოვანია. თუმცა კონკურსი ჩინეთში იმართება და ვფიქრობ, ამ სიშორეზე გავუშვა თუ არა. ერთი წელი ხომ არ დავიცადო-მეთქი. თავად ძალიან უნდა, თან ცოდოა, გაიმარჯვა და რომ არ გავუშვა, გული დასწყდება. ჯერ ვერაფრით ვერ მოვიფიქრე...

- კარგი, მაშინ თამუნას ვკითხოთ, რატომ მოვიდა ამ კონკურსში.

თამუნა ტორიაშვილი, "მის ტურიზმი":

- ამ კონკურსის შესახებ ინტერნეტით გავიგე. თავიდან არ მინდოდა გასვლა, მაგრამ მამაჩემმა დამაძალა. მერე მეგობრებიც ჩაერივნენ ამ ამბავში, შენი რა მიდის, სცადეო. ამ კონკურსში მონაწილეობით ძალიან ვისიამოვნე. მოდელობა ჩემი ცხოვრების ნაწილია და არ ჰობი. ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. დიდ სცენაზე გამოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ასევე მთავარია, ისეთ წარმატებებს მივაღწიო, რომ ჩემმა ოჯახმა იამაყოს. ეს ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატებაა, რისთვისაც მიმიღწევია. ერთ-ერთ სამოდელო სააგენტშო დავდიოდი და ბევრი რამ ვისწავლე, საკუთარი თავის წარმოჩენა, პოდიუმზე სიარული...

- კონკურსანტებთან როგორი დამოკიდებულება გქონდა?

- ძალიან მეგობრული, თუმცა ვნერვიულობდი, რადგან მათ შორის ასაკით ყველაზე პატარა გახლდით. მალე 16 წლის გავხდები. ასაკით დიდი კონკურსანტები უფრო ჩამოყალიბებული მეჩვენებოდნენ, მაგრამ ყველა მხარში მედგა და შური არ მიგრძნია.

- ელოდებოდი გამარჯვებას?

- არა!.. ვის გამარჯვებასაც ველოდებოდი, ის გოგონა ვიცე-მისი გახდა - სალომე დალაქიშვილი. მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, რასაკვირველია, გამიხარდა და ვიამაყე. მამა ისეთი ბედნიერი იყო, რომ იტირა... ძალიან განიცდიდა ჩემს ამბავს. როდესაც თბილისში დავბრუნდი, მაშინ მივახარე. იმ დროს ჩემთან ერთად არ იყო.

მაია:

- არ ვიცოდი, მამას რომ უტირია. ჩემთან არ გამოუხატავს. ვუთხარი, რომ ყველაზე ლამაზი მისი გოგონა იყო და ათიანები დაუწერეს და ცოტა გაიღიმა.

- თამუნა, თანაკლასელებმა როგორ მიიღეს შენი გამარჯვების ამბავი?

- გაიგეს, გაუხარდათ და მათაც იამაყეს.

- თამუნა, "მის ტურიზმი" ხარ და საცურაო კოსტიუმით აქაც გამოხვედი, ასევე საზღვარგარეთაც მოგიწევს. მოდელობას რომ გააგრძელებ და გაიზრდები, თამამ ფოტოსესიას დათანხმდები?

- არ ვიცი, დავფიქრდები (იღიმება). მოდელობა გადაწყვეტილი მაქვს. ძალიან მომწონს ნაომი კემპბელი, ქართველებიდან სალომე ღვინიაშვილი მომწონს. მინდა, მათ დავემსგავსო. კარიერის გასაგრძელებლად უცხოეთში მარტო წავიდოდი.

- იცი, როგორი რთულია იქ მუშაობა?

- ალბათ შევეგუები და მომიწევს. არა მგონია, რომ ადვილი იქნება წარმატების მიღწევა.

- შეყვარებული გყავს?

- არა.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

- სიმპათიური, განათლებული და ის, რომელიც არ ამიკრძალავს ჩემს საქმეს. თუკი ასეთი ადამიანი არ შემხვდა, არ გავთხოვდები.

მაია:

- ძალიან ჭკვიანი კახელია (იცინიან)!..

- თამუნა, თუკი გა­ემგზავრები "მის ტურ­იზმზე", ტალანტების კო­ნკურსზე რას შეასრულებ?

- თუკი მომიწია წასვლამ, ცეკვას გავიტან ალბათ. ქართულ ცეკვაზე დავდიოდი. შევასრულებდი პოპურის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე წარმოვაჩინო.

- მაია, კიდევ თუ იგეგმება კონკურსების ჩატარება?

- სამი კონკურსი გავმართე უკვე. საკმაოდ დავიღალე და გაზაფხულამდე ჯერჯერობით არანაირი კონკურსი არ იგეგმება.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება