საქართველოს საპატიმროებში უსასტიკესი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფლების მოედანზე", კოალიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი შეეხო უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს, რადგან ძალადობით და ტოტალური ტყუილის პროპაგანდით ხალხის გადაგვარება უნდოდა.
"ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი გამწარებული დედა და ატირებული მამა ვნახეთ, ამის მოთმენა შეუძლებელია. წლებია, გვესმოდა საპატიმროებში წამების შესახებ. ამ უსასტიკესი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ხელისუფლებაში თურმე ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ, რადგან არ ეგონათ საჯარო გახდებოდა და ყველა ნახავდა ამ სადიზმს, რაც თვითონ დანერგეს. ისინი ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავენ. აღარ შეიძლება ამ ხალხს ხელისუფლება ერქვას. ხალხმა ეს განაჩენი უკვე გამოიტანა და ჩვენ 1-ელ ოქტომბერს ამას გავაფორმებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო სკანდალი უწოდა და აღნიშნა, რომ ამიერიდან წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის მხარდაჭერით ისარგებლოს.
"ახალგაზრდებმა თავდაჭერილი პროტესტით საქართველოს ქუჩები აავსეს. საჭიროებისთანავე ახალგაზრდობამ სწორი პოზიცია დაიკავა და ადამიანების ღირსების შელახვა არ მოითმინა. მათ თავიანთი სამართლიანი პროტესტით ღირსეულად შემოაბიჯეს ქვეყნის მომავლის შექმნაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.