ბიძინა ივანიშვილი - დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე - 1-ლი ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი - დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე - 1-ლი ოქტომბერი

დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე - 1-ლი ოქტომბერი , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფლების მოედანზე", კოალიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეამაყება თითოეული ქართველის სიმამაცე, ერთგულება და ერთიანობა, რადგან დღეს მთელი საქართველო ფეხზე დგას.

"ერთი ჩემი საარჩევნო დაპირება შევასრულე - მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, ისე როგორც დაგპირდით 27 მაისს თბილისში და ასევე შეგისრულებთ ყველა დაპირებას. მოვიდა "ქართული ოცნების" გამარჯვების დღე. ეს მხოლოდ ჩვენი კოალიციის გამარჯვებას არ ნიშნავს, ეს არის ყველას ოცნების ახდენის დასაწყისი. ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ვერ დაიმორჩილა, ვერ დააშინა, თავისუფლების და სამართლიანობის განცდა ვერ ჩაკლა. მსგავსი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა. საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს, ქართველ ხალხს ვერავინ დაიმონებს და ღირსებას ვერავინ აყრის. ჩვენ კიდევ ერთ გამარჯვებას ჩავწერთ ჩვენი ქვეყნის უძვირფასეს ისტორიაში. დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას იქ, სადაც მისი ადგილია. ვიქნებით იმ ქვეყნების გვერდით სადაც მოქალაქეები ერთმანეთს შიშით კი არ უყურებენ, არამედ ერთსულოვნებით უდგანან გვერდით ერთმანეთს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ არავინ შეშინდა და თავისუფლების ზეიმს არავინ გამოაკლდა.

"დღეს ისევ შევიკრიბეთ ერთმანეთის გასამხნევებლად. გვიყუროს მსოფლიომ, რომ წამებისა და დაპატიმრების პროპაგანდის მიუხედავად ვერ გაგვტეხეს. ერთად ვართ და გარდაუვალი გამარჯვებისთვის ვემზადებით. მთელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას. ხელისუფლებამ ვერავინ დააჯერა, რომ მოძმის თანადგომა კრიმინალია, თავისუფლებისკენ სწრაფვა ღალატია. ჩვენმა ხალხმა უთხრა მსოფლიოს, რომ დემოკრატიისკენ ისწრაფვის. სააკაშვილის ხელისუფლებას ამის გაგონება არ უნდა, რადგან ჩვენი ღირსების ხარჯზე მოპოვებულ განუზომელ ძალაუფლებას კარგავს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა