ხელისუფლება 2 ოქტომბერს საშინელი ციფრების გამოქვეყნებას გეგმავს და არეულობის ფონზე არ არის გამორიცხული, იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და თავად ივანიშვილზე, - ამის შესახებ "მეცხრე არხის" პირდაპირ ეთერში საფრანგეთიდან ჩართვისას, კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარე სულხან მოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინფორმაციის წყარო, უცხოეთში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია. "უცხოეთში ჩემთვის ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. ამ ინფორმაციის წყაროა, ერთ-ერთი უცხოელი მაღალი თანამდებობის პირი. ეს ადამიანი ინტერპოლის სისტემაში დიდ თანამდებობებზე მუშაობდა. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ თუ ხელისუფლებამ გადადგა ასეთი ნაბიჯები და შეეცადა ინსპირირებას, ის დაისახავს მხოლოდ ერთ მიზანს, როგორც ხალხის დაბეჩავებისა და კიდევ ერთხელ წელში გატეხვის მიზანს, ისე - ოპოზიციური ლიდერების და პირველ რიგში ბატონი ბიძინას ანგარიშსწორების მიზანს. ალბათ დაცვის სამსახურები შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ", - განაცხადა მოლაშვილმა.