მიხეილ სააკაშვილი - "ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს"

მიხეილ სააკაშვილი - "ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს.

როგორც სააკაშვილმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ევროპის ეს მესიჯი ქართველ ხალხს ევროპის სახელით გუშინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაუგზავნა.

"ერთი თხოვნა აქვს ევროპას - ხალხო, არ მიბრუნდეთ უკან. ეს მთელი ევროპის სახელით გუშინ უნგრეთის პრემიერმა გვითხრა. ჩვენი უკან მიბრუნება იმ პირობებში, როცა რუსეთი ჩვენი ტერიტორიის შიგნით ჩასაფრებულია, ესაა მიბრუნება მოუსვლელში, იქიდან აღარ ბრუნდებიან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში, ქვეყნის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ევროკავშირსა და ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

"ჩვენი ქვეყანა ძალიან შორს იყო ევროკავშირისა და ნატოსგან. ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. არის ახლა დაყოვნების და უკან მობრუნების დრო?! - არა! ახლა წინსვლის დროა!. უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, ჩვენი პროდუქცია კი ევროპის ბაზარზე "ბაჟის" გარეშე გავა. 2014 წელი ნატოს ახალი გაფართოების წელია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო პირველ კანდიდატებს შორის დაასახელა, ასე რომ, ერთი ხელის გაწვდენაზეა სამშვიდობოს ჩვენი გასვლა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, მათ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ. "ჩვენს ქვეყანას მართავდნენ "კანონიერი ქურდები". 2004 წელს ქუთაისში ჩავედი და ვნახე, რომ ხალხი დაშინებული ჰყავდათ ამ ნაძირლებს. ჩვენ ვთქვით, მოდი, გამოვასწოროთ და "კანონიერ ქურდებს" არაფერი ესაქმებათ ამ ქვეყანაში. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ აგენტები, ხალხი მათ ძაღლებს ეძახდა. ჩვენ ვთქვით, მოდით, გამოვასწოროთ და დღეს ჩვენი პოლიცია არის თანამედროვე, რეფორმირებული, პატივსაცემი სტრუქტურა. პოლიცია არის თითოეული ჩვენგანის სიამაყე. არის კი ახლა იმის დრო, რომ პოლიცია დავშალოთ და უკან დავაბრუნოთ კრიმინალი?! არა! ახლა მეტი რეფორმების დროა. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს!", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა