როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლოკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ, შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო! - პროტესტანტი მღვდლის, მარტინ ნიმოელერის ეს ცნობილი სიტყვები გაგახსენდებათ, როდესაც "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი მოსიაშვილის მონათხრობს წაიკითხავთ:
- ორი თვის წინ თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ჩამოასვენეს პატიმარი გია ლალიაშვილი, რომელსაც მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ჩანდა, რომ ხელკეტებით იყო ნაცემი, კბილები ჩამტვრეული ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ჩამოსვენების დღიდან დაკრძალვამდე მის ოჯახში პოლიცია მორიგეობდა. ოჯახი გააფრთხილეს, თუ პრესასთან რაიმეს იტყვით, პრობლემები შეგექმნებათო. მხოლოდ ვიწრო წრემ, ახლობლებმა იცოდნენ ეს ამბავი. ახლობლებს შევთავაზე, გარდაცვლილისთვის ექსპეტიზა ჩაეტარებინათ, მაგრამ უარი მითხრეს. ციხეებიდან ყოველთვის მოდიოდა სიგნალები, რომ იქ ხალხს აწამებენ, რომ მათ არაადამიანურად, ფაშისტურად ექცევიან, მაგრამ ამ გაფრთხილებებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა. არც საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ არასამთავრობო სექტორის გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს მოჰყოლია შედეგი. სხვათა შორის, არანაკლებ რთული სიტუაციაა თავდაცვის სამინისტროს უწყებაშიც: ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ გურჯაანის რაიონში ორი ჯარისკაცი ჩამოასვენეს სამხედრო ნაწილებიდან - ჯაბა გაბიტაშვილი და კობა მახარაშვილი. თქვეს, ორივემ თავი მოიკლაო. მახარაშვილის ოჯახს შევხვდი და ვესაუბრე, გარდაცვლილს წინა კბილები ჩამტვრეული ჰქონდა, ზურგი - ერთიანად დალურჯებული, თანაც, ნაკბენები ეტყობოდა. მიცვალებულს ჩამოჰყვა 12-კაციანი ჯგუფი და ოთხ-ოთხი ადამიანი მორიგეობდა, რომ ახლობლებს არაფერი ეთქვათ. ანუგეშებდნენ და ჰპირდებოდნენ, გარდაცვლილს ხომ ვეღარ გავაცოცხლებთ და თავდაცვის სამინისტრო როგორმე დაგეხმარებათო. ასეთი საშინელებები ხდება ყველგან და ხდება ერთი პიროვნების, მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ბაჩო ახალაიაზე, მაგრამ გაიხსენეთ დიმიტრი შაშკინი, რომელიც ამ სისტემიდან გადაიყვანეს განათლების მინისტრად, მან ასეთი სიტყვებით დაამახსოვრა თავი განათლების სფეროს მუშაკებს: "თქვენს სისხლს დავლევ!" როგორც ჩანს, იმ ტერმინების გავლენის ქვეშ იყო, რომელსაც ციხეში იყენებდნენ. საერთოდ, როდესაც დაკვეთა არის, პროდუქციაც ჩნდება: მაგალითად, სააკაშვილმა დაუკვეთა და მიიღო ბაჩო ახალაია, დაუკვეთა და მიიღო შაშკინი, შემდეგ - ხათუნა კალმახელიძე. ეს მინისტრები იყვნენ მხოლოდ შემსრულებლები, ყველაფრის დამკვეთი კი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, თორემ როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ხდებოდეს ასეთი რამ და ვერ ხედავდე? თანაც, ეს ხომ არ იყო ერთი შემთხვევა, ეს გახლდათ კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი ფაშისტური, ვანდალური ქმედებები.
- რას გვეტყოდით თამაზ თამაზაშვილზე, რომლის სახელსაც ხელისუფლება დღეს ხშირად ახსენებს?
- ხელისუფლებას სჩვევია მანიპულირება სხვადასხვა პიროვნების სახელებით. მათ შორის არის თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ურთულეს პერიოდში მუშაობდა კახეთის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად. იმხანად პანკისის ხეობაში გადმოდიოდნენ ჯგუფები ჩეჩნეთიდან, მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი. როგორ დავიჯერო, რომ იუსტიციის მინისტრმა არ იცოდა, კახეთის პოლიციის შეფმა ქვეყანა თუ დააქცია, როგორც ახლა გვარწმუნებენ? ის, რასაც თამაზ თამაზაშვილზე ამბობდნენ, არის ისეთი ტყუილი და აბსურდი, რომ პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს: ყველა პატიოსანი პოლიციელი, რომელიც თავისი მუნდირის ღირსებას უფრთხილდება, ამბობს, რომ თამაზაშვილი კარგი ოპერმუშაკი იყო. სწორედ მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედების აღკვეთა. სხვათა შორის, პანკისის ხეობაში ჟურნალისტები რომ გაიტაცეს, სწორედ მისი უშუალო ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. ისიც ხომ ვიცით, რომ ვიდრე თამაზ თამაზაშვილმა ხმამაღლა არ აღიარა, რომ ივანიშვილს უჭერდა მხარს, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ როგორც კი ეს თქვა, პოლიციის გენერალი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს.
- ბატონო გიორგი, 1-ლი ოქტომბრის არჩევნები უკვე მოგვიახლოვდა. რა ხდება კახეთში, ხომ არ აღინიშნება სერიოზული დარღვევები?
- არჩევნები ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოებში იცვლება. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, ჩვენს მიერ ნანახ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოში ქურდული მენტალიტეტი შეცვალა მეორე - სადისტურმა მენტალიტეტმა. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნებამდე აქაც ისეთივე სიტუაციაა, როგორიც დანარჩენ საქართველოში: ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ოპოზიციის შევიწროებას. მაგალითებსაც მოგიყვანთ: პირადად ჩემს კოორდინატორს, მელანია ბერიაშვილს, დილის 6 საათზე მიადგა თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბაადურ რევაზიშვილი და უშვერი სიტყვებით ლანძღა. ეს ქალბატონი არის მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა და, რა შეფასება უნდა მიეცეს, თანამდებობის პირის ასეთ საქციელს. ყვარელში პირადად მაჟორიტარობის კანდიდატ მარიკა ვერულაშვილის სურვილით, პოლიციის უფროსს, პროკურორს და სხვა თანამდებობის პირებს დაავალეს, "თავისუფალი საქართველოს" ოფისი და ბანერი სასწრაფოდ უნდა გაქრეს ამ ადგილიდანო. ცენტრალურ ქუჩაზე გვქონდა ოფისი, რომლის მფლობელიც ტიროდა, ოჯახის გამწარებით დამემუქრნენო და იძულებული ვიყავით ბანერი ჩამოგვეხსნა. იმავე ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში ჩამოსულია შსს-ს დაცვის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ვასილ ცისკარიშვილი, რომელიც მარიკა ვერულაშვილის დავალებებს ასრულებს. ის რამდენიმე სხვა პირთან ერთად, იარაღითა და უნიფორმებით აღჭურვილი, ყოველ საღამოს დადის კარდაკარ და ყველას ეუბნება, თუ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემთ, სერიოზული პრობლემები შეგექმნებათო. რაღა შორს წავიდე, მე 134 ათასი ლარით დამაჯარიმეს, მთელი ქონება დაყადაღებული მაქვს მხოლოდ იმის გამო, რომ ფული შევწირე ჩემს პარტიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ. დავასაბუთე, რომ მაქვს დანაზოგი, შემოსავალი, მაგრამ უშედეგოდ. ანალოგიურ მეთოდებს იყენებენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგაც, მაშინ, როცა "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნულ-დემორატები" თუ სხვა წვრილ-წვრილი პარტიები არც ისჯებიან და არც ჯარიმდებიან. "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" ორი ტონა ხორცი იყიდა, აქ ჩამოიტანა, ამომრჩეველი მწვადებით "დააპურა" ნაწილი კი შინ გაატანა, მაგრამ ეს ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაუთვალეს, ჩვენ კი ყველანაირად გვზღუდავენ. მაინტერესებს, საიდან აქვთ მათ ამდენი ფული, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხარჯავენ? პასუხი ერთია - სააკაშვილთან და მერაბიშვილთან მეგობრული ურთიერთობით!
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)