როგორ იქცა "მოქკავშირის" მსხვერპლად მანანა ნაჭყებია და რა საოცრება ნახა ზაზა პაპუაშვილმა სასკოლო სახელმძღვანელოში

როგორ იქცა "მოქკავშირის" მსხვერპლად მანანა ნაჭყებია და რა საოცრება ნახა ზაზა პაპუაშვილმა სასკოლო სახელმძღვანელოში

ზაზა პაპუაშვილი და მანანა ნაჭყებია პატიმრების წამების ფაქტს მმართველი ძალის მანკიერებით ხსნიან. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები არიან და სწორედ მათი ხელშეწყობით აწამებდნენ პატიმრებს. "მემარჯვენე" მანანა ნაჭყებიას აზრით, ციხეებში მომხდარი ამბავი მხოლოდ სისტემური მარცხის შედეგი არ არის - მისი აზრით, ადამიანების ამგვარი თავნებობა იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს 20 წლის განმავლობაში მრავალპარტიული პარლამენტი არ ჰყოლია და ქვეყანას ყოველთვის ერთი პარტია, ერთი ადამიანი ერთპიროვნულად მართავდა და მართავს. ორივე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს.

- რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ამომრჩეველი თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს?

ზაზა პაპუაშვილი:

- ის, რომ პირი არასდროს შემირცხვენია და ამომრჩეველი არასდროს მომიტყუებია, არ დამიმცირებია და არ დამიშანტაჟებია.

მანანა ნაჭყებია:

- ქართველი საზოგადოება უკვე მომწიფდა იმისთვის, რომ არჩევანი წარდგენილი პროგრამის საფუძველზე გააკეთოს და ემოციას არ აჰყვეს. იმედს მაძლევს ის ფაქტი, რომ ექსპერტები ჩვენი საარჩევნო პროგრამის უპირატესობაზე ლაპარაკობენ.

- ბოლომდე იზიარებთ იმ გუნდის პოლიტიკურ კურსს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ?

ზაზა პაპუაშვილი:

- არ შეიძლება, იყო გუნდის წევრი, თუ შენი აზრები მის აზრებს არ ემთხვევა.

მანანა ნაჭყებია:

- გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებიც გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღება არ გვიჭირს.

- ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა, შეცდომებს თქვენი ლიდერიც უშვებდეს?

ზაზა პაპუაშვილი:

- რასაკვირველია, შეცდომისგან დაზღვეული არავინ ვართ. გააჩნია შეცდომის ხარისხს და შემდეგ სინანულის გრძნობას.

მანანა ნაჭყებია:

- შეცდომას ყველა პოლიტიკური ლიდერი უშვებს, მთავარია, ამ შეცდომამ ქვეყანას ზიანი არ მიაყენოს. ჩვენს ლიდერს ასეთი შეცდომა არასდროს დაუშვია.

- პოლიტიკური ოპონენტი თქვენთვის მტერია თუ უბრალოდ, განსხვავებული იდეებისა და პოზიციების მქონე ადამიანი?

ზაზა პაპუაშვილი:

- რა თქმა უნდა, განსხვავებული იდეებისა და პოზიციების მქონე ადამიანი და არავითარ შემთხვევაში - მტერი.

მანანა ნაჭყებია:

- განსხვავებული იდეებისა და პოზიციების მქონე ადამიანი. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც ოპონენტებს მტრებად მიიჩნევენ.

- როგორ გგონიათ - დათმობა, კომპრომისზე წასვლა სისუსტის ნიშანია?

ზაზა პაპუაშვილი:

- დათმობა და კომპრომისზე წასვლა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია.

მანანა ნაჭყებია:

- არამც და არამც, ეს მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.

- თქვენი აზრით, მიზანი ამართლებს საშუალებას?

ზაზა პაპუაშვილი:

- გააჩნია, მიზნად რა არის დასახული. თუმცა - არა, ყველაფერზე წასვლა არანაირი მიზნის მისაღწევად არ ღირს.

მანანა ნაჭყებია:

- არა, მიზანი არ ამართლებს საშუალებას.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ციხეებში პატიმრების წამების გამართლება იმ საბაბით, რომ ქვეყანაში კრიმინალი აღარ არის?

ზაზა პაპუაშვილი:

- სააკაშვილის გუნდს კრიმინალზე სალაპარაკო რა აქვს?! ეგენი თავად არიან კრიმინალებიც და მანიაკებიც. ადრე თუ ვინმეს არჩევანის გაკეთება უჭირდა, ალბათ ახლა ყველა ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებას.

მანანა ნაჭყებია:

- ეს ზუსტად ისეთი ამბავია, მიზანი რომ არ ამართლებს საშუალებას. ქვეყანაში კრიმინალი მართლაც აღარ არის, მაგრამ ეს სხვადასხვა რეფორმის დამსახურებაა და არა პატიმრების წამების შედეგი.

- თქვენი აზრით, არის თუ არა პოლიტიკა ბინძური საქმე?

ზაზა პაპუაშვილი:

- ბინძურია, თუ მასში ბინძური ადამიანები არიან.

მანანა ნაჭყებია:

- არა, ბინძურ პოლიტიკას მხოლოდ ბინძური ადამიანები ქმნიან.

- თქვენ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

ზაზა პაპუაშვილი:

- პოლიტიკაში მოსვლა ჩემი ქვეყნის სიყვარულმა და ამ ხელისუფლების კაცთმოძულეობამ, უვიცობამ გადამაწყვეტინა. იცით, რა ვნახე მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში? საქართველოს მეფეებს შორის ბაში-აჩუკი იყო დასახელებული... სხვის ნაამბობს არ გადმოგცემთ, ჩემი თვალით ვნახე.

მანანა ნაჭყებია:

- თავის დროზე, "მოქკავშირის" თვითნებობის მსხვერპლი გავხდი. "თბილკრედიტბანკში" ვმუშაობდი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელმა გააკოტრა. მან პირდაპირ პარლამენტში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ ბანკის გასაკოტრებლად. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მონაწილეობა მიმეღო ისეთი სახელმწიფოს შექმნაში, სადაც გადაწყვეტილებებს ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებდა.

- ტყუილის თქმა თუ გიწევთ?

ზაზა პაპუაშვილი:

- როგორ არა, მაგრამ არც ისე ხშირად, თანაც - ბოროტ ტყუილებს არ ვამბობ.

მანანა ნაჭყებია:

- ყველა ადამიანს უწევს; გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ გული არავისთვის მიტკენია.

- ბევრი ფული რომ მოიგოთ, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?

ზაზა პაპუაშვილი:

- ვალებს გავისტუმრებდი, ყოფას მოვიწესრიგებდი, მერე ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც მივხედავდი. არაერთხელ ვყოფილვარ არასახარბიელო მდგომარეობაში და მეგობრები დამხმარებიან. ასე რომ, ვალდებული ვარ...

მანანა ნაჭყებია:

- პირველ რიგში, ოჯახური პრობლემების მოგვარებას დავიწყებდი, შვილების განათლების საკითხს მოვაგვარებდი და შემდეგ ჩემ ირგვლივმყოფებსაც მივხედავდი.

- ყველაზე ხშირად ფულს რაში ხარჯავთ?

ზაზა პაპუაშვილი:

- ოჯახის მოვლაში.

მანანა ნაჭყებია:

- ბევრი ფული არ მაქვს. ვცდილობ, ოჯახში იყოს სითბო, სადილი, შვილებმა კი განათლება მიიღონ.

- რა საქმეს აკეთებთ სიამოვნებით?

ზაზა პაპუაშვილი:

- სცენაზე ვთამაშობ. მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. მიზნისთვის ადვილად არ მიმიღწევია. ძალიან ბევრი ვიშრომე და ვიწვალე იმისთვის, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი გავმხდარიყავი.

მანანა ნაჭყებია:

- შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან მიყვარს კულინარია. ყველაზე დიდი სიამოვნებით ჩემს სამზარეულოში ვტრიალებ და ქმარ-შვილისთვის გემრიელ სადილებს ვამზადებ.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ცხოვრება თამაშია?

ზაზა პაპუაშვილი:

- ჯობია, ცხოვრება კარგად შეიგრძნო და სიცოცხლის ფასი იცოდე.

მანანა ნაჭყებია:

- კი, გარკვეულწილად, ცხოვრება თამაშია.

- თქვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ოჯახის წევრები თუ ახდენენ გავლენას?

ზაზა პაპუაშვილი:

- არა. ოჯახის წევრებთან ამა თუ იმ საკითხზე ვსაუბრობ, მაგრამ... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველი. ბედნიერი ვარ, როდესაც ქუჩაში გავდივარ და ხალხი სიყვარულით მხვდება, ვგრძნობ, რომ მენდობიან და სჯერათ ჩემი. ამის დაკარგვა არ მინდა.

მანანა ნაჭყებია:

- ჩემი ოჯახის წევრები ჩემი თანამოაზრეები არიან და ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ფაქტობრივად, ერთნაირად ვფიქრობთ და ერთნაირად წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი.

- თქვენი ყველაზე მთავარი მიზანი რა არის?

ზაზა პაპუაშვილი:

- ამ ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება და ხვავისა და ბარაქის დაგროვება.

მანანა ნაჭყებია:

- ჩემი მთავარი მიზანი ჩემი შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა და დასაქმებაა.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა