სიყვარულის გამო დანაშაულიც ჩავიდინე და ციხეშიც კი ვიჯექი. გოგო მიყვარდა წლების წინ. ბევრს ვეცადე, მაგრამ მისი სიყვარული ვერ მოვიპოვე. მე კი გონების დაკარგვამდე მიყვარდა. ჰოდა, იმის შიშით, რომ სხვას არ წაერთმია, მისი მოტაცება ძმაკაცებთან ერთად დავგეგმე და ჩანაფიქრი სისრულეშიც მოვიყვანე. უნივერსიტეტიდან გამოვიდა და გაჩერებასთან დადგა თუ არა, ვტაცეთ ხელი და მანქანაში ჩავტენეთ. ბევრი იყვირა, მისმა მეგობრებმაც კაი გვარიანად დაგვფხოჭნეს, მაგრამ არ დავთმეთ და დიდი სისწრაფით მოვწყდით ადგილიდან.
ბიძაჩემთან ჩავედით, სამტრედიაში. მთელი გზა არ გაჩუმებულა ნონა. ხან ყვიროდა, ხან ტიროდა, ხან გვკბენდა, ხან გვეხვეწებოდა, უკან დამაბრუნეთო, მაგრამ ძლივს მოვიხელთე და იმას უკან როგორ დავაბრუნებდი? მოკლედ, ბიძაჩემმა იცოდა, რომ მასთან პატარძალი მიმყავდა და სტუმრებითა და პურ-მარილით დაგვხვდა. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ნონა ჩემთან დაწოლაზეც დავითანხმე (3-4 ჭიქა ღვინო დავალევინე და...). მოკლედ, მეგონა თავი ქუდში მქონდა, დილით კი მისი მშობლები დაგვადგნენ და ნონას წინააღმდეგობის მიუხედავად (ჯერ არ მომყვებოდა და ახლა წასვლა აღარ უნდოდა), მაინც წაიყვანეს. მიჩივლეს კიდეც და დამიჭირეს. 3 წელი და 7 თვე ვხეხე ციხის კედლები და შეწყალებით გამომიშვეს. ამასობაში ნონა გათხოვდა და მეც გადამიარა მისმა სიყვარულმა, რადგან გაბრაზებულიც ვიყავი.
2 წლის მერე მეც დავოჯახდი და 2 შვილიც შემეძინა. ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ბანკში დავიწყე მუშაობა და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ნონა ჩვენი ფილიალის კლიენტი იყო და მას ის კრედიტოფიცერი ემსახურებოდა, რომელიც მე შევცვალე. ასე განახლდა ჩვენი ურთიერთობა... ახლა ე.წ. "ფრენდები" ვართ. ქართულად რომ ვთქვათ - საყვარლები. არა, ამას აგდებით არ ვამბობ, მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. უბრალოდ, მაინც კარგია, რომ ცოლად არ გამომყვა. მაშინაც რომ ვინმე ძველი შეყვარებული გამოსჩენოდა, ხომ მიღალატებდა? ასე რომ, ჯობია, ქმარს უღალატოს და ჩემთან იმეგობროს, ვიდრე - პირიქით.
პატივისცემით, ღუღუნა.