მომღერალ ნინო ბაშარულის ცხოვრებში სასიამოვნო სიახლეებია: გარდა იმისა, რომ აქტიურად ამუშავდა, გათხოვდა და უკვე 2 თვის ლაზარეც ჰყავს... როცა ნინო პროექტში - "ჯეოსტარი" მონაწილეობდა, მისი რჩეული საყვარელი ქალის პლაკატებს თბილისის ყველა უბანში აკრავდა, უფრო მეტიც - მან ამ საქმეში მეგობრებიც ჩართო. ნინოს ყოველი სასცენო გამოსვლისას, ძალიან ნერვიულობდა...
- ჩემი შემოქმედებითი პაუზა პირადი ცხოვრების ბრალი იყო... ფართო აუდიტორიის წინაშე არ ვჩანდი, მაგრამ მუშაობა არ შემიწყვეტია. კლიპის სახით, მალე ჩემი რამდენიმე საავტორო სიმღერა გამოვა. გაზაფხულზე ალბომის გამოშვებას ვაპირებ.
- პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ გვიამბე...
- ოჯახი შევქმენი და უკვე პატარა ლაზარეც შეგვეძინა, რომელიც ახალი, ქართულ-ლაზური პროექტის განსახორციელებლად კიდევ უფრო დიდ სტიმულად იქცა (იღიმის). ეს პროექტი ლაზი მომღერლებისა და მუსიკოსების ჩვენთან დაახლოებას, მჭიდრო მუსიკალურ კავშირს შეუწყობს ხელს. იქაურ მუსიკალურ ჯგუფთან, - რომლის ხელმძღვანელიც ლაზი თურქი, თოლგა ქურდოღლუ გახლავთ, - მოლაპარაკების შემდეგ, ქალაქ არჰავში საქართველოდან მე და პატარა მოცეკვავეების ჯგუფი მიგვიწვიეს. ქართულ, ლაზურ და თურქულ ენებზე ვიმღერე და თოლგა ქურდოღლუსთან ერთად დუეტიც შევასრულე. ტექსტის ავტორი ცნობილი ლაზი პოეტი - იაშა თანდილავა გახლავთ, რომელიც ქართულ-ლაზური ურთიერთობების გასამყარებლად ბევრ პროექტს ახორციელებს. სხვათა შორის, ის პატრიარქის უსაყვარლესი ადამიანია...
- შენი კლიპის სიუჟეტი როგორია?
- სიმღერის ძირითადი "მამოძრავებელი ძალა" სიყვარულია. კლიპიც ამ თემაზეა: შეყვარებული წყვილი ერთმანეთს შორდება, მაგრამ ბიჭს გოგოს აჩრდილი ყოველთვის თან დაჰყვება... დიდი სიყვარულის ამბავი გამოგვივიდა. შეყვარებული გოგონას როლი თავად მოვირგე. კლიპის გადაღებისას მეუღლე მეხმარებოდა. ის ჩემს სამოსზე, ვარცხნილობაზე ზრუნავდა და რჩევებსაც მაძლევდა...
- მოდი, შენი სასიყვარულო ამბავიც მოგვიყევი...
- ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ვერც ვიფიქრებდი, ეს ურთიერთობა სიყვარულში თუ გადაიზრდებოდა. მომავალი მეუღლისთვის თავდადებული, ერთგული მეგობარი ვიყავი, ის კი თურმე, სიყვარულით იწვოდა.
- მის ვინაობას არ გაგვიმხელ?
- ჩემი მეუღლე პოეტი გელა კაციტაძე გახლავთ. როცა გრძნობა გამიმხილა, ლექსები მომიძღვნა, რომლებსაც ადრე თუ გვიან, წიგნად გამოვცემთ.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ესპანეთში, მეგობრის ოჯახში ყოფნისას "სკაიპით" გავიცანი. მითხრეს, - ძალიან კარგი პოეტია. რადგან შენც ლექსებს წერ, ერთმანეთს გაუგებთო. შემდეგ მეუღლემ გამიმხილა: "სკაიპით" როგორც კი გნახე, მაშინვე გავიფიქრე - ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო. მისი ჩანაფიქრი 3 წლის შემდეგ განხორციელდა (იცინის).
- ამ ხნის განმავლობაში ვერ ატყობდი, რომ შენზე შეყვარებული იყო?
- ვინაიდან მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ვიყავი, ვერაფერს ვხვდებოდი. ალბათ, რაღაცები იყო, რაც მაეჭვებდა, მაგრამ ვფიქრობდი, - ეს მისი თავდადებული მეგობრობის ბრალია-მეთქი.
- "სკაიპით" გავიცანიო, - აღნიშნე. იმ პერიოდში თავად სად იმყოფებოდა?
- ბელგიაში. იქ აშენებული ქართული მართლმადიდებლური მონასტრის საქმიანობაში გახლდათ ჩაბმული; ის და მისი მეგობრები აქტიურად იბრძოდნენ, რომ მონასტერი არ დანგრეულიყო...
- სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?
- მოულოდნელად, სასიყვარულო "ესემესი" მომწერა. მეგონა, უბრალოდ ახალი ლექსი დაწერა, მაგრამ მერე მითხრა: - შენ მოგიძღვენიო. ისეთი მხურვალე, ძლიერი გრძნობებით სავსე ლექსი იყო, რომ ვკითხე: - კი, მაგრამ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ-მეთქი?.. ჰოდა, სიყვარულში ამის შემდეგ გამომიტყდა.
- სიყვარულითვე უპასუხე?
- საკუთარ თავს დიდხანს ვებრძოდი და ჩემი გულის მოსაგებად ისიც დიდხანს იბრძოდა. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ მართლა ძალიან ვუყვარდი და ჩემთვის ბოლომდე "გადადებული" იყო, გავიფიქრე: ამ ადამიანის სიყვარული აუცილებლად უნდა დავაფასო-მეთქი. ის ისეთი საყვარელია, რომ ჩემს გულში შემოვუშვი.
- შენი უფროსი ბიჭუნასთვის - 10 წლის საბასთვის ამ ამბის ახსნა არ გაგიჭირდა?
- საბამ მითხრა: შენ თუ ბედნიერი იქნები, გამიხარდებაო. საბას გელა ძალიან უყვარს და მის შვილებთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს. ისინი უკვე დიდი ბიჭები არიან. მოკლედ, დიდი და ლამაზი ოჯახი გვაქვს.
- პატარის გამო, ქართულ-ლაზურ პროექტში მონაწილეობა როგორ მოახერხე?
- ყველა ამას მეკითხება: ეს როგორ შეძელიო? ლაზარე ბებიებთან დავტოვეთ, რომლებიც მასზე ფანტასტიკურად ზრუნავდნენ, შეიძლება ითქვას - ჩემზე უკეთესადაც უვლიდნენ, რადგან მუსიკის გადამკიდე, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვიყავი. 5 დღის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულს ჩემი პატარა გაზრდილი და გალამაზებული დამხვდა.
სიმართლე გითხრა, მისი დატოვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ საკითხს ასე მივუდექი: ჩემი შვილი ხომ წარმატებულ, კარგ დედას ინატრებდა? ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი მეკითხება: რატომ აღარ ჩანხართ? თქვენი სიმღერები ძალიან მოგვწონს, ალბომს ხომ გამოუშვებთო? ამ კითხვებს მტკიცედ უნდა ვუპასუხო: დიახ, ვიმღერებ და ალბომსაც გამოვუშვებ - ხალხს არ დავაღალატებ-მეთქი.
- პატარის მოვლას რამდენ დროს უთმობ?
- მის მოვლაში მეუღლე და უფროსი ვაჟიც მეხმარებიან. მგონი, საბას ხელებში ბიოდენები აქვს: როცა პატარა ტირის და ვერავინ ვაჩუმებთ, როგორც კი ძმა ხელში აჰყავს, მშვიდდება. გელას შვილები - ბაჩო და ზუკაც მეხმარებიან. ორივე ძალიან მიყვარს.
- პატარა ლაზარეს "აღზრდაზე" ორსულობის პერიოდშივე ზრუნავდი?
- სულ ვუმღეროდი და კლასიკურ, ხალხურ სიმღერებს "ვასმენინებდი". ჩემი ვარაუდით, ჩვენს ოჯახში ლაზარე ყველაზე მუსიკალური იქნება. თუმცა, სიმღერის ნიჭიU საბასაც აქვს. განსაკუთრებით, ხალხური სიმღერები უყვარს. ცეკვის ნიჭიც აღმოაჩნდა: მთიულურის სოლოებს ფანტასტიკურად ასრულებს. სურვილი აქვს, რაგბი ითამაშოს და ამ სურვილს მალე ავუხდენთ.
- მოკლედ, პირად ცხოვრებაში მომხდარმა სიახლეებმა შენს შემოქმედებაზე დადებითად იმოქმედა... შენს მუსიკალურ ბენდს - "პალომას" რა ბედი ეწია?
- მართლაც, ბევრი შემოქმედებითი გეგმა მაქვს. ინტელექტუალ კომპოზიტორთან - ნუკრი აბაშიძესთან თანამშრომლობას განვაგრძობ. "პალომას" რაც შეეხება, ჯგუფის წევრები პერიოდულად ვიკრიბებით. ფადოს და ფლამენკოს სტილის მუსიკის მსმენელები საქართველოში ცოტანი არიან, მაგრამ მათთვის პატარ-პატარა პერფომანსებს მაინც "ვაკეთებთ".
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)