ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, მათ შორის გაუპატიურებაში ბრალდებული 4 პირი დაკავებულია, - ამის შესახებ დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებული არიან ქუთაისის საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულს სჩადიოდნენ ქუთაისის N16 საპყრობილის ტერიტორიაზე.
შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.