არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, იყვნენ პოლიტიკოსები და ერთ სიტყვას არ ამბობენ პუტინზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
ვანო მერაბიშვილმა სოხუმის დაცემიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. პრემიერი გმირთა მოედანზე წუხელ ღამით მივიდა და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა.
"დღესაც საქართველო დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი არის ძალიან სერიოზული, რადგან პოლიტიკურ ელიტაში კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს. ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აპირებენ საქართველოში დააბრუნონ კანონიერი ქურდები, ადამიანები, რომლებსაც გეგმაში აქვთ აღადგინონ "მხედრიონის" ტიპის დაჯგუფებები. უფრო მეტიც, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია იყვნენ პოლიტიკოსები და ერთ სიტყვას არ ამბობენ პუტინზე. ერთ სიტყვას არ ამბობენ ოკუპანტებზე და უნდათ მოტყუებით, მოქრთამვით, მოსყიდვით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შებღალონ თითოეული იმ ადამიანის ხსოვნა, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. გათელონ ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და საქართველო კვლავად აქციონ რუსეთის ღარიბ იმპერიად", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
პრემიერის აზრით, ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთთან დამეგობრება და შეერთება ქვეყანა სიკეთეს მოუტანს, ძალიან ცდება, რადგან მერაბიშვილის აზრით, რუსეთთან შეერთებული საქართველო იქნება მისი ღარიბი გუბერნია.
ამასთან, პრემიერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებს და აღნიშნა, რომ ეს პირადად მისი შეურაცხყოფა იყო.
"ვამაყობ, რომ შემიძლია თამამად გავუშვა ჩემი შვილი ქუჩაში და არ შემეშინდება, რომ ჩემი შვილი გახდება ნარკომანი და მოხვდება ცუდ წრეში. მე ვამაყობ, რომ თბილისის "პადიეზდებში" აღარ ყრია შპრიცები, ვამაყობ, რომ არც ერთ პოლიციელებს აზრად არ მოუვა ქრთამი გამოართვას საქართველოს მოქალაქეს. მე რა თქმა უნდა, გული მეტკინა, როცა ვნახე კადრები, როგორ აწამებენ ჯალათები ციხეში პატიმრებს. ეს იყო ჩემი პირადი შეურაცხყოფა, რადგან მე 7 წელი ვაშენებდი შუშის გამჭვირვალე პოლიციის შენობებს და ჩემი 7 წლის ნამუშევარი ვიღაცეების თვალში წყალში ჩაიყარა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საზოგადოება ასე გამოეხმაურა პატიმართა წამების ფაქტებს, იმაზე მეტყველებს, რომ "ჩვენ წინ წავედით".